ნოდარიკო ხუციშვილმა ახალი ნამუშევარი – „თბილისის ქუჩებს“ გააზიარა, რომელიც ლუკა ქიტიაშვილთან და ნიკალასთან (ნიკალა ზუბიაშვილი) ერთად შეიქმნა. სიმღერა Break Records-ზე 26 ნოემბერს გამოქვეყნდა. კომპოზიციას თან ახლავს მუსიკალური ვიდეო, რომელიც მსმენელს ქალაქის კიდევ ერთ მუსიკალურ პორტრეტს სთავაზობს.
ნოდარიკოსთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი ხელწერის მსგავსად, ახალ კომპოზიციაშიც განსაკუთრებულად იგრძნობა სითბო, ურბანული განწყობა და ის ემოციური კავშირი ქალაქთან, რომელიც მის შემოქმედებას მუდამ თან ახლავს.
„დაიდო ჩვენი ახალი მუსიკალური ვიდეო. უყურეთ, მოუსმინეთ და თუ მოგეწონებათ, კომენტარი და გაზიარება ძალიან გაგვახარებს.“ – წერს ნოდარიკო ხუციშვილი სოციალურ ქსელში.
სიმღერის მიქსინგზე და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა იმუშავა. კლიპის რეჟისორი თავად ნოდარიკო ხუციშვილია, ოპერატორი – გოგა გოგელაშვილი, მონტაჟი El Mariachi-ს, ხოლო ფერის კორექცია კოტე ჩხეიძეს უკუთვნის.
მოუსმინეთ ნოდარიკო ხუციშვილის ახალ სიმღერას „თბილისის ქუჩებს“ და ნახეთ მუსიკალური ვიდეო.