სამხრეთ კორეული ჯგუფის, BTS-ის წევრმა ჯინმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაწყების წინ, გულშემატკივრებს პირადი ფოტო გაუზიარა.
BTS-ის ფანების ონლაინ პლატფორმაზე ვარსკვლავმა სელფი ატვირთა. ფოტოზე ჩანს, რომ მომღერალმა ჩვეული იმიჯი შეიცვალა და ამის ნაცვლად, ჯარისათვის დამახასიათებელი მოკლე ვარცხნილობა აქვს. ჯინმა ფოტოს აღწერაც დაურთო, რომელშიც ხუმრობით აღნიშნავს, რომ ახალი ვარცხნილობა იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა.
სტილისტის მიერ მოდელირებული ვარცხნილობის ნაცვლად, სამხედრო სამსახურში თანაბარი სიგრძის მოკლე თმა არის მიღებული. სამხრეთ კორეის ყველა ახალწვეული ასეთ ვარცხნილობას ატარებს. ქვეყანაში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, სრულყოფილი ფიზიკური შესაძლებლობების მამაკაცებმა შეიარაღებულ ძალებში სულ მცირე 18 თვით მაინც უნდა იმსახურონ. სტანდარტულად, ჯარში გაწვევის ასაკი 18 წელია, თუმცა მოქალაქეებს შეუძლიათ, ეს სამსახური 28 წლამდე გადადონ. 2020 წლის დეკემბერში, კორეის ეროვნულმა ასამბლეამ რეგულაცია მიიღო, რომელიც K-POP ვარსკვლავებს ნებას აძლევს, ჯარს 30 წლის ასაკში შეუერთდნენ. აღნიშნული საკანონმდებლო გამონაკლისის დაშვების ინიციატორი ქვეყნის კულტურის სამინისტრო იყო. ძალაში შესვლის შემდეგ, ამ რეგულაციამ BTS law-ის სახელიც დაიმსახურა.
BTS-ის მენეჯერებმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს და ჯგუფის ფანებს აუწყეს, რომ მომღერლის ჯარში ჩარიცხვის აღსანიშნავი ღონისძიება არ იგეგმება.
„სავალდებულო სამხედრო სამსახურს ჯინი სრულად მოიხდის. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი გაწვევის დღეს, რაიმე სახის ოფიციალური ღონისძიების გამართვას არ ვაპირებთ. ჯარში ჩარიცხვის ცერემონიას მხოლოდ სამხედრო პერსონალი და ოჯახის წევრები დაესწრებიან. იმისათვის, რომ თავი ავირიდოთ შეუსაბამო ხალხმრავლობას, გვინდა გულშემატკივრებს მოგიწოდოთ, რომ ადგილზე მისვლისაგან თავი შეიკავოთ. ამის ნაცვლად, გულთბილი სიტყვებით მხარდაჭერას გთხოვთ.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ვარსკვლავის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე.