„სასტუმროს დიასახლისი” ანუ La Locandiera იტალიური დასის შესრულებით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

სპექტაკლი ფესტივალ „საჩუქრის” დასკვნითი ღონისძიება იყო

ფესტივალ „საჩუქრის” ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით თბილისს იტალიური დასი Proxima Res ეწვია. დასმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე სპექტაკლი “სასტუმროს დიასახლისი (La Locandiera) ითამაშა. 

„სასტუმროს დიასახლისი” კარლო გოლდონის შედევრად აღიარებული კომედიაა, რომელიც პირველად 1752 წელს ვენეციაში დაიდგა. მას შემდეგ პიესა ითარგმნა 22 ენაზე და დაიდგა მრავალი ქვეყნის თეატრის სცენაზე. რეჟისორ ანდრეა კიოდის მიერ დადგმული ვერსია ქართულმა აუდიტორიამ სუბტიტრებით იხილა. 

მიკელე პანელა, Proxima Res სამსახიობო სკოლის დირექტორი, ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატის წევრი:

„La Locandiera თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა. ამ დადგმის რეჟისორი ანდრეა კიოდია. დეკორაცია მინიმალისტურია, მსახიობები საოცრად თამაშობენ და სპექტაკლი ძალიან სასაცილოა. რეჟისორისეული გადაწყვეტაა ის, რომ თითოეულ გმირს მსახიობის გარდა პატარა თოჯინაც წარმოადგენს. ამით ის გმირების ორ დონესა და მათი ხასიათის დინამიკას ქმნის. სპექტაკლის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს ბევრ ქვეყანაში, თუმცა, ჩემი აზრით, ამ დადგმის განსაკუთრებული ხაზი მთავარი გმირის სახეა. რეჟისორი ძალიან ღრმად ჩასწვდა და განავითარა მირანდოლინას გმირი. ის ძალიან თანამედროვე ქალია. ჭკვიანია და თავის უნარებს იყენებს, რომ ის მოიპოვოს, რაც უნდა. თუმცა ბოლოს ზედმეტი მოსდის და ამის საფასურსაც იხდის. სპექტაკლში ძველი და თანამედროვე ელემენტებია შერწყმული და ეს ძალიან რბილად და ჰარმონიულად ხდება.”

მარიანჯელა გრანელი მირანდოლინას როლში

„სასტუმროს დიასახლისი” ქართული სცენისთვის უცხო არ არის. 1952 წელს გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ ვერსიაში მირანდოლინას როლს ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა. მას პარტნიორობას სერგო ზაქარიაძე უწევდა. მირანდოლინას როლი შესრულებული აქვთ ასევე სალომე ყანჩელს სოხუმის თეატრში და თათული დოლიძეს სატელევიზიო ვერსიაში. იტალიური დასის შესრულებით სპექტაკლი ფესტივალ „საჩუქრის” დასკვნითი ღონისძიება იყო. წარმოდგენას იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოც ესწრებოდა.

ქეთი დოლიძე, ფესტივალ „საჩუქრის” დამფუძნებელი: 

„სიმბოლურია, რომ ჩვენი ფესტივალი გაიხსნა საბერძნეთით, სადაც დაიბადა თეატრი და დაიხურა ქვეყნით, რომელიც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობისაა მსოფლიო თეატრის ისტორიაში.  ეს არის იტალია. წელს საიუბილეო 25-ე სეზონი გვქონდა და ვუმასპინძლეთ ისეთ დიდ ხელოვანებს, როგორებიც არიან თეოდოროს ტერზოპულოსი, მიხეილ მარმარინოსი, დიმიტრის დიმიტრიადისი. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც თავის სასახლეში  საგანგებო შეხვედრა მოუწყო მათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. წლევანდელი  სეზონი მნიშვნელოვანი იყო ასევე იმით, რომ დაარსდა პროექტი „სტუდენტური ფრინჯი”, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ახლა უკვე მომავალი სეზონისთვის ვემზადებით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“

„თბილისის ბაროკოს ფესტივალი” და ბახის საყვარელი კომპოზიტორის – ზელენკას მუსიკა 

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი ფილმიდან „If These Walls Could Sing“. ფოტო კრედიტი: Disney+

პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, რინგო სტარი და ჯორჯ ლუკასი  Abbey Road Studios დოკუმენტური ფილმის ტრეილერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი
ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა.”
მეტი
სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი