პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი საშობაო კომპოზიცია, ჯონი მიტჩელის River იმღერა. მომღერალს სცენაზე ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდი Y’all ახლდა.
• ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯონ ლეჯენდის In My Mind შეასრულა
River კანადელი ჯონი მიტჩელის 1971 წლის ალბომში Blue შედის და შემსრულებლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა. ავტორმა შარშან, სიმღერის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩანაწერზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.