15-წლიანი მუსიკალური დუმილიდან „ოაზისის” ფანები ჯერ 2025 წლის ტურნემდე, შემდეგ 2026 წლის IMAX-ის დოკუმენტურ ფილმამდე, ახლა კი 2027 წელს დაგეგმილ კიდევ უფრო დიდ კონცერტებამდე მივიდნენ.
„ბილბორდის” Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი ძმებ გალაგერებთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს განიხილავენ. ძმები ამ თვის დასაწყისში კვლავ გაერთიანდნენ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ფილმის Don’t Look Back in Anger პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. დოკუმენტური ფილმი „ოაზისის” მასშტაბურ Live ’25 ტურნეს ეძღვნება. ფილმის კინოთეატრებში გასვლიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ კი ჯგუფმა კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა. ორშაბათს „ოაზისმა” 2027 წლის ტურნეს 38 ახალი თარიღი გამოაცხადა. კონცერტების სერია მაისში გლაზგოში დაიწყება და სექტემბერში ინგლისის ცნობილ Knebworth Festival-ზე დასრულდება. სიაში ორი ამერიკული გაჩერებაცაა: ბოსტონი და ლას-ვეგასი.
გადაცემაში წამყვანებმა ასევე განიხილეს ჩარტების სიახლეები: ელა ლენგლი არა მხოლოდ Billboard 200-ის პირველ ადგილზე დაბრუნდა ალბომით Dandelion, არამედ მისი ჰიტი Choosin’ Texas „ბილბორდის” Hot 100-ის ჩარტის სათავეში ყოფნის ყველაზე მეტი კვირის რეკორდს გაუთანაბრდა. გარდა ამისა, სიახლეებია ADÉLA-ს, ბიონსეს, არიანა გრანდესა და კეროლ ჯის, ასევე მაილი საირუსის ახალი სინგლის გარშემო, რომელსაც ჩარტების სათავეში დებიუტი აქვს. კეიტი და კითი ასევე საუბრობენ სელინ დიონის პარიზის რეზიდენციის პირველ კონცერტზე, რომელიც ემოციურ გამხსნელ ნომერსა და All By Myself-ის აკაპელას მოიცავდა.
Pop Shop Podcast „ბილბორდის” ყოველკვირეული ჩარტების გარშემო არსებული პოპინფორმაციის ერთიანი სივრცეა. აქ დაგხვდებათ ცოცხალი დისკუსია პოპის ახალ ამბებზე, ჩარტების საინტერესო სტატისტიკებსა და ისტორიებზე, ახალ მუსიკაზე, ასევე სტუმრების ინტერვიუები მუსიკალურ ვარსკვლავებსა და პოპის სამყაროს წარმომაგდენლებთან. პოდკასტს უძღვებიან „ბილბორდის” აღმასრულებელი დირექტორი კეიტი ატკინსონი და „ბილბორდის” მმართველი დირექტორი ჩარტებისა და მონაცემების ოპერაციების მიმართულებით კით კოლფილდი. ყოველკვირეული პოდკასტი Billboard.com-სა და Apple Podcasts-ზე ისტრიმება.