VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი”

ქართულ მუსიკალურ სცენას კიდევ ერთი საინტერესო კოლაბორაცია შეემატა. მუსიკოსებმა VAQO-მ (ვახტანგ ქანთარია) და ალექსანდრე ხარანაულმა ერთობლივი ნამუშევარი – „სულის ლომბარდი“ წარადგინეს. კომპოზიცია, რომელსაც თავდაპირველად „სად გავყიდო სული“ ერქვა, ქართული ზღაპრის არქეტიპებს თანამედროვე საქართველოს სოციალურ რეალობასთან აკავშირებს და ერთგვარ მუსიკალურ იგავად აქცევს.

„სიმღერის იდეა იმ ზღაპრულ მოტივს ეფუძნება, სადაც მთავარი გმირი გამოუვალ მდგომარეობაში საკუთარ სულს ეშმაკს ან სხვა მითიურ არსებას მიჰყიდის. სული აქ ადამიანის ყველაზე ძვირფას საბოძვარს, მისი ცხოვრებისა და სიცოცხლის მთავარ არსს წარმოადგენს, მისი დათმობა კი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის უკანასკნელი გზაა.“ – ამბობს მუსიკოსი ალექსანდრე ხარანაული.

ალექსანდრე ხარანაული <br> ფოტო: Vaqo
ალექსანდრე ხარანაული
ფოტო: Vaqo

„სულის ლომბარდის“ სიუჟეტი XXI საუკუნის საქართველოში ვითარდება, როცა მისტიკური ნარატივი რეალობაში პოულობს ასახვას.

„სულის ლომბარდის“ ისტორია 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც ალექსანდრე ხარანაულმა VAQO-ს ახალი სიმღერის ჩაწერაში დახმარება სთხოვა. მაშინ ვახტანგ ქანთარია ერთ-ერთ რადიოპროექტზე მუშაობდა და სტუდიაში დიდ დროს ატარებდა.

როგორც VAQO იხსენებს, სწორედ ჩაწერის პირველივე დღეს მიხვდა, რომ საქმე განსაკუთრებულ კომპოზიციასთან ჰქონდა:

„ალექსანდრეს აქამდე მხოლოდ აკუსტიკური გიტარისტის ამპლუაში ვიცნობდი. როდესაც სტუდიაში კლავიშთან დაჯდა, ჩემთვის ეს დიდი აღმოჩენა იყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს კინოფილმის საუნდტრეკს ვუსმენდი, ძალიან კინემატოგრაფიული, ემოციური და შემტევი მუსიკა იყო.“ – VAQO.

VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი
VAQO – ვახტანგ ქანთარია
ფოტო: გიო მაჭავარიანი

ჩაწერის პროცესში სრულიად შემთხვევით დაიბადა სიმღერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალიც. როგორც VAQO იხსენებს, მორიგ ვოკალურ დუბლზე მუშაობისას მიკროფონის პარამეტრების შეცვლამ ალექსანდრეს ხმას განსხვავებული სიღრმე შესძინა და სწორედ ეს ჩანაწერი დარჩა საბოლოო ვერსიაში.

თავდაპირველად ჩანაფიქრი მხოლოდ პიანინოსა და ვოკალის ჩაწერა იყო, თუმცა სტუდიაში ახალი იდეაც გაჩნდა, რომ სიმღერა დუეტად ექციათ.

„სახლში რომ მოვუსმინე მხოლოდ პიანინოსა და ვოკალის ჩანაწერს, მალევე მივხვდი, როგორი არანჟირება სჭირდებოდა. დავამატე დასარტყამები, ბას-გიტარა, ელექტრო გიტარები, ბანჯო, ვერმონას ორღანი, სინთეზატორი და ბოლოს ჩემი ვოკალიც. რამდენიმე დღეში უკვე დასრულებული ვერსია გვქონდა.“ – ამბობს VAQO.

ჩაწერის პროცესს მუსიკოსი ალექსანდრე ხარანაულიც იხსენებს:

„აღარ მახსოვს, რა ფორმით, მაგრამ ვაქოსთან ალბათ დავიწუწუნე, ჩაწერას ვერ ვახერხებ მეთქი. მითხრა, მოდი, ჩაგაწერინებო. მუშაობა რომ დავიწყეთ, იქვე გაჩნდა აზრი, რომ თვითონაც ჩართულიყო. მე მარტო პიანინო და ვოკალი ჩავწერე და სიმღერა იყო ჩემი. ყველა  დანარჩენი ინსტრუმენტები ვაქომ ჩაწერა, დაადო, დამიქსა და ის გამოვიდა, რაც გამოვიდა.“

VAQO: „ერთ დღეს, თვეების შემდეგ, Google Drive-იდან სიმღერა ისევ გადმოვიწერე და ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი კარგი კომპოზიცია უპატრონოდ დარჩენილიყო. დაახლოებით ორ საათში ალექსანდრესგან შეტყობინება მივიღე: „ხომ არ დაგვედო ჩვენი სიმღერა?“ იმ დამთხვევამ გვაგრძნობინა, რომ დრო მოვიდა.“

რაც შეეხება ვიდეოკლიპს, არტისტებმა საბოლოო არჩევანი სიმარტივესა და ავთენტურობაზე შეაჩერეს.

VAQO: „კლიპის იდეა თეატრ „ჰარაკში” გაჩნდა, რამდენიმე დღით ადრე ჩემს კონცერტამდე. რაკი ვიცოდი, სცენა გვექნებოდა, გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა უბრალოება, მუსიკოსები, ინსტრუმენტები და ცოცხალი შესრულების ატმოსფერო. ასეთი ვიზუალი ყოველთვის უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე სიუჟეტური კლიპები. ოპერატორი ნიკოლოზ თაბუკაშვილი იყო, ხოლო მონტაჟი ნოდარ ნოზაძემ გააკეთა, მათთან ერთად „ჰარაკსაც” განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი.

ალექსანდრეს აქვს უბადლო ნიჭი, აკუსტიკურ გიტარაზე შექმნას საგიტარო ჩუქურთმები, ე.წ. რიფები. ახლა უკვე ცხადია, ეს კლავიშზეც მშვენივრად გამოსდის, მის საავტორო ხმასთან ერთად, მძლავრი, შევსებული ბასი, გარდამავალი ბგერებით, აი, თითქოს ლუდის დალევის შემდეგ რომ უბოხდებათ, ან მსგავსი…“

ალექსანდრე ხარანაულის თქმით, „სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს. 

„სიმღერა თანამედროვე ზღაპარია ადამიანზე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სამსახური დაკარგა, ვალებშია ჩაფლული, თამაშობს და მზად არის, ფულის სანაცვლოდ სული გაყიდოს. სწორედ ამ აზრის შემდეგ იწყება მისი გზა, დანარჩენი კი უკვე სიმღერის ტექსტშია.“ – ალექსანდრე ხარანაული.

VAQO-ს შეფასებით, კომპოზიცია დროთა განმავლობაში ჩვეულებრივ მუსიკალურ ნამუშევარს გასცდა და შემოქმედებითი ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა:

„მგონია, რომ „სულის ლომბარდი“ მხოლოდ სიმღერა აღარ არის. ეს შემოქმედებითი ნდობის ისტორიაა და იმ მოგონებების ნაწილი, რომლებიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ძვირფასი ხდება.“ – VAQO.

„სულის ლომბარდის“ მუსიკისა და ტექსტის ავტორი ალექსანდრე ხარანაულია, დამატებითი მუსიკალური და ტექსტობრივი ნაწილები, არანჟირება, პროდიუსინგი, მიქსინგი და მასტერინგი კი ვახტანგ ქანთარიას (VAQO) ეკუთვნის.

ჩანაწერზე ასევე მუშაობდა თამაზ კანდელაკი. ვიდეოს ავტორია ნიკოლოზ თაბუკაშვილი, მონტაჟი ნოდარ ნოზაძეს ეკუთვნის, გადაღებების ორგანიზებაში კი მონაწილეობდნენ საბა ფადიურაშვილი, გიორგი ტეცოშვილი, სანდრო შერაზადაშვილი და აჩი არღანაშვილი. გადაღებები თეატრ „ჰარაკში“ გაიმართა. 

„სულის ლომბარდი“ ერთგვარი თანამედროვე ქართული ზღაპარია, რომელიც სოციალური პრობლემების ფონზე ადამიანის ყველაზე ძვირფასი ფასეულობის მნიშვნელობას ახლებურად წარმოგვიჩენს.

მოუსმინეთ ალექსანდრე ხარანაულისა და VAQO-ს ერთობლივ სიმღრას – „სულის ლობარდი”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი
ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ტომ კრუზიც გამოჩნდება
მეტი
Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მეტი
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

Madonna-ს ახალი ალბომი CONFESSIONS II Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და ის საუკეთესო ათეულში მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს, Thriller-ს შეუერთდა, რომელიც ასევე ჩარტის ლიდერთა შორისაა.
მეტი