ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით წელს BIAFF კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და კინომოყვარულებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. 19-26 სექტემბერს ბათუმი კვლავ იქცევა კინოს საერთაშორისო ცენტრად, თუმცა ამჯერად გაფართოებული ფორმატით. ახალი სექციები, ლოკაციები, პრიზები და არაერთი საინტერესო ინიციატივა საიუბილეო გამოშვებას კიდევ უფრო საყოველთაოს ხდის.
BIAFF-ის საიუბილეო თარიღსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე Billboard საქართველოს რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ესაუბრა:
„საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მრავალფეროვანი ყოფილიყო როგორც ფილმები, ასევე მათი საჩვენებელი ადგილები. მაგალითად, წელს პრემიერები გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში. გარდა ამისა, გვექნება ზღვისპირა ჩვენებები, რაც სულ გვინდოდა და წელს მოგვეცა ამის საშუალება, რომ Iveria Beach-ზე ვაჩვენოთ ქართული კინოს საგანძური – აღდგენილი ძველი ფულმები. მათ ნაწილს ექნება ცოცხალი აკომპანემენტიც, რაც, ვფიქრობ, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ საღამოებს შექმნის. რა თქმა უნდა, ჩვენებები კვლავ შედგება „კავეას” კინოთეატრებში, თუმცა, გარდა ამისა, ეკრანი განთავსდება ევროპის მოედანზეც, სადაც ასევე გაეშვება ჩვენი პროგრამის ფილმები.”
კინოფესტივალს წელს ახალი სექცია დაემატა – „მუსიკა კინოში”, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება სამი ფილმმი: ბილ ევანსის, ლედ ზეპელინისა და აზერბაიჯანელი ჯაზმუსიკოსის, ვაგიფ მუსტაფა ზადეს შესახებ.
ცალკე სექციად იქნება წარმოდგენილი ასევე „ქართული ანიმაციის კლასიკა”, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება 17 აღდგენილი ანიმაცია. ბავშვებს კი მათზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ.
„ეს დამატებები საიუბილეო წელს ეძღვნება. წელს ამ რისკზე წავედით: დავაზღვიეთ ამინდიც, გავაკეთეთ გადახურვები და მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი ყოფილიყო და ფესტივალი უფრო სახალხო გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ფესტივალი გაიზარდოს და ეს იქნება საუკეთესო, რომ ბათუმის კინოფესტივალს ყოველთვის ჰქონდეს ზღვისპირა ჩვენებები, გაშლილი იყოს ქალაქის პერიმეტრზე და არ იყოს შეზღუდული მხოლოდ ერთ კინოთეატრში. სწორედ ამიტომ, წელს ყველაფერი გაკეთდა, რომ კინოფესტივალი არ ყოფილიყო მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისთვის, არამედ გაშლილიყო და პატარა მაყურებლიდან დაწყებული, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს და შევეცდებთ, რომ ამას არ ჰქონდეს ერთჯერადი სახე და ფესტივალის ტრადიციულ ფორმატად იქცეს.”
ტრადიციულად, BIAFF მოიცავს საკონკურსო პროგრამას, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი (10 ფილმი), ასევე მოკლემეტრაჟიანი (20 ფილმი) ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. სრულმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში შედგება ორი ქართული ნამუშევრის პრემიერაც: ლევან კოღუაშვილის „გურია” და გიორგი ოვაშვილის „მთვარე მამაა ჩემი”. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე არასაკონკურსო პროგრამაც.

„უახლესი ფილმებია ჩამოტანილი – წლევანდელი კანის, სანდენსის, ბერლინის კინოფესტივალების პრიზიორები. უნდა აღვნიშნოთ „დიდოსტატთა კოლექციაც” – ფილმები, რომელთა ნახვაც მხოლოდ კანსა და ბერლინშია შესაძლებელი, ისიც შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის. BIAFF-ის სტუმრებს კი სრულიად ნომინალურ თანხად შეუძლიათ მათ ჩვენებებზე დასწრება.”
ფესტივალი წელს სამ ახალ ჯილდოსაც აწესებს, ესენია: BIAFF-ის დამფუძნებლის, გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი, რომელსაც მისი სტუდენტები რჩეულ ფილმს გადასცემენ; ასევე ლალა ოლღა თაბუკაშვილის სახელობის პრიზი, რომელსაც კინოკრიტიკოსთა ჟიური თავის რჩეულს გადასცემს. „ქართულმა ფილმმა” კი რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზი დააწესა, რომელიც საუკეთესო რეჟისორს გადაეცემა.
კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან: აგნეშკა ჰოლანდი (ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მისი ფილმის „ფრანცი” ჩვენება), თემურ ბაბლუანი და მაიკ დაუნი.
„კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ინდუსტრიული მიმართულება. ჩვენ არა მხოლოდ უკვე შექმნილ ფილმებს ვაჩვენებთ, არამედ გვაქვს ცალკე ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა”, რომლის ფარგლებშიც იმართება პრესკონფერენციები, ვორკშოპები ჩვენს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. აგრეთვე, შერჩეული გვაქვს რვა კინოპროექტი, რომლებიც ამჟამად განვითარების ეტაპზე არიან. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი და ქართველი კინოექსპერტები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან ჩართული მათ დახვეწაში, რათა შემდეგში ეს პროექტებიც უკვე ფილმებად იქცეს.”
BIAFF-ის საიუბილეო გამოშვება 19-26 სექტემბერს შედგება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.