„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
ციცი იაშვილი

უკვე 20 წელია, ციცი იაშვილი მუსიკალური ღონისძიებების ინდუსტრიის ცენტრშია. ის Starring Georgia-ს კრეატიული ხელმძღვანელია და ყველა იმ მასშტაბური ღონისძიების უკან დგას, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში გამართულა. 

ახლახან კი მან თავისი გამოცდილების წიგნად გამოცემა გადაწყვიტა. „Backstage – სცენის მიღმა ამბები” გვიყვება ავტორის პროფესიულ და პირად ისტორიებს და გვახედებს საერთაშორისო ღონისძიებების კულისებში – იქ, სადაც ყველაზე მთავარი პროცესები მიმდინარეობს. 

რა ხდება ლამაზი განათებებისა და აპლოდისმენტების მიღმა – ადამიანები და ისტორიები, რომლებიც თითოეული დიდი შოუს უკან დგას – ციცი იაშვილი წიგნად ქცეულ გამოცდილებაზე Billboard საქართველოსთან ინტერვიუში საუბრობს.

ციცი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი 20-წლიანი გამოცდილება სწორედ ახლა, წიგნის ფორმატით გაგეზიარებინათ მკითხველისთვის?

ამ ინდუსტრიაში უკვე 20 წელია ვარ და ამ დროის განმავლობაში თითქმის ყველაფერი მინახავს: ტრიუმფიც, იმედგაცრუებაც, სკანდალებიც, გამარჯვებებიც და ისეთი მომენტებიც, რომლებიც მაყურებლამდე არასოდეს მიდის. ერთ დღეს მივხვდი, რომ თუ ამ ამბებს არ დავწერდი, ისინი უბრალოდ დაიკარგებოდა.

ეს წიგნი ჩემი ავტობიოგრაფია არ არის. ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდ შოუს უკან დგას.

20 წლის განმავლობაში უამრავი ისტორია დამიგროვდა, მაგრამ წიგნის დაწერის მთავარი მიზეზი მხოლოდ მათი გაზიარება არ ყოფილა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დამეტოვებინა მასალა, რომელიც მომავალ თაობას გასართობი ინდუსტრიის რეალურ სახეს აჩვენებდა. ამ სფეროში გარედან ხშირად მხოლოდ განათება და აპლოდისმენტები ჩანს, სინამდვილეში კი მის უკან დგას უზარმაზარი შრომა, პასუხისმგებლობა, სტრესი და გადაწყვეტილებები, რომლებიც წამებში მიიღება. თუ ამ რეალობაზე არ ვისაუბრებთ, მომავალ თაობებს ამ პროფესიაზე ყოველთვის არასრულყოფილი წარმოდგენა ექნებათ.

ამ წიგნის დაწერის კიდევ ერთი, პირადი მიზეზიც მქონდა: როგორც მენტორს/ლექტორს და ადამიანს, რომელსაც მომავალში ახალი თაობის არაერთ წარმომადგენელთან მოუწევს მუშაობა, მინდოდა მათთვის შემექმნა რესურსი, რომელიც ქართულ ენაზე, მათთვის გასაგები ენით მოუყვებოდა, სინამდვილეში რას ნიშნავს მუსიკის რიტმით ცხოვრება და მუშაობა. „Backstage – სცენის მიღმა ამბები“ მხოლოდ ჩემი ისტორია არ არის. ეს არის მცდელობა, დავტოვო გამოცდილება, რომელიც სხვებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ ეს პროფესია – არა მითებით, არამედ რეალური ამბებით. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ოდესღაც ამ წიგნს დავწერდი. უბრალოდ არ ვიცოდი, როდის დადგებოდა ეს დღე. უფრო სწორად, არ ვიცოდი, როდის გავბედავდი.

რეალობა ილუზიის მიღმა: წიგნში წერთ, რომ ბექსთეიჯი არ არის წარმატების რომანტიზებული ისტორია. როდის იქცა თქვენთვის ეს „ბავშვობის ოცნება“ რთულ პასუხისმგებლობად და რა არის ინდუსტრიის შესახებ ის მთავარი ილუზია, რაც გარედან მაყურებელს აქვს?

ალბათ იმ დღეს, როცა მივხვდი, რომ ამ საქმეში წარმატება ტაშით არ იზომება. წარმატებაა ის, როცა ღონისძიება სრულდება, მაყურებელი სახლში ბედნიერი მიდის და ვერც კი ხვდება, რამდენი გამოწვევა გადაილახა იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალურად ჩატარებულიყო.

გარედან ჩვენი სფერო მიმზიდველად გამოიყურება – ცნობილი არტისტები, დიდი სცენები, შთამბეჭდავი შოუები. მაგრამ სინამდვილეში ეს პროფესია, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. შენ პასუხისმგებელი ხარ ადამიანებზე, უსაფრთხოებაზე, ასობით დეტალზე და ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც წამებში უნდა მიიღო.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი ილუზია ის არის, რომ ადამიანები მხოლოდ სცენას ხედავენ. მე კი უკვე წლებია, სცენის უკან ვდგავარ და ვიცი, რომ ნამდვილი ამბები სწორედ იქ იწერება – იქ, სადაც არ არის კამერები, არ არის აპლოდისმენტები, მაგრამ არის გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაყურებელმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს.

სწორედ ამიტომ ჰქვია წიგნს „Backstage – სცენის მიღმა ამბები“. მინდოდა, მომეყოლა არა მხოლოდ ის, რაც ყველამ ნახა, არამედ ისიც, რაც, ჩვეულებრივ, არასოდესს ჩანს.

ხმაურიანი საქმეები: წიგნში ეხებით ყველასთვის ცნობილ მოვლენებს, რომლებზეც მედია ბევრს წერდა. რას დაინახავს მკითხველი სრულიად განსხვავებულს ამ „მითქმა-მოთქმის“ რეალურ კულისებზე?

გახმაურებული ამბები ხშირად მხოლოდ იმით გვამახსოვრდება, რაც ტელევიზორში ვნახეთ, საინფორმაციო სათაურში წავიკითხეთ, ან ტელეფონში დავსქროლეთ. მაგრამ მე ამ მოვლენებს სხვა ადგილიდან ვუყურებდი – იქიდან, სადაც ისინი რეალურად ვითარდებოდა. ამ წიგნში მკითხველი არ შეხვდება მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებებს, პირიქით, ის დაინახავს, რამდენად რთული, მრავალშრიანი და ადამიანურია თითოეული ისტორია. ბევრ შემთხვევაში ერთი საჯარო მოვლენის უკან დგას თვეების შრომა, მძიმე გადაწყვეტილებები, შეცდომები, ემოციები და ადამიანები, რომელთა შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის.

მკითხველი დაინახავს იმას, რაც კამერებში არასოდეს ხვდება – როგორ მიიღება რთული გადაწყვეტილებები, როგორ მუშაობს გუნდი კრიზისის დროს, როგორია ზეწოლა, როდესაც შეცდომის უფლება პრაქტიკულად არ არსებობს და როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, მარტივ ამბავს ათობით უხილავი მიზეზი ჰქონდეს.

ვფიქრობ, ამ წიგნის ყველაზე დიდი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ის ფაქტებს ადამიანურ გამოცდილებასთან აკავშირებს. იპოვის არა ჭორს, არამედ კონტექსტს. და ხშირად სწორედ კონტექსტი ცვლის ისტორიის აღქმას.

კრიზისი და სტრესი: საერთაშორისო კონცერტების ორგანიზებისას არაერთი კრიზისული სიტუაცია გაგივლიათ. შეგიძლიათ გაიხსენოთ მომენტი, როცა სცენაზე ყველაფერი იდეალურად იყო, კულისებში კი ღონისძიების გადარჩენის ბედი წყდებოდა?

ასეთი მომენტები გაცილებით ხშირია, ვიდრე მაყურებელმა შეიძლება წარმოიდგინოს. თითქმის ყველა დიდ პროექტს აქვს თავისი უხილავი კრიზისი, რომლის შესახებაც დარბაზში მყოფი ადამიანები ვერასდროს იგებენ.

სწორედ ეს არის ჩვენი პროფესიის მთავარი პრინციპიც – თუ მაყურებელმა პრობლემა შეამჩნია, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ. ჩვენი საქმეა, ნებისმიერი სირთულე კულისებში დარჩეს, ხოლო სცენაზე მხოლოდ შედეგი გამოჩნდეს.

წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა რამდენიმე წამში მიღებულ გადაწყვეტილებას მთელი ღონისძიების ბედი გადაუწყვეტია. ასეთ დროს ემოციებისთვის ადგილი აღარ რჩება – მხოლოდ პასუხისმგებლობა, გამოცდილება და სწრაფი რეაგირება მუშაობს. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის იყო, რაც ამ კრიზისების შემდეგ რჩებოდა. ყოველი რთული გამოცდილება მაფიქრებდა, მასწავლიდა და მაიძულებდა, თავიდან გადამეხედა როგორც პროფესიისთვის, ისე საკუთარი თავისთვის.

სწორედ ამიტომ „Backstage – სცენის მიღმა ამბები“ არ არის მხოლოდ კულისების ისტორიების წიგნი. მას მეორე სახელად „ცხოვრებისეული ჩანაწერებიც“ შეიძლება ვუწოდოთ. მასში შევიტანე ჩემი პირადი ჩანაწერები და ის გააზრებები, რომლებიც ყველაზე რთულ მომენტებში გამიჩნდა. მჯერა, რომ ეს ფიქრები ბევრ მკითხველს გამოადგება არა მხოლოდ ღონისძიებების ინდუსტრიაში, არამედ საკუთარ პროფესიულ და პირად გზაზეც.

თუ წიგნის დახურვის შემდეგ ვინმე იფიქრებს, რომ კრიზისი დასასრული კი არა, ახალი გააზრების დასაწყისია, მაშინ ჩავთვლი, რომ „Backstage – სცენის მიღმა ამბებმა” თავისი მთავარი დანიშნულება შეასრულა.

გარდამტეხი მომენტი: ამ 20-წლიან გზაზე აღწერთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ისტორიებს. რა იყო თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი მარცხი ან კრიზისი, რომელმაც შემდეგში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მოგცათ?

როცა ჩემს გამოცდილებას გადავხედავ, ვხვდები, რომ ყველაზე დიდი გაკვეთილები წარმატებებს კი არა, კრიზისებს უკავშირდება. სწორედ ყველაზე რთულ მომენტებში ვისწავლე საკუთარი თავის თავიდან გაცნობა.

იყო პერიოდები, როცა ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. ყოფილა პროფესიული იმედგაცრუებაც, ადამიანური ტკივილიც და ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომელთა მიღებაც ძალიან მძიმე იყო. მაგრამ დღეს ვხვდები, რომ თითოეულმა ასეთმა გამოცდილებამ უფრო გამზარდა, გამაძლიერა და ბევრი რამ სხვანაირად დამანახა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ გზამ მასწავლა, არის ის, რომ მარცხი არ არის კარიერის დასასრული. ხშირად ის არის ადგილი, სადაც საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს უსვამ და საიდანაც ყველაზე დიდი ცვლილებები იწყება.

სწორედ ამიტომ, წიგნში მხოლოდ წარმატების ისტორიებს არ ვყვები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალური გულწრფელობით დამეწერა იმ პერიოდებზეც, როცა ყველაფერი იდეალურად არ იყო.

მჯერა, რომ ჩემ გარდა ბევრი ადამიანია – განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები – რომლებიც დღესაც გადიან მსგავს გამოწვევებს, ებრძვიან საკუთარ შიშებს, ეჭვებსა თუ იმედგაცრუებებს. თუ ჩემი გამოცდილება მათ დაეხმარება, თავი ნაკლებად მარტო იგრძნონ ან მისცემს შთაგონებას, ერთი ნაბიჯით მაინც წინ წავიდნენ, ჩავთვლი, რომ ამ წიგნმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება შეასრულა.

რჩევა ახალბედებს: რას ეტყვით მათ, ვისაც მხოლოდ პროფესიის „პირველადი ეფექტის” მხარე ხიბლავს და სფეროში შემოსვლას ახლა გეგმავს? რა არის ის მთავარი თვისება, უნარები, რაც ადამიანს „ბექსთეიჯში“ აუცილებლად სჭირდება?

ახალგაზრდებს, პირველ რიგში, იმას ვეტყოდი, რომ არასოდეს შეწყვიტონ ფიქრი და ოცნება. არ შეეშინდეთ დიდი მიზნების დასახვის და გაბედონ ყველაზე მიუღწეველ მწვერვალებზე ფიქრიც კი. ხშირად სწორედ ის ოცნებები, რომლებიც სხვებისთვის შეუძლებელი ჩანს, ჩვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება.

ამ გზაზე სირთულეები აუცილებლად იქნება, მაგრამ ძალიან ხშირად სწორედ რთული პერიოდები გარწმუნებს, რომ სწორ ადგილას ხარ. თუ ყველა დაბრკოლების მიუხედავად, მაინც გინდა გააგრძელო, ეს ნიშნავს, რომ შენი საქმე ნამდვილად იპოვე. და როცა დარწმუნდები, რომ ეს შენი გზაა, არასოდეს შეწყვიტო პროფესიული განვითარება. დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მხოლოდ მონდომება აღარ არის საკმარისი – აუცილებელია მუდმივად სწავლობდე, იზრდებოდე და რასაც აკეთებ, გულით და ძალიან კარგად აკეთებდე.

რაც შეეხება მათ, ვინც საკუთარ მომავალს კონკრეტულად ღონისძიებების ინდუსტრიაში ხედავს, ერთ რჩევას მივცემდი: სანამ ამ გზას აირჩევენ, ჯერ „Backstage“ წაიკითხონ. წიგნი სწორედ იმისთვის დავწერე, რომ ამ პროფესიის რეალური მხარე ვაჩვენო – მისი სირთულეები, პასუხისმგებლობა, გამოწვევები და ის სიხარულიც, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება. თუ წიგნის წაკითხვის შემდეგაც იგრძნობენ, რომ ეს მათი გზაა, მაშინ ეს გადაწყვეტილება უკვე გაცნობიერებული და მყარ საფუძველზე მიღებული იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„უსასრულო” – ჭექა-ქუხილი რუსთაველის თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი