გოგონათა სამხრეთკორეული ბენდი BLACKPINK პირველი მუსიკალური პროექტი გახდა, რომელმაც იუთუბზე 75 მილიონი გამომწერი დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Billboard-ს ვიდეოპლატფორმამ დაუდასტურა.
კოლექტივმა, რომელშიც ჯისუ, ჯენი, როზე და ლისა წევრიანდებიან, 2021 წლის სექტემბერში პირველად მოიპოვა ყველაზე მეტი გამომწერის მქონე არტისტის სტატუსი, ლიდერი ჯასტინ ბიბერი კი უკან მოიტოვა.
ამჟამად მეორე ადგილზე 69.3 მილიონით კანადელი ჯასტინ ბიბერია, მესამე პოზიციაზეა BTS 68.7 მილიონით, მათ მოსდევს Marshmallow (55.4 მლნ) და ემინემი (52.4 მლნ).
“ბლექფინქმა” ამ წარმატებას სწრაფად მიაღწია. მათი დებიუტი 2016 წელს შედგა, 2019 წლის მარტში კი ჯგუფი პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელმაც იუთუბზე 20 მილიონი გამომწერი დააგროვა. 2020 წლის ივლისში კოლექტივი მსოფლიოში მეექვსე მუსიკალური პროექტი გახდა, როდესაც გამომწერთა რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა.
BLACKPINK-ს წარსულში იუთუბზე არაერთი რეკორდი დაუმყარებია. 2019 წლის ნოემბერში ბენდი პირველი კეიპოპ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეორგოლმაც Ddu-Du Ddu-Du პლატფორმაზე მილიარდი ნახვა დააგროვა. ამის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, მათი კლიპი How You Like That ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის, 86.4 მილიონმა მაყურებელმა იხილა.