კვირას საღამოს, „აპოლოს“ თეატრში წარმოდგენა მას შემდეგ შეჩერდა, რაც მამაკაცი ქვედა ანტრესოლის აივნიდან გადმოვარდა.
„უნდა დავრწმუნდე, რომ ვინმე არ დაშავდა“ – თქვა რეპერმა, როდესაც სცენაზე გუნდის წევრი ავიდა და მას ინფორმაცია შეატყობინა.
ინციდენტი შოუს დაწყებიდან ოთხმოცდამეათე წუთზე მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც სცენაზე Rich Flex-ის შესასრულებლად 21 Savage გამოვიდა. პაუზა დაახლოებით თხუთმეტი წუთი გაგრძელდა. დაშავებულს შესაბამისი დახმარება გაეწია.
„სამწუხაროდ გუშინ საღამოს, დარბაზში მსმენელს ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც ის ქვედა ანტრესოლიდან გადმოვარდა და ორკესტრის ფლიგელში ჩავარდა. უბედური შემთხვევის გამო დრეიკის, „აპოლო“ თეატრის და კომპანია SiriusXM-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით შოუ შეჩერდა. სტანდარტული პროტოკოლის დაცვით დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. გულშემატკივრის და აუდიტორიის სხვა წევრების თქმით, მათ სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ. „აპოლო“ ინციდენტს ამ დრომდე იკვლევს“. ნათქვამია ინსტაგრამზე „აპოლო“ თეატრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დრეიკის და კომპანია SiriusXM-ის პარტნიორობით კონცერტი თავდაპირველად თერთმეტ ნოემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა ამერიკელი რეპერის Takeoff-ის გარდაცვალების გამო ღონისძიება დეკემბერში გადაიდო, საბოლოოდ კი, შოუ იანვარში დაიგეგმა, რომელსაც მეორე კონცერტიც დაემატა.