ჯგუფმა „მგზავრებმა“ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – „ვალსი“. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი-კლიპი, რომლის რეჟისორი ლადო კვატანიაა. რაც შეეხება კომპოზიციას, „ვალსი“ შესულია ჯგუფის ახალ ალბომში, სახელწოდებით – „ კამარა“
გიგი დედალამაზიშვილი:
„ვალსი“ არის პირველი კლიპი-სინგლი მგზავრების ახალი ალბომიდან “კამარა”, რომელიც ხუთი წელი იწერებოდა. ეს არის ალბომი ბავშვობაზე – სიხარულის, ოჯახის, სიყვარულის, მშობლების, სამშობლოს აღქმაზე, მეგობრობისა და დანაკარგის პირველ შეგრძნებაზე – „კამარა“ აერთიანებს ათ ამბავს ჩვენი ბავშვობიდან. სიმღერა „ვალსი“ ადამიანის დანაკარგთან პირველ შეხვედრაზეა. კომპოზიცია განსხვავდება ჩანაწერის საერთო ჟღერადობისაგან, გარკვეულწილად განცალკევებულია.”
მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობა ერთი წელი გრძელდებოდა. გადაღებები საქართველოს მაღალმთიან სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. კლიპში მთავარ როლებს აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და დათო დვალიშვილი ასრულებენ.
კლიპის რეჟისორმა ლადო კვატანიამ სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან ითანამშრომლა. როგორც კლიპების შემქმნელი, იგი შემდეგ შემსრულებლებთან გვხვდება: Cardi B & Kanye West, Manizha, Oxxxymiron, Monetochka, Noize MC და სხვა.
ლადო კვატანია:
„ადრეულ ასაკში საცხოვრებლის გამოცვლის გამო, ქართული დამავიწყდა. „ვალსის“ მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის სიტყვები არ მესმოდა, სცენარი დავწერე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად ემთხვეოდა კომპოზიციის გზავნილს. 2022 წლის დასაწყისში გადაღებებისთვის მზადება დავიწყეთ. ლოკაციების აღმოსაჩენი მოგზაურობისას, ზვავის საფრთხის გამო ქარბუქში მოვყევით. გაგვიმართლა, რომ რამდენიმე კვირა მთაში არ დავრჩით კომუნიკაციისა და პროდუქტის გარეშე და უვნებლად გადავრჩით. ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ, კლიპის გადაღებები 2022 წლის ოქტომბერში დავასრულეთ“
აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ვიდეოში შავ-თეთრი კადრები საარქივო მასალა არ არის – ისინი თავად რეჟისორს ეკუთვნის და რაჭასა და ბახმაროში, მაღალმთიან ქართულ სოფლებშია გადაღებული.
„შემოქმედებითი პერიოდი ორ ნაწილად დაიყო – დოკუმენტური და მხატვრული. გადაღება Scoopic ფირზე დავიწყეთ, რომელსაც თავისი პლასტიკურობა და გამოსახულების ესთეტიკა აქვს. ამ პროცესში კამერა მწყობრიდან გამოვიდა და გადაღება 60-70-იანი წლების Bolex-ით გავაგრძელეთ, რამაც იგივე ქრონიკის ეფექტი მოგვცა. მიუხედავად რეალისტური ესთეტიკისა, ეს არ არის საარქივო მასალა, არამედ ახლა, ჩვენ მიერ არის გადაღებული. გადასაღებად არჩეული სოფლებისკენ გზა ტურისტული ნაკადისთვის ჩაკეტილია. ჩვენი გზაც დამღლელი იყო – არც თუ ისე ადვილი, მაგრამ ახლობლების დახმარებით, ამ ადგილებში მოხვედრა მოვახერხეთ და უნიკალური მასალა აღვბეჭდეთ“ – ამბობს ვიდეოს რეჟისორი, ლადო კვატანია.
კლიპს სოციალურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის მუსიკალური ინდუსტრიის არაერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა გააზიარა. მათ შორის არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი ჯამალა, რომელიც „ევროვიზიის სიმღერის კონკურსის“ გამარჯვებულია.