სასამართლოში ყოფილი ცოლის, ემბერ ჰარდის მხრიდან ცილისწამების საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მსახიობი ჯონი დეპი ინგლისში როკ მუსიკოს ჯეფ ბექის კონცერტზე მოულოდნელად გამოჩნდა. ის გიტარით ხელში სცენაზე ბექთან ერთად უკრავდა. არტისტებმა ქალაქ შეფილდში თავიანთი 2020 წლის კომპოზიცია Isolation, მარვინ გეის What’s Going On და ჯიმი ჰენდრიქსის Little Wing შეასრულეს.
მანამ მსახიობი გახდებოდა, დეპს მუსიკოსობა სურდა. სასამართლოში ერთ-ერთ პროცესზე მან აღნიშნა, რომ სამსახიობო კარიერა მას შემდეგ აირჩია, რაც მუსიკაში საკმარის წარმატებას ვერ მიაღწია. ჯონი ამჟამად ჯგუფის Hollywood Vampires წევრია ელის კუპერთან და ჯო პერისთან ერთად.
ყოფილი ცოლ-ქმრის საქმის განხილვა ვირჯინიაში, ფეარფაქსის რაიონულ სასამართლოში 11 აპრილიდან მიმდინარეობდა. ნაფიცი მსაჯულები ამჟამად უკვე საბოლოო ვერდიქტზე მსჯელობენ. დეპმა ჰარდს გამოცემა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ოპ-ედთან დაკავშირებით უჩივლა, რომელშიც ქალი მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა. შედეგად ჯონი სხვადასხვა როლიდან მოხსნეს, მათ შორის ფილმიდან Pirates of the Caribbean. ამიტომაც ის ემბერისგან ფინანსური ზიანის მიყენების სანაცვლოდ 50 მილიონ დოლარს მოითხოვს. ჰარდმა კი სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეიტანა და 100 მილიონი მოითხოვა.
ჯონი დეპს მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ ცნობილ არტისტთან უთანამშრომლია. მათ შორის არიან როკ შემსრულებლები, ელის კუპერი და Aerosmith-ის გიტარისტი, ჯო პერი, რომლებთან ერთადაც სუპერჯგუფში Hollywood Vampires წევრიანდება. კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი 2015 წელს გამოუშვა, რიგით მეორე ალბომი Rise კი 2019 წელს გაავრცელა.