ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს. დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა.“ – წერს სოციალურ ქსელში აჩიკო ბერიძე.
კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
მისი პროფესიული საქმიანობა მრავალმხრივი იყო. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, ხოლო 1965-2002 წლებში საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ფართო მსმენელისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ცნობილი გახდა მისი სიმღერები: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“ და „თბილისო, სიყვარულო“.
სიმღერებთან ერთად, კომპოზიტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს საფორტეპიანო კონცერტს, სონატას და მუსიკას დოკუმენტური, სატელევიზიო თუ თოჯინური ფილმებისთვის.
2012 წელს ნუნუ დუღაშვილის ღვაწლის აღსანიშნავად თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.