2024 წლის ბოლოს ბობი პულიდომ, რომლის ნამდვილი სახელია ხოსე რობერტო პულიდო უმცროსი, მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ 2026 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგებოდა. 3 ნოემბერს კი ნორტენიო-ტეხანოს მუსიკის ლეგენდამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ტეხასში დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის ერთი მანდატი მოუპოვა.
ლათინური გრემის ორგზის მფლობელმა მომღერალმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
„მადლობა სამხრეთ ტეხასს. დღეს ჩვენ ისტორია დავწერეთ,” – თქვა პულიდომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. „30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს მუსიკას თქვენს ქორწილებში, იუბილეების აღსანიშნავ წვეულებებსა და ოჯახურ შეკრებებზე უსმენდით. გასული წელს კი საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ მე იმავე დღესასწაულებზე მიმიღეთ. დღეს თქვენ უფრო მნიშვნელოვანი რამ მანდეთ, ვიდრე სიმღერაა – თქვენი მომავალი. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო“.
USA Today-ს ინფორმაციით, 53 წლის მომღერალმა და ახლა უკვე პოლიტიკოსმა გამარჯვება რიო გრანდეს ველის ოლქში მოიპოვა მას შემდეგ, რაც მისი კამპანია ფოკუსირებული იყო ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაზე, არჩევნებიდან კორპორაციული ფულის ამოღებასა და დონალდ ტრამპის მასობრივი დეპორტაციის უარყოფითი გავლენების შემცირებაზე. ის ამომრჩეველს კონცერტებზე, ქორწილებსა და გამოსაშვებ წვეულებებზე ხვდებოდა. მისი კამპანია ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც მონიკა დე ლა კრუზმა განაცხადა: „ეს არჩევნები იმაზე არაა, თუ ვის ისურვებდით თქვენი დისშვილის 15 წლის იუბილეზე შემსრულებლად.”
ბობი პულიდო ტეხასის შტატის ქალაქ ედინბურგში დაიბადა. ის ცნობილი მუსიკოსის, რობერტო პულიდოს შვილია. 1995 წელს მან სადებიუტო ალბომი Desvelado გამოსცა, რომელმაც მომღერალს „ბილბორდის” ჩარტებში პირველი წარმატება მოუტანა. ალბომის სიმღერა No Sé Por Qué ლათინური სიმღერების ჩარტის 39-ე ადგილზე გავიდა, მოგვიანებით კი 32-ე პოზიციამდე დაწინაურდა. 1996 წლის დასაწყისში ჩანაწერი ლათინური ალბომებისა და რეგიონული მექსიკური ალბომების ჩარტებში მე-9 და მე-3 პოზიციებით მოხვდა. მას შემდეგ პულიდომ კიდევ 15 ალბომი გამოსცა და არაერთხელ შევიდა „ბილბორდის” ჩარტებში. მის ცნობილ ჰიტებს შორისაა: Te Voy a Amar, Se Murió de Amor და Enséñame.
„სამხრეთ ტეხასო, ჩვენ ვართ დედები, მებრძოლები, ბებია-ბაბუები, მეწარმეები – ამ ქვეყნის ყველაზე მშრომელი ადამიანები,” – ამბობს პულიდო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოცემულ ვიდეორგოლში We Are. „ჩვენ ვიმსახურებთ ლიდერს, რომელიც ჩვენთვის ისევე იბრძოლებს, როგორც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ოჯახებისთვის და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსს, რომელიც მხოლოდ საკუთარ პარტიას ემსახურება, მაშინ როცა ფასები იზრდება და ოჯახები ერთმანეთს სცილდებიან. მე ბობი პულიდო ვარ – მიგრანტი ფერმის მუშაკის შვილი, ოთხი შვილის მამა, 100%-ით სამხრეთ ტეხასელი და მე წინ აღვუდგები ყველას, ვინც ჩვენს ცხოვრებას გაართულებს.”
პულიდოს გამარჯვება აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიისთვის ერთ-ერთი ისტორიული მოვლენა გახდა. გარდა ამისა, ჯინა ჰინოხოსა ტეხასის ისტორიაში პირველი არჩეული ლათინოამერიკელი გუბერნატორი გახდა; მიჩიგანის წარმომადგენელი აბდულ ელ-საიედი აშშ-ის სენატის პირველი მუსლიმი წევრი, კრის პაპასი კი სენატში არჩეული პირველი ღიად ჰომოსექსუალი მამაკაცი გახდა. კონგრესის ახლადარჩეული წევრები უფლებამოსილების შესრულებას იანვრიდან შეუდგებიან. მანამდე კი უკვე დადასტურებულია ბობი პულიდოს მონაწილეობა ლათინური გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება.