Zoeme – ამ სახელითა და პირველი სოლო ნამუშევრით წარდგა მსმენელის წინაშე ზოე ცქვიტაია. სადებიუტო სიმღერისა და ვიდეოკლიპის სახელწოდებაა Upside Down. მუსიკის ავტორი და პროექტის პროდიუსერი გიორგი ერგემლიძეა.
Zoeme:
„აქამდე ბენდი მყავდა და მიცნობდნენ, როგორც ქავერ შემსრულებელს. ეს პირველია, როცა ჩემი საავტორო სოლო პროექტი გავაკეთე. მე თავადაც ვწერ სიმღერებს და უახლოეს მომავალში ვაპირებ ჩემსავე კომპოზიციების ჩაწერას. ამჯერად გიორგი ერგემლიძესთან ვითანამშრომლე. იდეა, მუსიკა და მთლიანად პროდიუსიგნი მას ეკუთვნის. ტექსტი ერთად გავაკეთეთ და სიმღერის იდეაც ტექსტიდან გამომდინარეობს.
სიმღერა შინაგან სილამაზეზეა, რომელიც ყველა ადამიანშია და რომელიც გარეთ გამოღწევას ცდილობს. ძალიან მინდოდა სილამაზის თემის წამოწევა, რომ სილამაზეს რეალურად სტანდარტები არ გააჩნია. ადამიანები ძალიან განიცდიან, თუ რაღაც არ მოსწონთ საკუთარ თავში და ამის გამო თავს უსამართლოდ ექცევიან. სინამდვილეში კი ძალიან ლამაზები არიან. მთავარი შინაგან სილამაზეა, რომელსაც ძალიან დიდი ბრძოლების გავლა უწევს, რომ გარეთ გამოვიდეს.
რაც შეეხება კლიპს, ალბათ რაღაც კითხვებს დატოვებს. კლიპში მე ვარ – ორნაირად წარმოდგენილი. ერთი მათგანი ადამიანის გარეგნული მხარეა, მეორე კი შინაგანი. მინდოდა, კლიპი ესთეტიკურად ლამაზი ყოფილიყო და ამას უფრო მივაქციეთ ყურადღება, ვიდრე რაღაც კონკრეტულ სიუჟეტს.”
უახლოეს მომავალში Zoeme კიდევ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავს.