მუსიკისა და მოდის თემებისადმი მიძღვნილი სინგლების გამოშვების შემდეგ, Charli xcx-მა 21 ივლისს მუსიკალური ვიდეო Camera წარადგინა. არტისტმა ამ ვიდეოთი კონცეპტუალურად შეკრა დაანონსებული ალბომი – Music, Fashion, Film.
ჩარლი სინგლს მთელი ალბომის პრომო კამპანიის განმავლობაში აანონსებდა, მათ შორის ივლისის დასაწყისში, ნიუ-იორკსა და ლონდონში გამართულ კონცერტებზე, როცა მუსიკოსი Camera-ს ასრულებდა. სიმღერის შავ-თეთრი ვიდეოს რეჟისორი ფილმ The Moment-ის ავტორი ეიდან ზამირია, ხოლო მთავარ როლს მსახიობი ვენსან კასელი ასრულებს. ვიდეოში თავად Charli xcx რეჟისორის როლშია. ის გადასაღებ მოედანზე მოძრაობს და მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს მითითებებს აძლევს.
რაც შეეხება სინგლის ტექსტს, ბრიტანელი პოპვარსკვლავი მღერის იმის შესახებ, თუ როგორ დაიღალა მონოტონური ცხოვრებით. Camera მეოთხე სინგლია ალბომიდან – Music, Fashion, Film, რომელსაც წინ უძღოდა სიმღერები: Wink Wink, SS26 და Rock Music. 11-ტრეკიანი LP-ის დანარჩენი ნაწილი 24 ივლისს გამოვა, სადაც რეჟისორ დევიდ კრონენბერგთან კოლაბორაციასაც შევხვდებით.
Charli xcx-ის კარიერული ნაბიჯები კინოსამყაროში გრძელდება. ის მთავარ როლს ასრულებს ფილმში Want Your Sex, რომელიც კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა. მომღერალი Brat-ის მომდევნო ალბომის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნესაც იწყებს, რომელიც სტარტს 11 სექტემბერს ფილადელფიაში აიღებს.
33 წლის Charli xcx-მა განსაკუთრებულ წარმატებას 2024 წლის ივნისში გამოშვებული ალბომის, Brat-ის შემდეგ მიაღწია, რომელმაც Billboard 200-ში მე-3 ადგილი დაიკავა. ალბომმა 2025 წელს ასევე მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში.
იხილეთ Camera-ს მუსიკალური ვიდეო: