„თბილისის ბაროკოს ფესტივალი” და ბახის საყვარელი კომპოზიტორის – ზელენკას მუსიკა 

„საქართველოს სინფონიეტა“ 2022 წლის 9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ მართავს.
„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“
„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“

„თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსა. ბაროკოს ფესტივალი მთელს ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტური შესრულების მანერით სრულდება. ყოველწლიურად ფესტივალს აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ანსამბლები და მუსიკის სპეციალისტები სტუმრობენ. 

„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“

ფესტივალის ფარგლებში, 15 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას,  ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით და მოწვეული მუსიკოსების: გაბრიელ გრამესკის, სტეფან ნოდილოს, ჟოაკიმ გერას და გიორგი კუზანაშვილის მონაწილეობით – ბრაზილიური ბაროკოს და ზელენკას მუსიკა შესრულდა.

ზვიად ბოლქვაძე, დირიჟორი

ზოგადად ამ ფესტივალს უდიდეს მნიშვნელობა აქვს მუსიკოსის შემდგომი განვითარებისთვის. თუ გვაქვს იმის ფუფუნება საქართველოში, რომ ყოველი პერიოდის მუსიკა სრულდებოდეს ისე, როგორც საჭიროა, როგორც ევროპაში სრულდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მონაპოვარი და ბედნიერებაა. ბავშვობაში ოცნებად მქონდა ბაროკოს მუსიკის პერიოდის მოსმენა ცოცხალი შესრულებით. თან მითუმეტეს, ასეთი განსაკუთრებული მიდგომებით, სტილისტიკურად ყველა წესის დაცვით, სწორი იმ პერიოდის  ინსტრუმენტებით,  რა თქმა უნდა  ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს ადამიანები უდიდეს საქმეს აკეთებენ, სამომავლოდ რა თქმა უნდა, ამას ისტორია კიდევ სხვანაირად შეაფასებს. ჩემთვის პირადად, ძალიან დიდი სიამოვნება და გამოცდილებაა, რომ მათთან ერთად ვმოგზაურობ იმ ეპოქაში. 

ბაროკოს მუსიკის ნაწარმოებებიდან ცხადია ყველა თანხმდება, რომ ბახი უზარმაზარი ოკეანეა, მაგრამ დღევანდელი კონცერტიდან, იან დისმას ზელენკა თავად ბახისთვის  ყოფილა  ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი. მართლაც, საოცარი მუსიკა აქვს და ამ ბოლო პერიოდში ჩემთვის ნამდვილად დიდი აღმოჩენაა. რომ არ ყოფილიყო ეს ფესტივალი, შეიძლება ესე ღრმად ამ კომპოზიტორს ვერ გავცნობოდი. ამ ფესტივალის ფარგლებში მომეცა საშუალება უფრო ღრმად შეგვესწავლა ნაწარმოები, დაგვემუშავებინა და ყველა დეტალში შიგნით შევსულიყავით. ჩემთვის ეს ბოჰემიელი კომპოზიტორი იან დისმას  ზელენკა ნამდვილი აღმოჩენაა.“  – ზვიად ბოლქვაძე, დირიჟორი.

ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები

2012 წელს თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა და  კავკასიაში  პირველი ბაროკოს ორკესტრი გახდა. 

ბაროკოს პერიოდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის თეორბო, რომელიც თავისი კლასიფიკაციით კლასიკური გიტარის წინამორბედ საკრავად ითვლება. 

გიორგი კუზანაშვილი, თეორბოს შემსრულებელი

„ინსტრუმენტს რომლითაც ვუკრავ, ჰქვია თეორბო. ეს არის კლასიკური გიტარის ერთ-ერთი წინამორბედი, რომელიც ლუტნის ოჯახის ინსტრუმენტს მიეკუთვნება. ეს უკანასკნელი, რენესანსის ეპოქაში შეიქმნა. ლუტნა არის პირველი სიმებიანი ამოსაკრავი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს სიმღერის დროს აკომპანემენტს უწევდა. მის სიმებს თავდაპირველი ტექნოლოგიით ცხოველის ნაწლავისგან ამზადებდნენ.  დღესაც თუ გვინდა, რომ ამ ინსტრუმენტის ავთენტური ჟღერადობა გვქონდეს, ვიყენებთ ამ მასალის სიმებს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიაში  არსებობს შუალედური მასალის ნეილონის სიმები, რომელიც  ინსტრუმენტ თეორბოზე გამოიყენება.

ზოგადად ბაროკოს მუსიკის ფესტივალი მნიშვნელოვანია, რადგან თუ იცი, საიდან განვითარდა ჩვენი დღევანდელი მუსიკა, თუ მისი წარმომავლობის შესახებ გაქვს რამე ინფორმაცია, შემდეგ ამ მუსიკას სხვანაირად ასრულებ და უსმენ. 1950-იან წლებამდე ბაროკოს და რენესანსის ეპოქის მუსიკის შესახებ მასალა და ინფორმაცია ბევრი არ მოიპოვებოდა.  თუმცა 1950-იანი წლების შემდეგ, აღმოაჩინეს უზარმაზარი მასალა,  დაწყებული ნოტებით, სიმების მასალით დამთავრებული. სწორედ აქედან იწყება ამ მუსიკის ავთენტური შესრულების აღორძინება. „საქართველოს სინფონიეტა“ არის პირველი ორკესტრი, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოში მსგავსი ფესტივალის გაკეთება,  რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს,  რადგან ჟღერადობის მხრივ  ხალხს შესაძლებლობა ეძლევათ იმჟამინდელი ინსტრუმენტების განსხვავება მოისმინონ.“  გიორგი კუზანაშვილი, თეორბოს შემსრულებელი.

ფესტივალის მიზანი ბაროკოს პერიოდის მუსიკის განვითარება და ხელშეწყობაა.

„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“

“წლევანდელი ფესტივალი არის რიგით მერვე ფესტივალი. 2015 წელს გაიმართა პირველი ფესტივალი, მას შემდეგ ამ მუსიკაში ბევრი რამ აღმოვაჩინეთ, შევიძინეთ, ვარსკვლავი მუსიკოსი მეგობრები გავიჩინეთ. ფესტივალის ფარგლებში ბევრმა ორკესტრმა და ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა და სამომავლოდაც რა თქმა უნდა, უამრავი რამ იგეგმება. ჩვენი ფესტივალი იმით არის გამორჩეული, რომ ჩვენს რეგიონში მარტო ჩვენი ორკესტრი არსებობს, რომელიც ავთენტური ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი და ცდილობს ბაროკოს პერიოდის და კიდევ უფრო ძველი მუსიკაც ავთენტური მანერით შეასრულოს.“ გიორგი ქერელაშვილი, „საქართველოს სინფონიეტას“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება. 

„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“ – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და დირიჟორი – ზვიად ბოლქვაძე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლინდსი ლოჰანი, ჯიმი ფელონის The Tonight Show-ზე. 2022 წლის 10 ნოემბერი. ფოტო: ტოდ ოუიანგი

ნახეთ, რა თქვა ლინდსი ლოჰანმა შესაძლო ახალი ალბომის შესახებ

შემდეგი სტატია

„სასტუმროს დიასახლისი” ანუ La Locandiera იტალიური დასის შესრულებით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ლიანა ფაილოძე-ჰარონმა ქართული ნაწარმოებების ალბომი გამოსცა

ალბომი სახელწოდებით „ქართლი: საქართველოს ისტორიები” ქართველი კომპოზიტორების 12 ნაწარმოებს აერთიანებს.
მეტი

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი