შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი არტისტი Beck ახალ სტუდიურ ალბომს აანონსებს. მუსიკოსმა 15 ივლისს განაცხადა, რომ მისი მე-16 სტუდიური ალბომი – Ride Lonesome, Capitol Records-ის ლეიბლის მეშვეობით 18 სექტემბერს გამოვა.
ალბომის გამოცემასთან ერთად Beck-მა სინგლი In the Night და მასზე გადაღებული ვიდეორგოლიც წარადგინა.
„ჩემი ახალი ალბომი Ride Lonesome ამ შემოდგომას გამოვა. მასზე მუშაობისთვის კვლავ შევიკრიბეთ ის მუსიკოსები, რომლთან ერთადაც Sea Change, Morning Phase და Mutations ჩავწერე და ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ტურნეში დავდიოდი. ესენი არიან: სმოკ ჰორმელი (გიტარა), ჯოი ვარონკერი (დრამი), ჯასტინ მელდალ-ჯონსენი (ბას-გიტარა), როჯერ-ჯოზეფ მენინგ უმცროსი (კლავიში) და ჯეისონ ფოლკნერი (გიტარა). ჩვენ ისევ შევხვდით ჩემს საყვარელ United Studios-ის Room B-ში, ჰოლივუდში.” – აღნიშნა Beck-მა.
„ათი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს Morning Phase-ზე ვიმუშავეთ სტუდიაში. ამჯერად ვიგრძენით, რომ ჩვენი ურთიერთგაგება და მუსიკალური ქიმია კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს არის ჟღერადობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ნაცნობ მუსიკალურ და ფიზიკურ სივრცეს დავუბრუნდით, ამ პროცესში ახალი ხმები და განსხვავებული ემოციური ჟღერადობაც აღმოვაჩინეთ.“ – ამბობს მუსიკოსი.
აპრილში Beck-მა ალბომის ამავე სახელწოდების სიმღერა Ride Lonesome გამოუშვა, რომელიც მშვიდი, ჩამაფიქრებელი კომპოზიციაა და შინაგანი ტკივილის განცდას ატარებს, ამავე განწყობას აგრძელებს მისი მეორე სინგლიც – In the Night.
აკუსტიკურ გიტარაზე აგებული, სიმებიანი ინსტრუმენტებითა და დახვეწილი სასულე პარტიებით გაფორმებული ბალადა Beck-ის სევდიან ვოკალზეა აგებული. სიმღერას თან ახლავს რეჟისორ Mikai Karl-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გმირი ფრანგი მსახიობი დენი ლავანია.
ვიდეოში დენი ლავანი სევდიან პერსონაჟს ასახიერებს, რომელიც საკუთარ ბედსა და ფიქრებშია ჩაძირული. მინიმალისტური ვიზუალი კი სიმღერის მელანქოლიურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
Beck-ის მომავალი ალბომი – Ride Lonesome შემდეგ კომპოზიციებს აერთიანებს: Ride Lonesome, Run Away, In the Night, Failed Words, Bleep, Disappearing Act, For Your Love, Slow Canyon, It Ends Right Here, Falling Through My Hands, If You Don’t Know What Love Is, და Beyond the Light.
ახალი ალბომის მხარდასაჭერად Beck ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეს, Ride Lonesome Tour-ს გამართავს. ტურნე 16 სექტემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში, „დედოფალ ელისაბედის თეატრში“ დაიწყება და 31 ოქტომბერს ნეშვილში, The Truth-ში დაგეგმილი კონცერტით დასრულდება.
ნახეთ Beck-ის ახალი სინგლის, In the Night-ის ოფიციალური ვიდეორგოლი.