2026 წლის ამერიკის მუსიკალურ დაჯილდოებას, რომელიც 25 მაისს ლას-ვეგასში გაიმართა, არ ჰყოლია ერთი მთავარი გამარჯვებული. ნაცვლად ამისა, შვიდმა არტისტმა თანაბარი, სამ-სამი ჯილდო მოიპოვა. ესენი არიან: ბრუნო მარსი, BTS, ქარდი ბი, KATSEYE, საბრინა კარპენტერი, HUNTR/X და Sombr.
თუმცა ერთი არტისტისთვის საღამო განსაკუთრებით წარუმატებელი აღმოჩნდა – ტეილორ სვიფტი, რომელიც 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი, საბოლოოდ ჯილდოს გარეშე დარჩა. თუმცა, მიუხედავად წლევანდელი წარუმატებლობისა, სვიფტი ისტორიაში ყველაზე მეტ, 40 AMA-ს მფლობელად რჩება.
წლის არტისტის წოდება უკვე მეორედ დაიმსახურა BTS-მა. პირველად ჯგუფმა ჯილდო 2021 წელს მოიგო. მათ ასევე გაიმარჯვეს ნომინაციებში: ზაფხულის სიმღერა და საუკეთესო K-პოპ არტისტი.
საუკეთესო მამაკაცი არტისტის ნომინაცია ჯასტინ ბიბერმა მოიგო, რითაც მისმა ამერიკის მუსიკალური ჯილდოების რიცხვმა 19 შეადგინა.
წლის ახალი არტისტი KATSEYE გახდა. ჯგუფი თებერვალში ამავე ნომინაციაზე გრემიზეც იყო წარდგენილი, თუმცა ოლივია დინთან დამარცხდა. KATSEYE ასევე გახდა საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და ყველაზე წარმატებული პოპარტისტის ნომინაციების გამარჯვებული.
HUNTR/X-ის Golden-მა წლის სიმღერის ნომინაცია მოიგო. მანამდე ამავე კატეგორიაში ჯგუფმა გრემი და ოსკარი დაიმსახურა. HUNTR/X-მა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო ვოკალური შესრულებისა და საუკეთესო პოპსიმღერის ნომინაციებში.
სამი ჯილდოს მფლობელი გახდა Sombr-იც – საუკეთესო როკ/ალტერნატიული სიმღერა Back to Friends-ისთვის, საუკეთესო როკ/ალტერნატიული ალბომი I Barely Know Her-ისთვის და ყველაზე წარმატებული როკ/ალტერნატიული არტისტი.
ბრუნო მარსი გახდა საუკეთესო მამაკაცი R&B არტისტი, ასევე საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო R&B ალბომის ჯილდოების მფლობელი.
რაც შეეხება ქარდი ბის, მან საუკეთესო ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტის წოდება მოიპოვა, ასევე დაიმსახურა ჯილდოები საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერისა და საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომისთვის.
საბრინა კარპენტერმა კი წლის ალბომის, საუკეთესო ქალი პოპარტისტისა და საუკეთესო პოპალბომის ნომინაციები მოიგო.
სვიფტი არ ყოფილა ერთადერთი არტისტი, რომელსაც, ბევრი ნომინაციის მიუხედავად, წლევანდელ ცერემონიაზე ჯილდო არ ერგო. პრიზის გარეშე ასევე დარჩნენ: ოლივია დინი, რომელიც შვიდ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ალექს უორენი და ლეგი გაგა, რომლებიც 6-6 ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილნი.
კეროლ ჯის Tropicoqueta საუკეთესო ლათინური ალბომი გახდა, რომელმაც, სხვებთან ერთად, როსალიას Lux-იც დაამარცხა. სწორედ Lux მიიჩნევა მომავალი გრემის მომდევნო დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ.
ზარა ლარსონმა მოიგო წლის კოლაბორაციისა და წლის ყველაზე წარმატებული ალბომის ჯილდოები. Twenty One Pilots-მა ზედიზედ მეორედ დაიმსახურა საუკეთესო როკ/ალტერნატიული არტისტის წოდება, ხოლო The Black Eyed Peas-ის Rock That Body საუკეთესო ძველი ჰიტის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. სიმღერა ჯგუფის მეხუთე სინგლია 2010 წლის ალბომიდან The E.N.D.
ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების 52-ე ცერემონიას Queen Latifah უძღვებოდა. ღონისძიება გულშემატკივართა ხმებზე დაფუძნებული ყველაზე დიდი დაჯილდოების ცერემონიაა მსოფლიოში. ის 1974 წელს ლეგენდარულმა პროდიუსერმა დიკ კლარკმა დააფუძნა.
ამერიკის მუსიკალური დაჯილდოება Penske Media Eldridge-ს ეკუთვნის, რომელიც „ბილბორდის” მშობელი კომპანიის”, Penske Media-სა და Eldridge Industries-ის ერთობლივი პროექტია.