კიანუ რივზმა სან-ფრანცისკოში ფანური ოცნება აისრულა და სცენაზე Peter Hook & The Light წარადგინა, სანამ კამერები მას Joy Division-ის Love Will Tear Us Apart-ზე ცეკვისას დააფიქსირებდნენ – სიმღერაზე, რომელსაც მსახიობი თავისი ყველა დროის ფავორიტად ასახელებს.
აღნიშნული კონცერტი 21 სექტემბერს გაიმართა, სადაც Joy Division-ისა და New Order-ის თანადამფუძნებელმა ბასისტმა პიტერ ჰუკმა სიმღერა თავის ბენდთან, The Light-თან ერთად შეასრულა. მუსიკოსების გამოსვლამდე რივზმა მიკროფონი აიღო და ჯგუფი სცენაზე წარადგინა: „ერთადერთი და განუმეორებელი პიტერ ჰუკი და the Light! მუსიკით, რომელიც ყველას გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება.” სცენაზე ასულ ჰუკს კი მსახიობი გადაეხვია.
რივზი Joy Division-ის დიდი ხნის გულშემატკივარია. ერთხელ, სტივენ კოლბერტის ღამის შოუში სტუმრობისას, მან თქვა, რომ უკაცრიელ კუნძულზე სწორედ Love Will Tear Us Apart-ს წაიღებდა. შესაბამისად, ჰუკმა 1980 წლის ეს ჰიტი სწორედ რივზს მიუძღვნა.
26-სიმღერიან პროგრამაში შესრულდა Joy Division-ისა და New Order-ის რეპერტუარი, ასევე რამდენიმე სიმღერა ჰუკის 1990-იანი წლების შუაში შექმნილი პროექტიდან Monaco. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორი ემოციებით უსმენს რივზი სიმღერას კერძო ლოჟიდან.
ეს ყველაფერი თავად რივზის ბენდ Dogstar-ის ტურნეს ფარგლებში სან-ფრანცისკოში დაგეგმილ კონცერტამდე ერთი დღით ადრე მოხდა. მსახიობმა ალტერნატიული როკის ტრიო ლოს-ანჯელესში 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა. ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან: ვოკალისტი და გიტარისტი ბრეტ დომროუზი და დრამერი და მსახიობი რობერტ მეილჰაუსი. მათი მუსიკალური სტილი იმავე პოსტპანკის ტრადიციას უკავშირდება, რომლის განვითარებაშიც პიტერ ჰუკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
2002 წლის დაშლის შემდეგ Dogstar 2020 წელს გაერთიანდა და 2023 წელს ახალი ალბომით Somewhere Between the Power Lines and Palm Trees დაბრუნდა. ჩანაწერმა „ბილბორდის” ვინილების ჩარტში მე-6 ადგილი დაიკავა. ჯგუფის უახლესი ალბომი All In Now წელს თავად ჯგუფის ლეიბლზე, Dillon Street Records-ზე გამოვიდა. ბენდის სახელწოდების მქონე სინგლმა კი Dogstar-ს 25 წლის შემდეგ პირველად მოუტანა ადგილი “ბილბორდის” სიმღერების ჩარტში.
ჰუკისთვის ეს საღამო განსაკუთრებით მნიშვნელოვან წელს დაემთხვა. Joy Division-სა და New Order-ში გაწეული საქმიანობისთვის ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შედის.
2026 წლის ლაურეატებს შორის ასევე იქნებიან: ფილ კოლინსი, ბილი აიდოლი, Iron Maiden, „ოაზისი”, შადე, ლუთერ ვანდროუსი და Wu-Tang Clan.