ზიგი მარლიმ რვა წლის შემდეგ პირველად გამოუშვა სრული სოლო ალბომი, სახელწოდებით Brightside,  „ამ ალბომს ისე ვუსმენ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს.“ – ამბობს ის

არტისტი უკვე მომდევნო ალბომზეც მუშაობს. წაიკითხეთ Billboard-ის ინტერვიუ ზიგი მარლისთან.
ზიგი მარლი Tuff Gong Worldwide/Zach Weinberg
ზიგი მარლი
Tuff Gong Worldwide/Zach Weinberg

ზიგი მარლის ბოლო სრულფასოვანი სოლო სტუდიური ალბომის შემდეგ, გრემის ცხრაგზის მფლობელმა რეგი-ვარსკვლავმა გადაიტანა COVID-19, იმუშავა თავისი გარდაცვლილი მამის, ბობ მარლის ბიოგრაფიულ ფილმზე, რომელმაც კინოგაქირავებაში რეკორდი მოხსნა, და გამოსცა ვარსკვლავური დუეტების ალბომი, სადაც მონაწილეობდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან ტომ მორელო, ბასტა რაიმსი და შერილ ქროუ.

ბუნებრივია, ამ გამოცდილებების შემდეგ ახალი ეტაპის დრო დადგა. სწორედ ამიტომ ზიგი მარლი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და შექმნა Rebel Lion Studio – სივრცე, რომელიც მისთვის იდეალურ გარემოდ იქცა თავისუფალი ექსპერიმენტებისთვის, მათ შორის 432 ჰერცზე ჩანაწერების გაკეთებისთვის.

ეს სწორედ ის ბგერითი სიხშირეა, რომელიც საფუძვლად უდევს მის მშვიდ, თუმცა მეამბოხე სულისკვეთების ალბომს – Brightside.

ზიგი მარლის რვა კომპოზიციისგან შემდგარი ახალი ალბომი მსმენელს ზედმეტად არ ტვირთავს, პირიქით, ნამუშევარი მსუბუქი და ჰაეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა. ჩანაწერში პირადი, სიღრმისეული აღსარებები მსოფლიო მუსიკით შთაგონებულ roots reggae-ს საფუძვლებს ერწყმის და საბოლოოდ ოპტიმისტურ, ენერგიით სავსე გამოცდილებად ყალიბდება.

ალბომის ერთ-ერთ გამორჩეულ ტრეკში Why Let the World მონაწილეობენ გრემის მფლობელი მუსიკოსები Sheila E. და ტრომბონ შორთი, ხოლო სხვა კომპოზიციებში ასევე ჩართულნი არიან პოპ-სოულ ვოკალისტი ნიკი კოსტა და უკულელეს ვირტუოზი ჯეიკ შიმაბუკურო.

„მაიკ შუპანმა, რომელიც ალბომის ხმის ინჟინერი იყო, სტუდია სწორედ მაშინ მოაწყო, როცა Brightside-ის ჩაწერას ვიწყებდით. ეს საკუთარი სახლის აშენებას და შემდეგ მასში ცხოვრებას ჰგავს,“ – ამბობს ზიგი მარლი Billboard-თან.

Brightside თავდაპირველად მხოლოდ ვინილის სახით, Record Store Day-ზე, 18 აპრილს გამოვიდა, რასაც თან ახლდა ავტოგრაფების სესია ლოს-ანჯელესის ცნობილ მაღაზიაში Licorice Pizza. 1 მაისს კი ალბომი სტრიმინგ პლატფორმებზეც გამოჩნდა, რასაც დაემატა სიმღერა Racism Is a Killa-ს განახლებული ვერსია, რომელშიც Big Boi მონაწილეობს.

არტისტი თავის მეცხრე სოლო ალბომს 20 კონცერტიანი Brightside Tour-ით დაუჭერს მხარს, რომელიც 19 ივნისს ტუსონში (არიზონა), Fox Theatre-ში დაიწყება და 22 ივლისს ნანტაკეტში (მასაჩუსეტსი) დასრულდება. ცალკეულ თარიღებზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ჰავაური რეგის არტისტი J Boog-იც გამოჩნდება.

ინტერვიუში ზიგი მარლი ასევე განსაკუთრებული ემოციით საუბრობს კომპოზიციაზე Many Mourn for Bob, აღნიშნავს მისი კლასიკური, 2006 წლის ალბომის Love Is My Religion-ის 20 წლის იუბილეს და გვიზიარებს სამომავლო გეგმებს მომდევნო ჩანაწერზე. 

როდის იგრძენით, რომ ახალი ალბომი იქმნებოდა?

ზიგი მარლი: სიმღერების წერა მაშინ დავიწყე, როდესაც ბობ მარლის ფილმის გადასაღებ მოედანზე ვიყავი, დაახლოებით სამი წლის წინ. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებდი წერას, რადგან ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი და სწორედ ამან შთამაგონა ისეთი სიმღერების შექმნა, როგორებიცაა Why Let the World და Jah We Give Glory. უბრალოდ მინდოდა, ჩემი თავი მუსიკით გამომეხატა, რამაც საბოლოოდ სიმღერა Many Mourn for Bob-ამდე მიმიყვანა. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო.

ასევე ვიგრძენი, რომ ახალი ალბომის დროც დადგა. მიყვარს ალბომებზე მუშაობა, თითქმის რვა წელი გავიდა, რაც მსგავსი ფორმატის ნამუშევარი არ შემიქმნია. ახლა უკვე საკუთარი სტუდიაც მაქვს, ამიტომ ეს ჩანაწერი პირველია, რომელიც იქ ჩაიწერა.

რა შეიცვალა Brightside-ზე მუშაობის პროცესში?

ეს არის პირველი ალბომი, რომელიც 432 ჰერცზე ჩავწერე, ეს ის სიხშირეა, რომელზეც ახლა ვმუშაობ. სტანდარტული მუსიკალური სიხშირე 440 ჰერცია. ტურნეს დროს 432 ჰერცზე მუშაობა ვცადე და უბრალოდ ძალიან მომეწონა. რაც შეეხება მის ეფექტზე არსებულ მოსაზრებებს, თითქოს ის ადამიანის ბუნებრივ ვიბრაციასთან უფრო ახლოსაა და მედიტაციაშიც გამოიყენება, ჩემთვის მაინც მთავარი პირადი გამოცდილებაა. მე რომ ეს თავად არ მეგრძნო, რა თქმა უნდა, არ გამოვიყენებდი. ახლა უკვე მხოლოდ ამ სიხშირეზე მუშაობას ვაგრძელებ.

გარდა ამისა, წარსულში სტუდიაში ხშირად ისე შევდიოდი, რომ სიმღერები ბოლომდე გააზრებული არ მქონდა, ამჯერად კი წინასწარ მკაფიოდ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. 

როგორ ფიქრობთ, ეს თქვენს შემოქმედებაში დახელოვნების შედეგია?

ზუსტად ასეა. განსხვავებული გზით მუშაობა ამ ალბომის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

ეს განსხვავებული მიდგომა ალბომის გამოშვების სტრატეგიაშიც გამოჩნდა. რატომ გადაწყვიტეთ ჯერ მისი  ფიზიკური სახით გამოცემა Record Store Day-ზე და მხოლოდ ამის შემდეგ ციფრულ პლატფორმებზე გამოსვლა?

ეს ალბომი თავიდანვე ვინილზე გამოსაშვებად იქმნებოდა. საერთოდ არ ვფიქრობდი, როგორ გაჟღერდებოდა ციფრულ ფორმატში. გარდა ამისა, გვინდოდა პატივი მიგვეგო იმ ადამიანებისთვის, ვინც ვინილს ყიდულობს, რადგან მე თავადაც ძალიან მიყვარს ვინილი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ადგილობრივ მაღაზიებს – ისინი არტისტებს ბევრად მეტად უდგანან გვერდში, ვიდრე სტრიმინგ პლატფორმები. თუ ტექნოლოგია ერთ დღესაც ჩამოიშლება, მუსიკაც გაქრება, მაშინ რას ვიზამთ? შენი მუსიკა შენ საკუთრებაში უნდა იყოს, რადგან სისტემამ შეიძლება ნებისმიერ დროს წაგართვას იგი.

რომელი სიმღერა იყო თქვენთვის ემოციურად ყველაზე რთული?

Many Mourn for Bob ყველაზე ემოციური კომპოზიციაა. ამ სიმღერასთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს. როდესაც მას ვწერდი, რა თქმა უნდა, იყო სევდაც, თუმცა ამავდროულად გათვითცნობიერებაც. ეს იმ მომენტს ჰგავს, როდესაც აცნობიერებ, რომ სუპერმენსაც აქვს თავისი სისუსტეები და ისიც არ არის ყოვლისშემძლე. ძალიან უცნაური განცდაა.

როგორ მოხვდნენ Sheila E. და ტრომბონ შორტი სიმღერაში Why Let the World?

თავიდან ამ ტრეკზე სხვა დრამერი გვყავდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც უფრო მსუბუქი და ცოცხალი გვჭირდებოდა. ამიტომ Sheila-ს დავუკავშირდით, მოვიდა და მაშინვე მითხრა: „აქ კარგი პერკუსიონისტი გჭირდებათ.“ უბრალოდ გაოგნებული დავრჩი, ის იმაზე ბევრად უფრო ძლიერი არტისტია, ვიდრე ხალხს ჰგონია, ის სულიერი მუსიკოსია, მე კი ზუსტად ასეთი მუსიკოსები მიყვარს, როცა ყველაფერი ბუნებრივად, სუფთა ემოციით და გრძნობით ხდება.

ტრომბონ შორტთან რამდენიმე წლის წინ ტურნეზე ვიყავი და მაშინვე დავახლოვდით. ვიგრძენი რომ ამ ჩანაწერს ნიუ-ორლეანური ჩასაბერი ინსტრუმენტების აურა აკლდა. ტრომბონმა სწორედ ეს განწყობა შემოიტანა და ამ იდეის განხორციელებაში დამეხმარა. მალე მასთან ერთად რამდენიმე კონცერტიც მექნება. სამომავლოდ Sheila-სთანაც აუცილებლად დავგეგმავ თანამშრომლობას.

წელს ასევე 20 წელი სრულდება თქვენი ალბომის,  Love Is My Religion-ის გამოცემიდან. რა არის თქვენი საყვარელი მოგონება იმ პერიოდიდან და რას ნიშნავს ეს ჩანაწერი თქვენთვის?

ეს ალბომი ჩემს სახლში ჩავწერე, ბევერლი ჰილზში არა, მაგრამ ახლოს ამავე ტერიტორიაზე. პატარა საოჯახო სასტუმრო  მქონდა, რომლის უკანა ეზოშიც მე და ჩემმა ხმის ინჟინერმა სიმღერები ჩავწერეთ. დღევანდელთან შედარებით ძალიან მცირე მასშტაბის პროექტი იყო.

მახსოვს, იმ პერიოდში ვიღაცას ვუთხარი ფრაზა Love is my religion და ამან თითქოს სინათლის სიჩქარით გადამისროლა წინ. ეს არ იყო წინასწარ გააზრებული ნათქვამი, უბრალოდ თავისით მოვიდა.

იმდენად მარტივად ჟღერდა, რომ Google-შიც კი გადავამოწმე. მეგონა, უკვე ვინმეს ექნებოდა გამოყენებული. ვერ დავიჯერე, რომ პირველი ვიყავი, ვინც ეს მუსიკაში ჩადო. მოგვიანებით ლენი კრავიცმა გამოუშვა სიმღერა იგივე სათაურით, მაგრამ იმ მომენტში ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, საკუთარ თავში სულიერად რაღაც ახალი აღმოვაჩინე, ვიპოვე ჩემი ფილოსოფია. ეს იყო სამყაროს ნიშანი, რომელმაც ჩემი მისია დამანახა. ამ მანტრამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

როგორ ფიქრობთ, რა მხრივ აგრძელებს Brightside იმ შემოქმედებითი გზის განვითარებას, რომელიც ალბომ Love Is My Religion-ით დაიწყეთ?

Brightside შემდეგი ნაბიჯია. ეს ალბომი, რეალურად, ჩემთვის გავაკეთე. ამაზე აქამდე ასე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვხვდები. ეს მუსიკა საკუთარი თავისთვის შევქმენი, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვებსაც ვუზიარებ. ამ ალბომს ისე ვუსმენ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს.

 კიდევ რას უნდა ველოდოთ თქვენგან 2026 წელს?

ფაქტობრივად, ერთი პროექტის შემდეგ მეორეს მიყოლებით ვაკეთებ. ეს არ იქნება კიდევ ერთი Brightside, მე არ ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე. ასევე მინდა ვიზუალურ მიმართულებასაც უფრო აქტიურად შევეხო. ვგრძნობ, რომ ეს სურვილი ჩემში იზრდება.

ფიქრობთ, რომ ოდესმე ვიზუალურ ალბომს შექმნით?

ეს არასდროს გამიკეთებია. კარგი აზრია, მომწონს. ასე რომ, თვალი გვადევნეთ!

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგოს ბარსელონას შოუ საკონცერტო ფილმად გადაიქცევა

შემდეგი სტატია

დრეიკი პირველი არტისტი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ში 400 სიმღერა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი