New York Times-მა მუსიკოს SZA-ს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში არტისტმა შემოქმედებით წარმატებასა და პოპულარობის მოპოვებაზე დეტალურად ისაუბრა. როგორც SZA-მ თქვა, ყველაფერი „დელავერის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ყოფნისას დაიწყო, სადაც სწავლას საზღვაო ბიოლოგიის განხრით აპირებდა.
„ყოველდღე მალიბუს ვსვამდი, მარიხუანას ვეწეოდი და მეძინა.“ – თქვა SZA-მ კოლეჯში სწავლის პერიოდის გახსენებისას. არტისტმა აღნიშნა, რომ მალევე სწავლა მიატოვა და ნიუ ჯერსიში, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. როგორც SZA-მ გაამხილა, თავისი ასაკის შესახებ იტყუებოდა, რათა ბარმენად ემუშავა და ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის სტრიპტიზ კლუბებში ცეკვა შესძლებოდა. საბოლოოდ, უფროსმა დამ მისი საქმიანობის შესახებ გაიგო და ყველაფერი დედას შეატყობინა.
„როდესაც დედაჩემის სურვილს არ მივყევი და კოლეჯი მივატოვე, მან მიმანიშნა, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი. ნაცნობების დივანზე მეძინა, უმიზნოდ ვიყავი. ამან საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო, თუმცა ამავდროულად ჩემში ცეცხლი აანთო.“ – აღნიშნა 33 წლის მომღერალმა.
წარსულზე საუბრისას, არტისტის დედა მომხდარს დადებითად აფასებს და მადლიერია, რომ SZA საკუთარ ოცნებებს მიჰყვა. „ნეტავ, მაშინ ის მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი – ეს არის საკუთარი შვილის სურვილების მოსმენა და მხარდაჭერა. ძალიან რთულია საკუთარ ოცნებებს მივყვეთ. უამრავმა ჩვენგანმა მათზე უარი ადრეულ ასაკში ვთქვით. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემთ, გვიყვარს და ვენდობით, ფიქრობენ, რომ რაიმე სხვა უნდა ვაკეთოთ. მიხარია, რომ მან (SZA-მ) მე არ მომისმინა“. – თქვა SZA-ს დედამ, ოდრი როუმ, NYT-თან საუბრისას .
SZA-მ ალბომი, სახელწოდებით S.O.S. ახლახან გამოსცა. ნამუშევარმა Billboard 200-ის ჩარტებში პირველი ადგილი მომენტალურად დაიკავა.