SADA – ახალი პროექტი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

SADA-ს ბენდის შემადგენლობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
SADA – „ნუ ოცნებობ“
ფოტო: ელენე შენგელია

მუსიკოსმა ცოტნე იოსებაშვილმა, რომელსაც მსმენელი იცნობს ბენდიდან Process, ახალი მუსიკალური პროექტი – SADA წარადგინა. პროექტი მუსიკოსისთვის ბენდთან ერთად დაგროვილი გამოცდილების ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა SADA-ს მეშვეობით ის უკვე პერსონალურ სივრცეს ქმნის. როგორც არტისტი ამბობს, SADA მუსიკას, ჟღერადობას, ტექსტსა და ვიზუალურ სამყაროს ერთ მთლიანობად კრავს.

ცოტნე იოსებაშვილი:

„SADA-ს სახელში თავიდანვე არ მინდოდა რაიმე რთული კონცეფციის ჩადება. ქართულად „სადა“ ნიშნავს მარტივს, უბრალოს და სწორედ ეს იდეა მომეწონა. თითქოს სახელით თავიდანვე მოვხსენი ის წნეხი, რომ რაღაც უნდა დამემტკიცებინა. შეიძლება სიტყვა მარტივია, მაგრამ პროექტის იდეა საპირისპიროა: ამ სიმარტივიდან რაღაც ძალიან პირადისა და განსაკუთრებულის შექმნა მინდა. ჩემთვის SADA უფრო სივრცეა, სადაც შემიძლია მუსიკა ზედმეტი ჩარჩოების გარეშე შევქმნა.“

მუსიკალური პროექტის წარსადგენად ცოტნე იოსებაშვილი მეგობრებთან ერთად რამდენიმე თვე ემზადებოდა, რასაც SADA-ს პირველი სინგლის წარდგენა მოჰყვა, რომლის სახელწოდებაა „ნუ ოცნებობ“.

ცოტნე იოსებაშვილი:

„სიმღერასთან ერთად თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო მისი ვიზუალური მხარის შექმნაც, რის შედეგადაც პირველი მუსიკალური ვიდეო გადავიღეთ. რაც შეეხება თავად სიმღერას, მასში ჩემს პირად განცდებზე ვსაუბრობ – იმ მდგომარეობაზე, როცა თითქოს აქ და ახლა ოცნებას აზრი აღარ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოცნებას თავისი ფასი აქვს და მის გამო ტკივილისთვისაც მზად უნდა იყო. ამიტომ მოდის ეს თითქოს წინააღმდეგობრივი ტექსტი: „ნუ ოცნებობ, თუ შენც გინდა ფრენა / ნუ ოცნებობ, თუ არ გინდა ტკენა / ნუ ოცნებობ.“ ჩემთვის ეს შინაარსი მხოლოდ ოცნებაზე უარის თქმა არ არის. უფრო იმ ადამიანების შინაგან წინააღმდეგობაზეა, როცა რაღაც ძალიან უნდათ, მაგრამ თან იციან, რომ მისკენ წასვლა აუცილებლად რაღაცას დააკარგვინებთ.“

SADA-ს სადებიუტო სინგლი თავიდანვე იმ იდეით შეიქმნა, რომ ის უბრალოდ სიმღერის ილუსტრაცია არ ყოფილიყო. ნამუშევარს საკუთარი თხრობის ენა და ატმოსფერო აქვს და იმ ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს, რასაც სიმღერის შინაარსი ეხება.

SADA – „ნუ ოცნებობ“
ფოტო: ელენე შენგელია

ცოტნე იოსებაშვილი:

„ამ კლიპის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სალი ნიკოლაიშვილსა და სანდრო დარახველიძეს, რომლებსაც პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მათ შექმნეს კლიპის იდეა, ვიზუალური მიმართულება და იზრუნეს მის გადაღებაზე. ასევე, დიდი მადლობა Industria Official-ს და მთლიან გუნდს, რომელმაც პროექტის წარმოებაში მიიღო მონაწილეობა. თითოეული ადამიანის ჩართულობამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.“

SADA-ს ბენდის შემადგენლობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი. მალე მუსიკალური პროექტის მეორე სინგლიც თავის ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოვა. ცოტნე პროექტის განვითარებას სწორედ ამ პრინციპით ხედავს და ამბობს, რომ თითოეული ახალი სიმღერა და მისი ვიზუალური მხარე SADA-ს სამყაროს კიდევ ერთ ნაწილს შემატებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

დაპირისპირება კორძის კონცერტის გარშემო – ვიდეომიმართვას ამჯერად მუსიკოსის დედა ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი