ქანიე ვესთი ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერი აღარ იქნება

ფოტო: Edward Berthelot/GI

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერი აღარ იქნება. ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად გამოცემა TMZ-მ გაავრცელა, “ბილბორდს” წყარომ დაუდასტურა. თუმცა, თავად მუსიკოსს ან ღონისძიების ორგანიზატორებს განცხადება არ გამოუქვეყნებიათ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვესთის ფესტივალიდან მოხსნის მოთხოვნით Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორები მიზეზად ასახელებდნენ რეპერის საჯარო განცხადებებს ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანისა და მისი ამჟამინდელი შეყვარებულის, პიტ დევიდსონის მისამართით. პეტიციამ დღემდე 49 000 ხელმოწერა დააგროვა.

“უკვე წელიწადია, ვაკვირდებით ქანიეს მხრიდან კიმის, პიტისა და სხვების შევიწროებისა და მათზე მანიპულაციის მცდელობებს. არავის სურს, ქანიეს დაუპირისპირდეს და ვინც ამას ეცდება, არც მას ინდობს. ახლახან ვესთი პირდაპირ იმუქრებოდა, რომ მათ ფიზიკურ ზიანს მიაყენებდა. კომიკურია, რომ მას ეძლევა უფლება, თავისუფლად მოიქცეს ასე. “კოაჩელას” უნდა რცხვენოდეს და არ უნდა უთმობდეს ქანიეს თავის პლატფორმას”, – ეწერა პეტიციის ტექსტში.

ჰიპ ჰოპ არტისტი პეტიციას არ გამოხმაურებია, თუმცა, დაიმუქრა, რომ ღონისძიებას გამოეთიშებოდა, თუ კიდევ ერთი ჰედლაინერი, ბილი აილიში ბოდიშს არ მოუხდიდა ტრევის სკოტს, რომელთან ერთადაც თავად გეგმავდა სცენაზე გამოსვლას. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბილიმ თავისი ერთ-ერთი შოუ იმიტომ შეაჩერა, რომ მახლობლად მდგარ თაყვანისმცემელს ინჰალატორი დასჭირდა. ეს ნაბიჯი კი ქანიემ ტრევისის მიმართ უპატივცემულობის ხაზგასმად მიიჩნია, რადგანაც 2021 წლის ნოემბერში Astroworld Festival-ზე სკოტის გამოსვლისას მომხდარი ჭყლეტისას ათი ადამიანი დაიღუპა. ტრევისს კი ტრაგედიის ასაცილებლად რეაგირება არ მოუხდენია.

“მიდი, ბილი, ჩვენ გვიყვარხარ. ბოდიში მოუხადე ტრევისს და დაღუპულთა ოჯახებს. არავის ჰქონდა განზრახვა, ხალხი გარდაცვლილიყო. ტრევისს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, როდესაც სცენაზე იდგა და ამ ამბავმა გული ძალიან ატკინა. და დიახ, ის ჩემთან ერთად გამოვა Coachella-ს სცენაზე, თუმცა, მანამდე ბილიმ ბოდიში უნდა მოიხადოს”, – წერდა ქანიე სოციალურ ქსელებში. “ტრევისზე საერთოდ არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ფანს ვეხმარებოდი”, – განაცხადა აილიშმა პასუხად.

აღსანიშნავია, რომ ქანიე ვესთი “კოაჩელას” ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო ბილი აილიშთან, ჰარი სტაილზთან და სუპერჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად. ღონისძიება 15-17 და 22-24 აპრილს ჩატარდება.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო და დღემდე 11 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 160 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰიპ ჰოპ არტისტად მიიჩნევა. ქანიე მეორე რეპერია ჯეი ზის შემდეგ, რომელმაც რეკორდული, 24 გრემის ჯილდოს მოპოვება შეძლო. ის აგრეთვე კომერციულად წარმატებული ბრენდის Yeezy დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა: ჩემს მე-13 გრემიზე ისევე ვიტირე, როგორც პირველზე

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოტოები გრემის შემდეგ გამართული წვეულებებიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი