მუსიკოსებმა გიორგი გიგაშვილმა და კატო კვარაცხელიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში, სახელწოდებით „აკუსტიკა“, კიდევ ერთი ძველი ქართული სიმღერა, „ერთხელ ვიხილე“ გააცოცხლეს. ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული არტისტების შესრულებას მაყურებელი ეთერში 8 იანვარს მოისმენს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ახალგაზრდა მუსიკოსი ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპოზიციის ახალ, ორიგინალურ ვერსიას აჟღერებს.
„გიორგისთან ერთად მუშაობა ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ მუსიკალურად ვეწყობით, კარგი მეგობრებიც ვართ. აქედან გამომდინარე, მასთან ერთად სიმღერისას, ან ახალი ნამუშევრის მომზადებისას, ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება თავად სიმღერას, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა. ბავშვობიდან მიყვარს „ქეთო და კოტე“, რადგან მასში ბაბუაჩემი თამაშობდა, შესაბამისად ყველა არია ზეპირად ვიცი. „ერთხელ ვიხილე“ კი ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა. გიორგი გიგაშვილმა ის იმგვარი ფორმით დამანახა, რომ საკუთარ თავს უფლება მივეცი, ეს სიმღერა მემღერა. ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ და ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.“ – თქვა კატო კვარაცხელიამ Billboard Georgia-სთან საუბრისას.
რაც შეეხება გადაცემა „აკუსტიკას”, მუსიკალური პროექტი მაყურებელს ქართველი მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას სთავაზობს. სხვადასხვა გარემოში ჩაწერილ ვიდეოებში არტისტები საავტორო სიმღერებს, ქავერებსა და ცნობილი მუსიკალური კომპოზიციების ექსპერიმენტულ ვერსიებს აჟღერებენ.