ლანა დელ რეი ფანებს დიდი ხნის ნანატრი ახალი მუსიკის შესახებ სიახლეებს უზიარებს.
ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, მადლიერების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ პოსტში მომღერალმა გაამხილა, რომ მომავალი ქანთრი ალბომი Stove და მისი თანმხლები ალბომი Spyda „ნამდვილად უახლოვდება დასრულებას“.
„ალბომებზე მუშაობა ძალიან კარგად მიდის. კმაყოფილი ვარ მათით“, – დაწერა დელ რეიმ და ფოტოების სერია გამოაქვეყნა. „მათ შექმნას დრო სჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მუსიკაა ორივე ალბომში, ნამდვილად იდეალურ დროს გამოდის. უკვე ძალიან ახლოს ვართ ფინიშთან, თუმცა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მოულოდნელი ცვლილება მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ვიცოდი, რაც გამოვიდოდა, თუმცა რაც გამოვიდა, თითქოს თავიდანვე ასეც უნდა ყოფილიყო. იმასაც კი ვფიქრობ, ამის შემდეგ საერთოდ საით უნდა წავიდე.”
მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს არცერთი პროექტის გამოსვლის თარიღი არ დაუსახელებია, მან ალბომების შექმნისა და განვითარების პროცესზე ისაუბრა.
„ეს ორი ალბომი უჩვეულო წყვილია, რომელიც ასახავს იმას, თუ საიდან დავიწყე ოთხი წლის წინ, როდესაც ეს ყველაფერი დავაანონსე და როგორია ახლა ჩემი ხედვა ადამიანების შიდა წრესა და მათ რეაქციებზე ჩემს ბედნიერებაზე პიროვნულ ზრდასა და წარმატებაზე“, – წერს მომღერალი.
დელ რეიმ ალბომების თვითრეფლექსიურ თემებზეც ისაუბრა და ახსენა სიმღერა, რომლის სათაურიც შესაძლოა You’ve Got a Friend იყოს. მისი თქმით, ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შინაგან დიალოგს ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებსა და მიღებულ გაკვეთილებზე და იმაზე, ხდება თუ არა ყველაფერი „ღმერთის დროით“.
„ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, მომხდარი ამბები უბრალოდ შემთხვევითი იყოს. ერთი ფრაზა მახსენდება: შეგიძლია ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ყველაფერი ერთდროულად ვერ გექნება“, – წერს ის.
მომღერალმა ისიც გაამხილა, რომ ალბომების ფიზიკური გამოცემები პროექტის მნშვნელოვანი ნაწილი იქნება.
„ამ ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ფიზიკური ეგზემპლარების სილამაზეა. მხოლოდ სპილენძის ფირფიტების დამზადებას ნახევარი წელი დასჭირდა.”
მადლიერების დღის პოსტში მან მადლიერებისა და წარსულზე ფიქრის შესახებაც ისაუბრა.
„დღეს აბსოლუტურად ყველას სიყვარულს გიგზავნით“, – დაწერა მან ვიდეოზე, რომელშიც ჯერ ხეს ეხუტება, შემდეგ კი განათებული პალმებით გაფორმებულ ქუჩებში მანქანით გადაადგილდება. „ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე და ვცდილობ, პატივი მივაგო იმ ხალხის ადრეულ ტრადიციებსა და კულტურას, ვინც პირველად ცხოვრობდა ამ მშვენიერ მიწაზე. ჩემი გული ყოველთვის თქვენთანაა“.
„ასევე მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომელიც კვლავ აგრძელებს ერთად შეკრებას. ეს არის ის ძალა, რომელიც იმ გიჟურ თამაშში მეხმარება, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით. იმედი მაქვს, თითოეული ჩვენგანი შეძლებს, ერთი რამ მაინც იპოვოს, რისთვისაც მადლიერი იქნება“.
ოქტომბრის შუა რიცხვებში დელ რეიმ ზაკ ბრაიანთან ერთად სიმღერა Lies ჩაწერა, რომელიც ბრაიანის რვასიმღერიან EP-ში Young Manhood and Other Donatable Organs შევიდა. მან ასევე გამოუშვა First Light – ჯეიმს ბონდის ამავე სახელწოდების ვიდეოთამაშის მთავარი კომპოზიცია.
მომღერლის მომავალი ალბომები მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევრები იქნება 2023 წლის Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd-ის შემდეგ, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.
ნახეთ ლანა დელ რეის პოსტი: