თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფესტივალის მთავარი პრიზი რეჟისორ სოსო ბლიაძეს გადაეცა. ნამუშვარმა სახელწოდებით „ჩემი ოთახი“, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და „ოქროს პრომეთე“ დაიმსახურა.

10 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოება ჩატარდა. მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა. ფესტივალის მთავარი პრიზი რეჟისორ სოსო ბლიაძეს გადაეცა. ნამუშევარმა, სახელწოდებით „ჩემი ოთახი“,  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და „ოქროს პრომეთე“ დაიმსახურა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულად კატალინა ბაქრაძის სარეჟისორო ნამუშევარი „ჩემი მეგობარი ანდრო“ დასახელდა. კოტე კალანდაძის ფილმმა „დრამერი“, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კატეგორიაში პირველი განსაკუთრებული აღნიშვნა მიიღო ლევან უჩანეიშვილის ფილმმა „აქსელი“, ხოლო მეორე განსაკუთრებული აღნიშვნა – მიხეილ კვირიკაძის სარეჟისორო ნამუშევარმა, „ქრისტე ჩიტი (ნათლობა იორდანეში)”. 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ დოკუმენტური კინოს კატეგორიაშიც. Საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოქროს პრომეთე“ რეჟისორ თეკლა ასლანიშვილს გადაეცა ნამუშევრისათვის „სახელმწიფო სახელმწიფოში“. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმების კატეგორიაში კი, ჟიურის რჩეულად ანა ჯეგნარაძის და მარიტა თევზაძის ნამუშევარი „ჰეი, გუნეშ!“დასახელდა. განსაკუთრებული აღნიშვნა გიორგი ვარსიმაშვილმა დაიმსახურა ფილმისათვის „მაინც ვითამაშებთ“. 

ჟიურიმ ასევე სპეციალური პრიზის მფლობელი კინოსურათი დაასახელა. ეს ჯილდო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ფილმს, Klondike-ს გადაეცა. 

„ადამიანის უფლებები კინოში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაწესებული კიდევ ერთი სპეციალური პრიზია. ამ პრიზის მფლობელი იაპონელი რეჟისორი ჩი ჰაიაკავა გახდა, ფილმისათვის Plan 75. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამით გამოირჩეოდა. როგორც კინოფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას თქვა, აუდიტორიის ჩართულობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. 

„წელს ჩვენ 100-მდე ფილმი ვაჩვენეთ. ქართული და უცხოური ფილმები სხვადასხვა სექციაში იყო წარმოდგენილი. აუდიტორიის ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა,  სეანსებზე დარბაზი სრულიად გავსებული იყო. ფესტივალს ესწრებოდა უამრავი აკრედიტებული სტუმარი – რეჟისორები, კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიული წარმომადგენელი, პრესა. თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი შედარებით მცირე დაფინანსებით ჩატარდა. სამწუხაროდ, წელს ახალგაზრდა კინემატოგრაფებისთვის საკმარისი მოცულობით ვერ უზრუნველვყავით  მასტერკლასები, ვორკშოპები, ტრენინგები, თუმცა, კინო ჩვენებების მხრივ, ტრადიციულად მაღალი სტანდარტი შევინარჩუნეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არაკომერციული, არტ-ჰაუს ფილმები მაყურებლამდე მივიდა, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კინოფესტივალმა თავისი მისია შეასრულა.“ – აღნიშნა გაგა ჩხეიძემ. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჟიური სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. სხვა წლების მსგავსად, კინოფესტივალმა მოწვეული სტუმრების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

წლევანდელი კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმის რეჟისორი სოსო ბლიაძე 2021 წლის გამარჯვებულიც არის. გასულ წელს ჟიურიმ საუკეთესო ფილმად „ოთარის სიკვდილი“ დაასახელა. რაც შეეხება მის ახალ ნამუშევარს „ჩემი ოთახი“, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და არა ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაშიც გაიმარჯვა. 

„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ძალიან მიყვარს და ამ პრიზის მოპოვება ჩემთვის დიდი სიხარულია. ქართული კინო მრავალფეროვანი და საინტერესოა. აუცილებელია, პრესამ უფრო ხშირად ისაუბროს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კინოზე, რათა მაყურებლები ამ ფილმების სანახავად დაბრუნდნენ კინოთეატრებში“ – სოსო ბლიაძე, კინორეჟისორი. 

„ჩემი ოთახი“ ორი გოგოს ურთიერთობაზე ფოკუსირდება. გმირები სრულიად სხვადასხვა სოციუმს მიეკუთვნებიან. ერთმანეთისაგან განსხვავებული პერსონაჟების ურთიერთობა თანდათან ახლო კავშირად გარდაიქმნება. კინოსურათში ნაჩვენებია  თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდების ყოველდღიურობა და პატრიარქალური შეხედულებების გავლენა მათ ცხოვრებაზე. ფილმში მთავარ როლებს თაკი მუმლაძე და მარიამ ხუნდაძე ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ თაკი მუმლაძე სცენარის თანაავტორიც არის.

„საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვება საკმაოდ მოულოდნელი და სასიხარულო იყო. ყველაზე ამაღელვებელი კი ის ემოცია აღმოჩნდა, რომელიც აუდიტორიის დამოკიდებულებამ გამოიწვია. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. „ჩემი ოთახი“ იყო მცდელობა იმისა, რომ ქართველ გოგოებზე გველაპარაკა. როდესაც რაღაცას აკეთებ, ყოველთვის გაქვს კითხვის ნიშანი, რამდენად მართებულია შენი არჩევანი, შენი ხედვა. როცა ასეთი შედეგები გიდასტურებს, რომ სწორი გზით წახვედი, ძალიან მძაფრი შეგრძნება გეუფლება.“ –  აღნიშნა Billboard Georgia-სთან საუბრისას ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა და სცენარის თანაავტორმა, თაკი მუმლაძემ. 

კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, კინოთეატრ „ამირანში“ დიტო ცინცაძის ახალი ფილმის, „როქსის” ჩვენება გაიმართა. 

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 11 დეკემბერს სრულდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თინა ტერნერი მიუზიკლ Tina - Das Tina Turner Musical-ის პრემიერის დროს 2019 წლის, 3 მარტი, გერმანია, ჰამბურგი. ფოტო: ფრანზიკა კრუგი

თინა ტერნერის ემოციური გზავნილი შვილის, რონი ტერნერის გარდაცვალების შემდეგ – “შენ ძალიან ადრე დატოვე სამყარო”

შემდეგი სტატია

SZA ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
მეტი
იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

სერიალის მუსიკალური გუნდი Billboard-ს იმ ჰიტებზე უყვება, რომლებიც მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდებისთვის შეარჩიეს.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი
Behind the Door

ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა Behind The Door ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმს Behind The Door უწყვეტად გასდევს ერთი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც სრულ ნარატივს აერთიანებს.
მეტი