„უსასრულო” – ჭექა-ქუხილი რუსთაველის თეატრის სცენაზე

საქართველოს ცნობილი ჩინური საცეკვაო კომპანია LDTX ეწვია.
LDTX – „უსასრულო”

ერთი და იგივე, განმეორებადი მოძრაობა – სცენაზე მდგომი მოცეკვავეთა ჯგუფი სინქრონში ერთ ჟესტს ასრულებს, რომელსაც რამდენიმე წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ იმეორებს, შემდეგ კი სხვა მოძრაობაზე გადადის. ციკლი თითქოს უსასრულოა. თუმცა ამ უწყვეტ გამეორებაში დგება მომენტი, როცა ერთ-ერთი მოცეკვავე ჯგუფს გამოეყოფა, საერთო რიტმს არღვევს და თავისუფალ მოძრაობას იწყებს, საბოლოოდ კი ისევ კოლექტიურ დინებას უბრუნდება. ასე გრძელდება უსასრულოდ.

თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ძლიერი მუსიკალური გაფორმების მეშვეობით, ჩინურმა საცეკვაო კომპანიამ BeijingDance/LDTX ეს იდეა თავის უახლეს დადგმაში წარმოადგინა, სახელწოდებით „უსასრულო“. საქართველოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრის მოწვევით, დასმა წარმოდგენა რუსთაველის თეატრის სცენაზე გამართა. სპექტაკლი ახალგაზრდა ქორეოგრაფმა ფენგ სიაო-მინმა დადგა.  

„ეს არის აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც მთლიანად მოძრაობაზეა აგებული,” – ამბობს Billboard საქართველოსთან საუბარში LDTX-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩინეთსა და ჰონგ-კონგში თანამედროვე ცეკვის პიონერი ვილი ცაო. „მისი სტრუქტურიდან ჩანს, თუ როგორ აღიქვამს ქორეოგრაფი სამყაროს განვითარებისა და ცვლილების პროცესს. წარმოდგენის შუაში გვაქვს ძალიან ლამაზი დუეტი, რომელიც უფრო ემოციურია, მაშინ, როდესაც დასაწყისი და დასასრული ძირითადად უფრო მოძრაობაზეა ორიენტირებული. ეს მოძრაობები მუდმივად იცვლება და ხედავ, რომ სამყარო ვითარდება და ამას დასასრული არ აქვს. თითოეულმა აუდიტორიამ, ვინც ეს სპექტაკლი ნახა, წარმოდგენის მესიჯი სხვადასხვანაირად აღიქვა. ვფიქრობ, ის ინტერპრეტაციისთვის ღიაა.”

ქართულმა აუდიტორიამ ერთსაათიან წარმოდგენას ერთი ამოსუნთქვით უყურა. მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ გაიგო სპექტაკლის სათქმელი, ცეკვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უნივერსალური ენაა, რომელიც სცენიდან მაყურებლამდე ყოველგვარი ბარიერის გარეშე აღწევს.

„ჩვენთვის ცეკვა უხმო ენაა. როდესაც ლაპარაკობ, რა თქმა უნდა, გინდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი თქვა, მაგრამ შენი გზავნილი სხვადასხვაგვარად აღიქმება იმის მიხედვით, თუ ვინ იღებს მას. ზოგჯერ სიტყვაც კი შეიძლება დამაბნეველი იყოს. მაგალითად, თუ ვამბობ, რომ კარგი დღეა, მე შეიძლება წვიმიანი დღეს ვგულისხმობ მაშინ, როცა სხვას მზიანი ამინდი წარმოუდგენია. მოძრაობის იდეა კი ძალიან პირდაპირია, რადგან მე იმას ვაკეთებ, რასაც ვგრძნობ. ხოლო როცა მაყურებელი ამ მოძრაობას უყურებს, მისგან იმას იღებს, რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი. არ არის აუცილებელი, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ კომუნიკაცია მაინც დგება და სწორედ ეს არის მთავარი.”

LDTX აკრონიმია (Lei Dong Tian Xia) და ითარგმნება, როგორც ჭექა-ქუხილი, რომელიც მთელ სამყაროს აზანზარებს/ჭექა-ქუხილი ცისქვეშეთში. ის ჩინეთში თანამედროვე ცეკვის პირველი დამოუკიდებელი კომპანიაა, თუმცა ვილი ცაოს აზრით, დამოუკიდებლობა არ გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას, რადგან ეს უკანასკნელი ხელოვნებაში არ არსებობს. 

„სამყაროს არცერთ ნაწილში არ არსებობს სრული თავისუფლება, რადგან შენ ყოველთვის უნდა გაითვალისწინო საზოგადოება. როდესაც საზოგადოებასთან გაქვს ურთიერთობა, უკვე იცი, სად გადის ზღვარი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვცდილობთ ეს საზღვრები მოვსინჯოთ და ცოტა უფრო შორს წავიდეთ, მაგრამ ეს ხაზები ყოველთვის არსებობს. არ არის აუცილებელი, რომ ეს შეზღუდვები მმართველობისგან მოდიოდეს – საზღვრებს თავად საზოგადოებაც აწესებს.”

ვილი ცაო და დავით საყვარელიძე

საქართველოში დასმა ორი წარმოდგენა გამართა – გურჯაანსა და თბილისში. ვილი ცაოს სწორედ თბილისის წარმოდგენის წინ შევხვდით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც წარმოდგენას ახალ, განსხვავებულ ქვეყანაში ვმართავთ. ჩინეთში ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ჩვენს აუდიტორიას, მაგრამ ახალი მაყურებლის წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესოა. მოლოდინები წინასწარ არ მაქვს, თუმცა გურჯაანში გამართული წარმოდგენით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად გაოცებული დავრჩი. სრული ანშლაგი გვქონდა და წარმოდგენის დასასრულს მაყურებელი ფეხზე მდგომი ოვაციებით შეგვხვდა. პატარა ქალაქში ასეთ დახვედრას არ ველოდი. ასე რომ, წინასწარ არასდროს იცი, რას უნდა ელოდო…”

თუმცა კითხვას პასუხი ფინალური ტაქტისთანავე გაეცა. მაყურებელმა დასი ერთხმად, ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ფეხზე მდგომი ოვაციებით დააჯილდოვა იმ ენერგიისთვის, რომელმაც მთელ დარბაზს მართლაც ჭექა-ქუხილივით გადაუარა და მაყურებელს „უსასრულო” ემოციები აჩუქა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

YE-ს კონცერტი „დინამო არენაზე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი