ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების, Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს პროექტმა Anana Kaye მარტში ახალი ალბომი Are You There? გამოუშვა. ცოტა ხნის წინ კი დუეტმა ალბომის წამყვანი სინგლის, Cordelia-ს მუსიკალური ვიდეო წარადგინა.
კლიპი ვიზუალური სიმბოლოებითა და სივრცითი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც სიმღერას განსაკუთრებულ ემოციურ და ესთეტიკურ სიღრმეს სძენს.
ნამუშევრის იდეისა და გადაღების პროცესის შესახებ Billboard Georgia-ს Irakli Gabriel ესაუბრა:
Irakli Gabriel:
„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის” პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა – პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.
კლიპი კი რამდენიმე ადგილზე არის გადაღებული – ხერთვისის ციხესიმაგრესთან, თბილისის გარეუბნებში, საბჭოთა კავშირის დროინდელ ნანგრევებში, აგრეთვე ნიუ-მექსიკოში, სანტა-ფესთან და ჩვენთან სტუდიაში, ნეშვილში (ტენესი).
ანანამ კლიპზე მუშაობა საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო, ქართველ ხელოვანთან და დიზაინერთან, Ana Dvali-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კლიპში ანას ხელნაკეთი ნიღბები და სამოსიც არის წარმოდგენილი. შემდეგ მე და ანანამ ერთად გადავიღეთ სიუჟეტები ნიუ-მექსიკოში და ნეშვილში, ბოლოს კი გადაღება ანანამ დაასრულა ცოტა ისევ თბილისში ყოფნისას, სტუდიაში და სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზში. მონტაჟიც სრულად მას ეკუთვნის. კლიპის რამდენიმე სიუჟეტი ინსპირაციიას იღებს ასევე სერგო ფარაჯანოვის ფილმიდან “ბროწეულის ფერი.”
ვიდეოკლიპი თავისი კონცეფციით, კოსტიუმებითა და კადრების დინამიკით სრულად ასახავს იმ მისტიკურ და ემოციურ ატმოსფეროს, რაც მთლიანად პროექტს ახასიათებს.
ნახეთ Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia.