ჰეილი უილიამსი: გზა საკუთარი თავისკენ

ექსკლუზიურ ინტერვიუში არტისტი საკუთარ იდენტობასა და სცენაზე დაბრუნების გზაზე საუბრობს
ჰეილი უილიამსი Billboard Brasil-ისთვის
ფოტო: ზაქარი გრეი

ბრუნა კალაზანსი – სან-პაულუ, ბრაზილია

„მინდა, ჩემმა მიმდევრებმა დაინახონ, რომ ნამდვილად ვცხოვრობ, თავისუფალი ვარ და მივყვები ყველაფერს, რაც, როგორც არტისტს, შთამაგონებს“, – ასე დაასრულა ჰეილი უილიამსმა ექსკლუზიური საუბარი Billboard Brasil–თან, რომელიც მომღერალმა The Hayley Williams Show-ს ტურნეს განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. ტურნე სამხრეთ ამერიკაში 9 ნოემბერს, რიო-დე-ჟანეიროში დაიწყო, 12 და 13 ნოემბერს კი არტისტი სან-პაულუს ეწვევა.

ეს 2026 წელს ჰეილისთვის მიცემული მხოლოდ მეორე ინტერვიუ იყო, ამიტომ მომღერალს სათქმელი ბევრი დაუგროვდა. 37 წლის მუსიკოსმა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი მსმენელის სიყვარული დაიმსახურა, გადაწყვიტა, სოლო არტისტის ამპლუაში ხელახლა აღმოეჩინა საკუთარი თავი და თითქმის სრულიად ახალი სივრცე გამოეცადა: ამჯერად მან საკუთარ თავს მთავარი როლის მორგების უფლება მისცა – გათავისუფლდა იმ წნეხისგან, რომელსაც ზოგჯერ თავად უწესებდა საკუთარ თავს, ზოგჯერ კი საზოგადოებისგან განიცდიდა.

მთავარი გმირის ეს როლი, რეალურად,  ჰეილიმ ადრეულ ასაკში მოირგო. ის ფართო საზოგადოებამ Paramore–ის ვოკალისტის ამპლუაში გაიცნო, ჯგუფმა წარმატებას 2005 წელს მიაღწია, როდესაც ჰეილი მხოლოდ 15 წლის იყო. მას შემდეგ Paramore-ის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ჰეილის პოზიცია უცვლელი დარჩა – ის ჯგუფის დაარსების დღიდან მის მთავარ ვოკალისტად რჩება. 

2000-იან წლებში რადიოეთერი ისეთი ჰიტებით დაიპყრო, როგორებიცაა Misery Business და That’s What You Get. როგორც ერთადერთი ქალი ვოკალისტი ჯგუფის მრავალრიცხოვან შემადგენლობაში, ჰეილი უილიამსი ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომელიც ხშირად მის წითელ თმასა და ძლიერ ხმაზე იყო ფოკუსირებული.

„ეს მაღიზიანებდა. ზოგჯერ Paramore-ს „ჰეილის შოუსაც“ კი უწოდებდნენ“, – იხსენებს მომღერალი. ჯგუფის თითქმის ყველა კონცერტზე ჰეილი რაღაც მომენტში ხმამაღლა აცხადებდა: „ჩვენ ბენდი ვართ“. ეს ფრაზა მათი მთავარი დევიზი იყო როგორც სცენაზე, ისე მის მიღმა.

არც ისე დიდი ხნის წინ, გულშემატკივრებისთვის წარმოუდგენელი იყო ჰეილი უილიამსი Paramore-ს გარეშე. ეს დილემა თავად მომღერლისთვისაც არსებობდა. მას არ სურდა, ჯგუფთან კავშირი გაეწყვიტა. „ამ საკითხის მიმართ ძალიან პრინციპული პოზიცია მქონდა“, – აღიარებს ის. მიუხედავად იმისა, რომ Paramore-თან კავშირი მისი კარიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პოზიტიური აღმოჩნდა, ჰეილი მიიჩნევს, რომ ამ სიმბიოზმა საკუთარი თავის გარკვეული მხარეების უკანა პლანზე გადაწევა აიძულა.

თუმცა ფრაზა, რომელიც ადრე ასე აღიზიანებდა, ახლა მისი ახალი ტურნეს სახელწოდებად იქცა  – The Hayley Williams Show. ეს ერთგვარი ირონიაა, რომელსაც მომღერალმა შეგნებულად მიმართა, რათა „ეს საკითხები პოზიტიურ კონტექსტში მოექცია“.

„ეს ნამდვილად ჰეილის შოუა. და იცით, რა? ის Paramore-ს არ ჰგავს. შესაძლოა, მასში ჯგუფის არსიც იგრძნობა, რადგან მეც Paramore-ის დნმ-ის ნაწილი ვარ, მაგრამ ეს სრულიად სხვა რამაა. და ნახეთ, როგორი გასაოცარია!“ 

ჰეილი უილიამსი <br> ფოტო: ზაქარი გრეი
ჰეილი უილიამსი Billboard Brasil-ისთვის
ფოტო: ზაქარი გრეი

ქალბატონებო და ბატონებო, ჰეილი უილიამსი!

ტურნეს შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა. კონცერტები თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში დაანონსდა. განცხადება მაშინ  გაკეთდა, როდესაც ჰეილის პირველი სოლო ტურნე – Hayley Williams At A Bachelorette Party მიმდინარეობდა. 

სცენაზე გატარებული 20 წელზე მეტი ხნის და ერთგული აუდიტორიის მიუხედავად, მომღერალი მაინც არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ მსოფლიო ტურნეს მოწყობის ეს პირველი მცდელობა, სადაც აფიშებზე მხოლოდ მისი სახელი ეწერა, წარმატებული იქნებოდა. „ჩემი ნამუშევრების სათანადოდ დაფასება არ მჩვევია. არ ვიცი, რატომ ვიქცევი ასე“, –  ამბობს ჰეილი. ამ მომენტში ვუთხარი, რომ არც მე მესმოდა ამის მიზეზი  –  ბოლოს და ბოლოს, მას ბავშვობიდან ვუსმენ..ჰ. ეილის გაეცინა და დამამშვიდა: „ამაზე ვმუშაობ“.

კონცერტების პირველი სერია ევროპის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თეატრებში გაიმართა, დარბაზების უმეტესობა 3 000-დან 4 000-მდე მაყურებელს იტევდა.  საკონცერტო პროგრამა მთლიანად ჰეილის მესამე ალბომს, 2025 წელს გამოცემულ Ego Death at a Bachelorette Party-ს დაეთმო, რომელიც 2025 წელს გამოვიდა. ამ ჩანაწერმა მომღერალს გრემის ხუთი ნომინაცია და საკუთარი ძალებით ახალი მუსიკალური პროექტის შექმნის თავდაჯერებაც შემატა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, (ყოველ შემთხვევაში, მისი მსმენელებისთვის) ტურნემ უდიდესი წარმატება მოიპოვა: კონცერტებზე ბილეთები სრულად გაიყიდა, აუდიტორია კი მოუთმენლად ელოდა იმას, რაც არტისტს ჰქონდა მათთვის მომზადებული.  „ძალიან ემოციური იყო იმის დანახვა, თუ როგორ აღნიშნავდა ჩემი გუნდი, როდესაც ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. ჩვენ ეს წარმატება ერთად აღვნიშნეთ.” 

ფაქტობრივად, ეს იყო დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა, რომლსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა, როდესაც ჰეილიმ პირველი სოლო ალბომი – Petals for Armor გამოსცა. იმ პერიოდში მან ტურნეც დააანონსა, თუმცა გეგმები COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა.

ტურნეს – The Hayley Williams Show-ს გაგრძელების გადაწყვეტილება კი მაშინ მიიღო, როცა უკვე თავად ტურნეს პროცესით ტკბებოდა და თავის სიმღერებს ცოცხლად პირველად ასრულებდა: „თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემი საყვარელი ბენდების წევრი ვიყავი,  იმ ჯგუფების, რომლებიც 1990-იან წლებში თეატრებში მართავდნენ კონცერტებს“. 

მეორე ტურნე განსხვავებული ფორმატით იყო დაგეგმილი. ერთი ალბომის ნაცვლად, ჰეილი მსმენელს საკუთარი სოლო კარიერის სამივე ალბომით ერთგვარ მუსიკალურ მოგზაურობას სთავაზობდა. აღნიშნული ორი ჩანაწერის გარდა, მან 2021 წელს FLOWERS for VASES / descansos-იც გამოსცა. ეს შესაძლებლობა იყო, მსმენელისთვის საკუთარი შემოქმედების სრული სურათი ეჩვენებინა –  ყველაფერი, რაც დამოუკიდებლად შექმნა.

ამ იდეის განსახორციელებლად ჰეილიმ ნაცნობი მუსიკოსების გუნდი შეკრიბა, ადამიანები, რომლებსაც საკუთარ „არჩეულ ოჯახს“ უწოდებს. ჯგუფის წევრთა დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს Paramore-თანაც თანამშრომლობდა. მათ შორის არიან ბასისტი ჯოი ჰოვარდი, დრამერი ჯოი მალენი და გიტარისტი ბრაიან რობერტ ჯონსი.

„ბევრი ჩვენგანი უკვე ათი წელია, ერთად ვუკრავთ, ამიტომ ერთობლივად ახალი რაღაცების სწავლა ძალიან სასიამოვნო იყო.  მგონია, როგორც მუსიკოსები, ერთად ვიზრდებით“, – აღნიშნავს მომღერალი, რომლისთვისაც გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ გვაქვს საერთი ენა, რომელიც ძალიან კარგად გვესმის “.

დაახლოებით 28 სიმღერისგან შემდგარ საკონცერტო პროგრამაში ჰეილი სიყვარულზე, ტკივილზე, იმედზე, აპათიასა და სხვა მრავალ განცდაზე მღერის, რაც სრულიად ხელშესახებია მსმენელისთვისაც,  განსაკუთრებით კი იმ ერთგული გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მისი ცხოვრების შესახებ თითქმის ყველაფერი იციან.

შოუს ერთ-ერთ მონაკვეთში მომღერალი მეგაფონს იღებს და პოლიტიკურ თუ სოციალურ უსამართლობას აპროტესტებს. სიმღერა Ice in My OJ-ის შესრულებისას მისი საპროტესტო გზავნილი ასეთია: Fuck ICE  – ეს არის მისი საპროტესტო ფრაზა, რომელიც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მოწოდებაა.

ტურნეს ბრაზილიური ეტაპისთვის ჰეილიმ რჩევა მთხოვა: ვისთვის უნდა ეთქვა, რომ თავი დაენებებინა? მე მხოლოდ ის ავუხსენი, რომ ფლავიუ ბოლსონარუ – ულტრამემარჯვენე კანდიდატი, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, ბრაზილიაში პროგრესული იდეების დამცველთა ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. ჰეილის გაეცინა და თქვა, რომ მადლიერია შესაძლებლობისთვის, რომლითაც საკუთარ უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას მსოფლიოს აუდიტორიას უზიარებს, რომელიც ირჩევს, იყოს იქ – მის კონცერტზე. „ეს ჰაერივით მჭირდებოდა“.

ჰეილი უილიამსი <br> ფოტო: ზაქარი გრეი
ჰეილი უილიამსი Billboard Brasil-ისთვის
ფოტო: ზაქარი გრეი

შოუ ჰეილის გამოსახულებების პროექციებით გრძელდება, სადაც ის ეშმაკის რქებს სინათლისა და ჩრდილის გამოყენებით ირგებს, როგორც ერთგვარი ავტოპორტრეტი: ცოცხალი წინააღმდეგობა, ისეთივე, როგორიც თითოეულ ჩვენგანშია.

„შენ უნდა ისწავლო საკუთარი თავის ყველა ამ ნაწილის გაერთიანება: შენი უფრო ახალგაზრდა და ასაკოვანი მხარეების, იმ უფრო ბრძენი ნაწილებისაც, რომლებიც რაღაც უფრო დიდთან არის დაკავშირებული, თანაც ეს ყველაფერი ერთდროულად.  ეს ერთადერთი გზაა, რომ ნამდვილად იგრძნო – არსებობს იმედი და წინსვლის გზა, საკუთარ ტკივილს გასცდე და იმაზე გამახვილდე, რაც წინ გელის. სიბნელე  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი განზომილებაა  საკვლევად და სწორედ ამიტომ, შოუ ნამდვილად ასახავს ამას“

საკუთარი ბნელი მხარის მიღებამ, როგორც ჩანს, გარკვეული სიმშვიდე მოუტანა არტისტს, რომელიც საზოგადოების თვალწინ გაიზარდა. შოუში გამოყენებული პროექციები ერთგვარი გამოწვევაა იმ მოლოდინებისადმი, რომლებიც მის მიმართ ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა. სოლო კარიერის ფარგლებში ჰეილი ერთგვარ პირად ბრძოლებშია. ამასთან, საკუთარ წარსულს უბრუნდება ისე, რომ არ კარგავს კავშირს იმ პიროვნულ მესთან, ვინც დღეს არის. 

წარსულში ამგვარი დაბრუნება ისეთი სიმღერების შესრულებასაც გულისხმობს, როგორიცაა Airplanes – რეპერ B.o.B-ის 2010 წლის ტრეკი, რომელშიც ჰეილიც მონაწილეობს, და Stay the Night – მისი 2013 წლის კოლაბორაცია დიჯეი და პროდიუსერ Zedd-თან. ტურნეში ლოს-ანჯელესური კონცერტის დროს Zedd თავადაც შეუერთდა მომღერალს სცენაზე და სიმღერა მასთან ერთად შეასრულა.

ორივე კოლაბორაცია დიდი ჰიტი აღმოჩნდა და Billboard Hot 100-ის ჩარტში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 2010 წელს Airplanes-მა ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო Stay the Night 2014 წელს მე-18 ადგილზე გავიდა. იმ პერიოდში ამ სიმღერების წარმატებამ ერთი დელიკატური კითხვაც გააჩინა: რამდენად შეეძლო ჰეილის საკუთარი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბება ისე, რომ ეს Paramore-ისგან დაშორების მცდელობად არ აღქმულიყო?

2010 წლის დეკემბერში, „Airplanes“-ის წარმატებიდან სულ რამდენიმე თვეში, ჯგუფის დამფუძნებელმა ძმებმა, ჯოშმა (გიტარა) და ზაკ ფაროებმა (დრამი), ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადეს. მიზეზი ჰეილის გამორჩეული როლი და ჯგუფში არსებული უთანხმოებები იყო. მომდევნო თვეში MTV-სთან ინტერვიუში ჰეილიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია: „კონტრაქტი 14 წლის ასაკში შემომთავაზეს, მაგრამ გულის სიღრმეში სოლო არტისტობა არ მსურდა, მე ჯგუფში ყოფნა მინდოდა“. – ზაკი ჯგუფს 2017 წელს დაუბრუნდა. 

ჰეილი აღიარებს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, ამ სიმღერებს კვლავ თუ შეასრულებდა, თუმცა საკონცერტო პროგრამაში მათი შეტანა გადაწყვიტა, რადგან ისინი მისი ცხოვრების ისტორიის ნაწილია.

„ჯგუფის წევრობის პერიოდში პოპმუსიკის რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაში მივიღე მონაწილეობა. ახლა კი, როცა ორსაათიან კონცერტს მხოლოდ ჩემი სიმღერებით ვმართავ და ამასთან, იმ დიდ ჰიტებსაც ვასრულებ, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა მიმიღია… ეს მართლაც უჩვეულო განცდაა“, – ამბობს მომღერალი და ამჯერად საკუთარ მიღწევებსაც აღიარებს.

ახალი ტურნეს ფარგლებში ჰეილიმ 2020 წლის ჩაშლილი ტურნესთვის მომზადებული ზოგიერთი გეგმის განხორციელებაც შეძლო. მაშინ რამდენიმე ჩანაფიქრი, მათ შორის მსმენელებისთვის განკუთვნილი ვირტუალური კონცერტი, ვერ განხორციელდა. „ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს დაანონსებას ვცდილობდი, რაღაც საშინელება ხდებოდა. ეს შესაფერის მომენტად არ მეჩვენებოდა“. დრო გავიდა და საბოლოოდ დადგა მომენტი, როცა ეს სიმღერები მსოფლიოს პირველად გაუზიარა. ჰეილი ამ გამოცდილებას სასიამოვნო განცდად აღწერს, რომელსაც ჯგუფის წევრებთან ერთად იზიარებს. მისთვის რთულია, არ შეხედოს ჯოის – ბასისტს, რომელმაც Petals-ისთვის არაერთი სიმღერის დაწერაში მიიღო მონაწილეობა. „ერთმანეთს სულ ღიმილით ვუყურებთ. ძლივს ვიჯერებთ, რომ ეს ხდება, ხომ გესმით? ამ სიმღერების მსმენელებთან ერთად მოსმენა რაღაც არარეალური საჩუქარივითაა“. 

შოუ შინაგანი სამყაროდან იწყება და შემდეგ ფართო საზოგადოებრივ თემებსაც მოიცავს. ჰეილი საკუთარ თავზე საუბრობს, თუმცა არც სამყაროში მიმდინარე მოვლენებს უვლის გვერდს. ის ღიად უჭერს მხარს LGBTQIA+ თემს, ქალთა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მომღერლისთვის ერთგვარი შვებაა იმის გაცნობიერება, რომ შეერთებულ შტატებში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შექმნილი ძალადობრივი რეალობის მიუხედავად, ადამიანები მაინც მზად არიან, კონცერტზე წავიდნენ, იმღერონ და იცეკვონ. ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მასობრივი დეპორტაციის პოლიტიკის გამო. „მადლიერი ვარ“, – მოკლედ აჯამებს ჰეილი.

საზოგადოების გართობაზე პასუხისმგებლობის განცდა მომღერლის თერაპიის სეანსებზეც არაერთხელ გამხდარა საუბრის თემა. ვკითხე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ აუდიტორიას შვება აგრძნობინოს იმ დაძაბულობისა და ტკივილის ფონზე, რომელსაც შეერთებული შტატები დღეს განიცდის. ჰეილი აღიარებს, რომ სხვა დროს, ალბათ, ამ კითხვაზე  უარყოფთ პასუხს გასცემდა. დღეს კი პასუხი განსხვავებულია. 

მომღერალი გაიზარდა ოჯახში, რომელსაც თავად „დანგრეულს“ უწოდებს. მისისიპიში დაბადებულმა, ჰეილიმ მშობლების განქორწინება ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაიტანა. დედამისი, კრისტი უილიამსი, ახალ და რთულ ურთიერთობაში შევიდა, რის შემდეგაც დედა-შვილი უკეთესი ცხოვრების საძიებლად ტენესის შტატში გადავიდა. ჰეილის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ როგორც დედამისმა, ისე უილიამსების ოჯახის სხვა ქალებმაც ძალიან მძიმე გამოცდილებები გამოიარეს. ოჯახური წარსული ნაწილობრივ ხსნის იმ ქცევასაც, რომლის შეცვლასაც თავად მომღერალი ცდილობს: ესაა არაკომფორტული, უხერხული სიტუაციების შელამაზების მუდმივი სურვილი.  ამაში მას ჩენდლერ ბინგს ამსგავსებენ – სერიალ Friends-ის პერსონაჟს, რომელიც მაშინ ხუმრობს, როცა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას. ამ შედარებაზე ჰეილის ეცინება. 

„რაღაც მომენტში ვიღაც საბოლოოდ მაინც მიდის იმ დასკვნამდე, რომ სიტუაცია უნდა მოაწესრიგოს ან  სხვების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ მეც ასეთი რეაქცია მაქვს, როცა ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, მაშინვე ვცდილობ, ვიცეკვო, სხვები გავართო და ყურადღება გადავატანინო?“

ამ თერაპიული სეანსების შედეგი The Hayley Williams Show-ს სცენაზეც იგრძნობა, ეს არის სივრცე, სადაც მომღერალი მუდმივად ცდილობს, რაიმე როლი არ მოირგოს და უშუალოდ პროცესით დატკბეს. ჰეილის ესმის, რომ ის სცენაზე იმისთვისაა, აუდიტორიას დაუვიწყარი გამოცდილება აჩუქოს — ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა თავადაც იპოვონ ამ სიმღერებსა და შოუში საკუთარი სირთულეებისგან თავის დაღწევის გზა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის იქ იმისათვისაა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეს და აწმყოში ყოფნა ისწავლოს. „როდესაც ფორტეპიანოზე ვუკრავ, ვცდილობ, მთელი ყურადღება იმისკენ მივმართო, რომ კარგად დავუკრა, სიმღერის დროსაც ზუსტად იგივეა. ცეკვის დროს კი ვცდილობ, ჩემს სხეულს მაქსიმალური თავისუფლება მივცე“.  ეს ერთგვარი გზაა, გააჩუმოს ის ჩენდლერ ბინგი, რომელიც ჯერ კიდევ მის შიგნით ცხოვრობს. „ეს კვლავაც პერფორმანსია, მაგრამ ამჯერად – ჩემთვის. და ეს ნამდვილად ჰაერივით მჭირდება“. 

ჰეილი ბრაზილიაში!

რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ, ტურნე კვლავ აგრძელებს გზას. ჰეილი ბრაზილიაში 9 ნოემბერს ჩადის, სადაც რიო-დე-ჟანეიროში, Qualistage-ის სცენაზე წარდგა. 12 და 13 ნოემბერს ის სან-პაულუს Espaço Unimed-ში სცენაზე გამოვა. ამის შემდგომ ტურნე ისეთ ქალაქებში გრძელდება, როგორიცაა ბუენოს-აირესი, სანტიაგო, ლიმა, ბოგოტა და სან-ხუანი – კონცერტების პრომოუტერი კომპანიაა 30e. 

წლევანდელი წელი მექსიკაში დაგეგმილი კონცერტებით დასრულდება, ტურნე კი 2027 წელს განახლდება.

სცენიდან ამ შესვენების პერიოდში ჰეილი ჩვეულებრივი ცხოვრებით ტკბება. ჩვენი საუბრის დაწყებამდე, ორშაბათ დილას, ყავას თავად ამზადებდა. როგორც კი კამერა ჩაირთო, ჯერ დარწმუნდა, რომ მისი ძაღლი, ალფი, კომფორტულად იყო მოკალათებული. ბრაზილიურ კონცერტებზე განწყობის შესაქმნელად მომღერალი ადგილობრივ მუსიკას უსმენდა და მკითხა, თუ როგორ გამოითქმოდა მილტონ ნასიმენტუს სახელი – იმ პერიოდში 1972 წლის ბრაზილიურ კლასიკურ ალბომს, Clube da Esquina-ს უსმენდა.

„ასევე, ხშირად ვუსმენ სეუ ჟორჟეს“, –  აღნიშნა მან. ალბომ Ego Death-ის ერთ-ერთ სიმღერაში, Zissou-ში, ჰეილი პორტუგალიურ ენაზე მღერის. ეს მონაკვეთი შთაგონებულია დევიდ ბოუის სიმღერების პორტუგალიურენოვანი ვერსიებით, რომლებიც  სეუ ჟორჟემ უეს ანდერსონის ფილმის, The Life Aquatic with Steve Zissou / „წყალქვეშა ცხოვრება სტივ ზისუსთან ერთად“  საუნდტრეკისთვის ჩაწერა. მართალია, ტურნეს ბოლო კონცერტებზე სიმღერა Zissou საკონცერტო პროგრამიდან ამოიღეს, მაგრამ კითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა ის სცენაზე, მან გაიცინა და პასუხი არ დაუკონკრეტებია. 

ბრაზილიას, განსაკუთრებით კი რიო-დე-ჟანეიროს,  ჰეილი უილიამსის შემოქმედების ამჟამინდელ ეტაპზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. Zissou პირველი სიმღერა იყო, რომელიც მან ალბომისთვის თანაავტორ დენიელ ჯეიმსთან ერთად დაწერა. ხოლო Parachute ბოლო სიმღერა აღმოჩნდა, სადაც ის  დაუსრულებელ სიყვარულზე მღერის და „მშვენიერ ქალაქსაც“ (Marvelous City – რიოს მეტსახელი) ახსენებს.

„რიო ალბომში თითქმის ერთ-ერთ ცალკეულ პერსონაჟად იქცა“ – ამბობს ჰეილი. „ბრაზილიასთან ამ წრიული კავშირის შექმნა წინასწარ არ დამიგეგმავს. მე ერთი ისტორია იმით დავხურე, რომ დავბრუნდი იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ახლა კი ძალიან სასიამოვნოა იმის განცდა, რომ იქ ნამდვილად ჩავალ. მოუთმენლად ველი“.

საუბრის დროს ვისარგებლე და ჰეილის რიო-დე-ჟანეიროში დაბადებული ბრაზილიური მუსიკის კლასიკოსის, ჟორჟ ბენის 1974 წლის კლასიკური ალბომის, A Tábua de Esmeralda-ს მოსმენაც ვურჩიე. 

როგორც ჩანს, მოეწონა: ჩვენი საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში მან სოციალურ ქსელში გააზიარა, რომ სწორედ ამ ალბომს უსმენდა, რამაც ბრაზილიელი მსმენელების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. 

„უკვე მენატრება აქაური ხალხი. სრულიად მზად ვარ დასაკრავად, ყველასთან ერთად გასართობად და ჩვენი საქმის გასაკეთებლად. საკმარისად დავისვენე“, – ამბობს ბრაზილიაში დაბრუნებით აღფრთოვანებული ჰეილი. მისი ბოლო ვიზიტი ქვეყანაში 2023 წელს შედგა, როდესაც ის Paramore-ის ალბომის, This Is Why-ს მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. მისთვის აქ სიმღერა ძველ მეგობრებს შორის საიდუმლოს გაზიარებას ჰგავს. „თითქოს ერთმანეთს თვალს ვუკრავთ და უსიტყვოდ გვესმის ყველაფერი“, – ასე აჯამებს მომღერალი  ამ განცდას. 

ჰეილი უილიამსი <br> ფოტო: ზაქარი გრეი
ჰეილი უილიამსი Billboard Brasil-ისთვის
ფოტო: ზაქარი გრეი

შენი საყვარელი არტისტის საყვარელი არტისტი

ლოს-ანჯელესის კონცერტებზე მაყურებელთა შორის ბილი აილიში, ჩაპელ როანი და ლუსი დაკუსი იმყოფებოდნენ, სამივე ჰეილიზე უმცროსია, მომღერალს დეკემბერში 38 წელი უსრულდება. ამ არტისტებს საერთო ის აქვთ, რომ თითოეული მათგანი ჰეილის საკუთარ შემოქმედებით შთაგონებად ასახელებს. „ეს ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია. უმეტეს დღეებში თავს უბრალოდ სულელ ბავშვად ვგრძნობ“, – ხუმრობს ჰეილი. აუდიტორიაში ამ თაობის დანახვამ ჰეილის 20 წლის ასაკში No Doubt-თან ერთად ტურნეში ყოფნა გაახსენა. ის ყვება, რომ No Doubt-ის ვოკალისტი გვენ სტეფანი მისთვის ცხოვრებისეულად და კარიერულად მისაბაძი მაგალითი იყო. „დარწმუნებული ვარ, ყველაფერში ვცდებოდი…“ 

დრო გავიდა და ახლა თავად ჰეილი აღმოჩნდა იმ პოზიციაში, რომელშიც ოდესღაც გვენ სტეფანს ხედავდა. „მაინტერესებს, რას გრძნობენ ახლა ისინი. სიმართლე რომ ვთქვა, მაგალითად, ბილის რომ ვუყურებ, ვფიქრობ, მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაა, თუმცა ბევრი თვალსაზრისით, უფრო მყარად დგას მიწაზე, ვიდრე მე”.  – ნუთუ გვენსაც იგივე განცდა ჰქონდა, როცა ახალგაზრდა ჰეილის უყურებდა?

სხვა მუსიკოსებთან ურთიერთობამ, ასაკის მიუხედავად, ჰეილის რამდენიმე ახალი პროექტის შექმნისკენაც უბიძგა. მათ შორისაა დენიელ ჯეიმსთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტი Power Snatch. მას ასევე ჩაწერილი აქვს კოლაბორაციები beabadoobee-სა და Turnstile-თან და აღნიშნა, რომ მეგობრების პროექტებისთვისაც ჩაუწერია ვოკალური პარტიები. „ახლა ძალიან ბევრი რამ შთამაგონებს, იცით?” – თქვა მან.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე მართლაც საინტერესო შემოთავაზება მივიღე. თითქოს ერთდროულად ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება. დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული ვიყავი და არც ისე ბევრ კოლაბორაციაში ვმონაწილეობდი. რაღაც შეიცვალა და ახლა ვგრძნობ, რომ სრულიად ღია ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის“.

სწორედ ასეთ ჰეილის უნდა ელოდოს ლათინოამერიკელი მაყურებელი უახლოეს დღეებში, თვეებსა თუ წლებში. ქალს, რომელიც საკუთარი თავის ყველა მხარის აღმოჩენას თავისუფლად ახერხებს, ყველაზე ბნელიდან ყველაზე შემოქმედებითამდე. ის კვლავ იმ ოცნებით ცხოვრობს, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ ჰქონდა, თუმცა ახლა ამ გამოცდილებას გულით უზიარებს მათ, ვისაც არასდროს შეუწყვეტია მისთვის თვალის მიდევნება.

„ბავშვობაში მხოლოდ ის მინდოდა, იმ ადამიანების გარემოცვაში ვყოფილიყავი, რომელთა ცხოვრებაშიც მუსიკა მთავარ როლს ასრულებდა. ახლა კი სწორედ აქ ვარ. ყოველთვის მაქვს იმის განცდა, რომ გამიმართლა“. 

ჰეილი უილიამსი Billboard Brasil-ისთვის  <br> ფოტო: ზაქარი გრეი
ჰეილი უილიამსი Billboard Brasil-ისთვის
ფოტო: ზაქარი გრეი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკოსმა სალომე ესაძემ ახალი სინგლი – I Will See You Again გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი