კორძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა მუსიკოსის დედა და თავად მუსიკოსი თამრიკო კორძაია. „ქართულმა ოცნებამ აირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ საქართველოში,” – ამბობს კორძაია. „იქნებ დაფიქრდეთ ყველანი, რა მიზეზები აქვს ამ კამპანიას ალექსანდრეს წინააღმდეგ, რა მიზანი აქვს და იქნებ ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გასწიოთ, ალექსანდრეს გამო კი არა ან იმ ადამიანების გამო, რომლებიც ციხეში სხედან, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ.”
ვნებათაღელვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ 26 სექტემბერს გორში კორძის კონცერტი უნდა გამართულიყო. კონცერტამდე ორი დღით ადრე კი მუსიკოსმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივარს ღონისძიების გაუქმების შესახებ აცნობა. მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და მის შედეგად გამოწვეული საფრთხე დაასახელა.
„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების” წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან,” – დაწერა კორძიმ სოციალურ ქსელში.
კონცერტი ფესტივალ „კამარას” ფარგლებში უნდა გამართულიყო. განცხადება გაავრცელა ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმაც და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა” დაგეგმილი სახით ვეღარ გაიმართებოდა.
ფესტივალის გაუქმებას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მათ სინანული გამოთქვეს ღონისძიების გაუქმების გამო და ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს ღრმად სწამს ხელოვანების გამოხატვის თავისუფლების.
საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემად იქცა. ჯერ კიდევ „კამარას” გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და ღონისძიების ორგანიზატორებს აკრიტიკებდა. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდებოდა ე.წ. ქარდები, სადაც კორძის ფაშისტური ნარატივების გამავრცელებლად მოიხსენიებდნენ. საქმე ეხება „ოლე, ოლას” სიმღერას, რომელიც 2024 წელს საპროტესტო აქციებზე შექიმნა და ამ პროცესების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკანდირებად იქცა. კორძიმ კი მოგვიანებით მისი მუსიკალური არანჟირება გააკეთა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის განცხადებასაც. „ევროკავშირის საელჩოს განცხადება პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირის განცხადებაზე საპასუხო კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ მიერ ფესტივალის დაფინანსებას ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი უწოდა. „ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი. როდესაც კულტურის ცენტრი აფინანსებს უკულტურობასა და ფაშიზმს, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა.”
კორძის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოთქვეს ქართველმა მუსიკოსებმა, ხელოვანებმა და ორგანიზაციებმა. თემაზე განცხადება გააკეთა საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმაც:
„Kordz ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც სცდება ადგილობრივ მასშტაბებს. სამწუხარო და დამანგრეველი იქნება, თუ პოლიტიკური ზეწოლის გამო ასეთ მუსიკოსებს ჩაუხშობენ სურვილს, საკუთარ სამშობლოში დაგვასაჩუქრონ თავიანთი შემოქმედებით. ჩვენი პოზიცია უცვლელია: გამოხატვის თავისუფლება უზენაესია. ხელოვანს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. TUMIG სრულ სოლიდარობას უცხადებს კორძის და ყველა იმ მუსიკოსს, ვინც საკუთარი პოზიციის გამო წნეხის ქვეშ ექცევა. ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში.”
ქართველი მუსიკოსი კორძი, იგივე ალექსანდრე კორძაია, ოცი წლის განმავლობაში შვეიცარიაში ცხოვრობდა. საქართველოში ის 2019 წელს დაბრუნდა და მუსიკალური კარიერის სამშობლოში გაგრძელებდა გადაწყვიტა. კორძი მალევე იქცა თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წარმომადგენლად.