2022 წელს ქართული მუსიკალურ სივრცეში ახალი პროექტი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ გაჩნდა. ეს არის ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს.
ამჯერად, პროექტის ფარგლებში, „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტის პრეზენტაცია შედგა. „მჟავა MESSAGE“ გოგი ძოძუაშვილის და ნიკა მაჩაიძის პროექტია, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის საწყისებთან არის დაკავშირებული. ალბომმა 90-იან წლებში თანამედროვე, ექსპერიმენტული ხელოვნების სფეროში მოღვაწე არაერთი პიონერი არტისტი გააერთიანა. მაია სუმბაძის, ნინო ჩუბინიშვილისა და გიო სუმბაძის ჩართულობით, ალბომმა უნიკალური მულტიმედიური გამოცდილება შექმნა.
გამოცემის პრეზენტაცია 23 დეკემბერს, Mutant Radio-ში გაიმართა.
„90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში არაერთი ჩანაწერი და ალბომი მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რომლის შეცვლა არც მუსიკოსებს და არც იმ დროინდელ მუსიკალურ ინდუსტრიას შეეძლო. სწორედ ამიტომ, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია“ – ნიკა მაჩაიძე.
როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ დამფუძნებლები აღნიშნავენ, უნიკალური მუსიკალური ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენით, გაცოცხლებით და მსმენელის წინაშე წარდგენით, ეს ჩანაწერები ქართულ მუსიკალურ ისტორიაში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
„90-იან წლებამდე საქართველოში ფირფიტების გამომშვები ინდუსტრია არსებობდა. მათ შორის თბილისში იყო ქარხანა, სადაც ფირფიტები იბეჭდებოდა. საბჭოთა კავშირის დროს, ეს იყო ერთიანი ინდუსტრია, რომელიც ცენტრალიზებულად იმართებოდა. 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო, ეს სისტემა ჩამოიშალა და დამოუკიდებელ საქართველოში მოღვაწე მუსიკოსებს საშუალება არ ჰქონდათ, ფირფიტები გამოეცათ. ალბომები ძირითადად კასეტებზე იწერებოდა. უამრავი მუსიკოსი თავის ნამუშევრებს ალბომის სახეს არც აძლევდა და უბრალოდ ჩანაწერებს აკეთებდა. ამიტომ ამდროინდელი ჩანაწერების დიდი ნაწილი მსმენელის აუდიტორიამდე ვერც მივიდა. ეს პროექტი სწორედ აღნიშნულ პერიოდს ეძღვნება – დამოუკიდებელი საქართველოს ადრეულ წლებს, რომლის მუსიკალური ჟღერადობა სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის მუსიკალური თემისგან. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტი უნიკალურია, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ხმებს ფირფიტაზე აბრუნებს. მათ შორის დღევანდელი გამოცემა, „მჟავა MESSAGE“ საკმაოდ ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ეს ნამუშევარი აღმოვაჩენინოთ. როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის კარგად ცოდნა არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საქართველოს უახლესი მუსიკალური ისტორია.“ – ჯაბა შავიშვილი, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი.
„მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მეორე გამოცემაა. სექტემბერში, პროექტის ფარგლებში, Mother On Monday-ის 1995 წლის ალბომის, Friends-ის ფირფიტები გამოიცა.