ლიკა ევგენიძემ ახალი მუსიკალური ნამუშევარი, სახელწოდებით Demo Version და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარადგინა. მუსიკის ავტორი ნიკა კოჩაროვია, ტექსტი კი თავად ლიკას ეკუთვნის. კლიპის რეჟისორი გოგიტა ჩიკვაიძეა.
როგორც ლიკა ევგენიძე Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, სიმღერის მთავარი თემა ადამიანის მუდმივი ძიების პროცესია:
„მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეძებთ პასუხებს – საკუთარ თავში, სხვა ადამიანებში, სხვადასხვა სწავლებაში, პრაქტიკაში, რელიგიასა თუ ფსიქოლოგიაში. ამასთან ერთად, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი ნიღბის მორგებაც გვიწევს – სოციალური როლების, მოლოდინებისა და გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. ხანდახან იმდენად ვეჩვევით ამ როლებს, რომ რთული ხდება გარჩევა, სად მთავრდება ის, რასაც ჩვენგან ელიან და სად იწყება ის, რაც სინამდვილეში ვართ. ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას, თანამედროვე სამყარო კი ამ დროს ცდილობს, ეს ჭეშმარიტებაც მიჰყიდოს. ამაში თვითონ სიმღერასაც სარკასტული როლი აქვს – საბოლოოდ ისიც ხომ პროდუქტია, რომელსაც ვქმნით, ვფუთავთ და ვთავაზობთ სხვებს. კონსუმერიზმმა თითქოს ყველაფერი შთანთქა – მათ შორის სულიერებაც, საკუთარი თავის ძიებაც და ის გზებიც კი, რომლებიც, წესით, ამ ყველაფრისგან უნდა გვათავისუფლებდეს“.
სიმღერის ჟღერადობა კონკრეტული ჟანრის ჩარჩოებში არ ჯდება. მასში არის ექსპერიმენტული და ატმოსფერული ელემენტებიც. ნამუშევარი ქმნის განწყობას, რომელსაც თითოეული მსმენელი ინდივიდუალურად აღიქვამს.
„კომპოზიცია 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწერა. ნიკა მუსიკაზე მუშაობდა და მთხოვა, ქართული ტექსტი დამეწერა. ფაქტობრივად, იმავე დღეს დავასრულეთ და მეორე დღესვე ჩავწერეთ. ალბათ არც არის შემთხვევითი, რომ ნამუშევარი სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა – მაშინ თითქოს მთელი სამყარო ერთდროულად გაჩერდა და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია საკუთარ თავთან დარჩენა და პასუხების ძებნა. სიმღერა რამდენიმე წელი არსებობდა ვიდეოს გარეშე და საბოლოოდ, ექვსი წლის შემდეგ, გოგიტა ჩიკვაიძის დამსახურებით, ამ იდეამ ვიზუალური ფორმაც შეიძინა. ჩემთვის საინტერესოა, რომ კომპოზიცია ერთ კონკრეტულ მომენტში ძალიან სპონტანურად დაიბადა, მაგრამ სრულ სახემდე მისასვლელად საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და უფრო აქტუალურიც გახდა,” – ამბობს ლიკა ევგენიძე.

Demo Version
კლიპის რეჟისორის, გოგიტა ჩიკვაიძის თქმით, ეს პროექტი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან მუშაობისას სრული შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდა, რამაც პროცესი საინტერესო გამოცდილებად აქცია:
„გადაღება რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და საბოლოოდ ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, რამაც პროცესის თითოეული დეტალი შეკრა. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, კონცეფციის საფუძველი მინიმალიზმია. ის რეალურ ისტორიებს ეფუძნება, თუმცა კონკრეტიკას ავარიდეთ თავი, რათა მაყურებელს საკუთარი სამყაროს დანახვისა და ნამუშევართან პირადი კავშირის პოვნის შესაძლებლობა ჰქონდეს. პერსონაჟიც არა ამბის მთავარი გმირი, არამედ ინფორმაციის გამტარია“.
იხილეთ სრული კრედიტები:
მუსიკა: ნიკა კოჩაროვი
ვოკალი და ტექსტი: ლიკა ევგენიძე
რეჟისორი: გოგიტა ჩიკვაიძე
დამდგმელი ოპერატორები: გაბრიელ ჯობავა, ლევან ზირაქაშვილი, გიორგი მხეიძე
მხატვარი: ბექა ჯგუბურია
რეჟისორის პირველი ასისტენტი: ნინი სოსელია
სტილისტი: უტა ბექაია
ვიზაჟისტი: ნინო სოფრომაძე
თმის სტილისტი: მამუკა გოგელია
ქოლორისტი: მინდია ინასარიძე
ფოტოდამუშავება: ვახტანგ ალანია
განსაკუთრებული მადლობა: Kikala Studio, Arcadia Georgia, Sophia O’Neill