პანკ-როკი – ეს არის ყველაზე გულწრფელი მუსიკა, რომელიც ამბოხის, ახალგაზრდული ჟინის და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ეს სუბკულტურა თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათით საზოგადოებაში დადგენილი წესების წინააღმდეგ იბრძვის. აქ მნიშვნელოვანია ინდივიდი და გამოხატვის განსაკუთრებული ფორმები. Პანკ-როკი არ ეგუება უსამართლობას და ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს. სწორედ ასეთი თავისუფალი და მეამბოხე სულის მატარებელია პოსტ-პანკ ჯგუფი SKAZZ.
SKAZZ-ს დაარსებიდან არც თუ დიდი ისტორია აქვს, მაგრამ საკმაოდ დიდი გულშემატკივართა არმია ჰყავს, რომელიც არც ერთ კონცერტს არ ტოვებს.
24 თებერვალს House Of Camora-ში ქართული პოსტ-პანკ ჯგუფის SKAZZ-ის კონცერტი გაიმართა, სადაც ჯგუფმა ახალი სიმღერებიც შეასრულა.
ნახეთ Billboard საქართველოს ინტერვიუ SKAZZ-ის ბენდის წევრებთან საბა ვაშაყმაძესთან და ნოდო კუპრავასთან.
„აქაური მსმენელი ძალიან გვიყვარს. ზოგადად პანკ-როკს ჩვენ არ ვწერთ, უფრო პოსტ-პანკია ჩვენი მუსიკა, მაგრამ ლაივები სულ პანკური გვაქვს, რასაც მსმენელი განაპირობებს.“
პანკ-როკის მნიშვნელობა საქართველოში
საბა:
„პანკ-როკ მუსიკა პასუხია ბევრ კითხვაზე და საქართველოში ამ სუბკულტურამ დიდი ტრადიცია შექმნა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ქართული პანკი მახსენებს წარსულს და ღირებულებებს, რაზეც მომავალს ვაშენებთ.“
ნოდო:
„პანკი ჩემთვის სიმართლეა. ეს ქომუნითია.“
რა არის თქვენი მთავარი პროტესტი, რის წინააღმდეგაც მუდამ იბრძვით?
საბა:
„პანკ მუსიკით ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოხატო პროტესტი, ეს შეიძლება იყოს სოციალური, ისე რომანტიკული და საკომუნიკაციო დონეზეც, როცა შენ ვიღაცასთან გაქვს რაღაც სახის კომუნიკაცია, ან ვიღაცებს აქვთ ერთმანეთთან და ეს კომუნიკაცია რომელიც შეიძლება იყოს დამახინჯებული, არასწორი, ან ცუდისკენ მიმართული და ამასაც აპროტესტებს ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში ამას ვცდილობთ და ამის თქმაც გვინდა, რომ ეს პროტესტი ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გამოიხატოს, როგორც ადამიანის კომუნიკაციაში, ისე სოციალურ და რომანტიკულ საკითხებში თუ თემებში.“
თქვენი ლაივ კონცერტი 24 თებერვალს დაემთხვა, ზუსტად ერთი წელი გავიდა რუსეთ-უკრაინას შორის დაწყებული ომიდან, წინასწარ გქონდათ დაგეგმილი ეს დღე თუ უბრალოდ დაემთხვა თქვენი კონცერტი ამ თარიღს.
„სპეციალურად არ გვქონდა ეს დღე ჩაფიქრებული, მაგრამ როცა საუბარი იყო ამ ლაივის თარიღთან დაკავშირებით, მერე გავიგეთ, რომ ეს დღე უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დღეს უკავშირდებოდა და სცენაზე რა თქმა უნდა ეს თემა გაჟღერდება.“
ცოტა ხნის წინ გერმანიაში ტურნე გქონდათ, იგრძნობა თუ არა ქართველ და უცხოურ აუდიტორიას შორის განსხვავება?
ნოდო:
„პირველ რიგში დიდი გამოცდილება იყო ის, რომ სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე სცენაზე მოგვიწია დაკვრა. პირველი რაც მესიამოვნა ის იყო, რომ ჩვენდამი მსმენელის ინტერესი, იგრძნობოდა. მოგვისმინეს, გამოგვკითხეს, რაიმე სახის მერჩი ხომ არ გვქონდა. მუხტიც და ენერგიაც ის მოდიოდა, რაც საქართველოში. ბერლინში ძალიან მაგარი კონცერტი გვქონდა, თუმცა ქართველი აუდიტორიაც იყო და ალბათ ეს ამანაც განაპირობა.“
საბა:
„უბრალოდ, იმათ აქვთ ეს „ეგზოტიზაციის“ მომენტი, ახალი და საინტერესო ხარ მისთვის და ლაივებს რომ ვამთავრებდით, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ თავიანთ აზრს და ამოწმებდნენ, ასე იყო თუ არა ეს, რაც ჩვენზე იფიქრეს. აქ შედარებით სხვა განწყობაა, იმიტომ რომ უფრო ოჯახური გარემოა, მაგრამ მუხტი როგორც იქ ასევე აქ ყოველთვის მძლავრია.“
ნოდო:
„გერმანიაში სამ ქალაქში მოგვიწია კონცერტის ჩატარება. ეს იყო ბერლინი, ლაიფციგი და ჰალე. ალბათ ქალაქებსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა აუდიტორიის მხრივ. ბერლინში უბრალოდ დაიმხეს ყველაფერი, ლაიფციგში გაივსო სივრცე და აუდიტორია უბრალოდ იდგა და გვისმენდა. ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ეგეთი ლაივი არსად არ გვქონია, ჰალე, მე პირადად უფრო ქუთაისს დაუკავშირე. გერმანული ქუთაისი იყო, ლაივი გვქონდა სახლის სხვენში და მხოლოდ ერთი წრე იყო, სადაც ყველა-ყველას იცნობს. ჩახუტება და სიყვარული – ზუსტად ის იყო, რაც ქუთაისს ახასიათებს.“
საბა:
„აქაური მსმენელი ძალიან გვიყვარს. ზოგადად, პანკ-როკს ჩვენ არ ვწერთ, უფრო პოსტ-პანკია ჩვენი მუსიკა, მაგრამ ლაივები სულ პანკური გვაქვს, რასაც მსმენელი განაპირობებს. ეს ხალხი ძალიან ბევრ რამეს ცვლის როგორც ლაივის მიმდინარეობისას, ასევე მუსიკის წერის პროცესში. ძალიან გვიყვარს ჩვენი აქაური მსმენელი, რომელიც სულ სიყვარულის მუხტით გვავსებს.“
ცოტა ხნის წინ, მხარი დაუჭირეთ კურიერებს, რომლებიც შრომითი უფლებების დარღვევისთვის იბრძვიან, და შეუერთდით იმ მუსიკოსებს, რომლებიც მათ გვერდით დგანან, ამის შესახებ რომ გვითხრათ რამე?
საბა:
„ეს ამბავი რომ მოხდა, ზოგადად არც ვმალავთ, რომ ცოტა მარცხნივ ვართ ამ ამბავში. გავიგეთ, რომ მშრომელებს უჭირთ, ეს ფაქტია და ამას ვხედავთ ყოველდღე. არ შეგვეძლო და არც არასდროს შეგვიძლია ამის შეგუება და ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენც ამ კამპანიას შევერთებოდით. არ აქვს მნიშვნელობა იმ მომენტში ვისთან ერთად დგახარ და ვინ აკეთებს ამას, მთავარია რომ ყველა ერთად იყოს და ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, იმიტომ, რომ ის ადამიანები მხოლოდ თავის სათქმელს არ ამბობენ, მთელი ქვეყნის სახელით საუბრობენ და აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს და არიან ძალიან გამბედავები, ძალიან ვამაყობ ამ ხალხით.“
თქვენი მუსიკა ამბოხის და თავისუფლების გზების ძიებაა, თვლით თუ არა, რომ (თქვენს) მუსიკას შეუძლია შეცვალოს რეალობა უკეთესისკენ?
საბა:
„ამაღელვებელი განცდა მეუფლება ხოლმე, იმიტომ, რომ მგონია ახლა, ამ წამს, ძალიან დიდი ძალა აქვს ამ ქვეყანაში მუსიკას, როგორიც არ ჰქონია რაღაცა პერიოდი. ძალიან დიდი რამე შეცვალა ბოლო დროს მუსიკამ და ზოგადად ხელოვნებამ, თუნდაც ვიღაც კონკრეტული მუსიკოსის აზრი ვიღაცებზე გავლენას ახდენს. როგორც მუსიკალურად, ისე სასაუბრო დონეზეც. მგონია, რომ შეუძლია მუსიკას რაღაც შეცვალოს ხალხში. ჩვენ, ქართველები, ზოგადად ისეთი ხალხი ვართ ვისაც მუსიკასთან თანაცხოვრება ყოველთვის გვიადვილდებოდა და ყველგან თანაა მუსიკა. ქართველებში მუსიკას ძალიან დიდი გავლენა აქვს და ექნება.“
ახალ ალბომს ან Ep-ს ხომ არ უნდა ელოდოს მსმენელი თქვენგან უახლოეს მომავალში?
საბა:
„ვმუშაობთ EP-ზე, რომელიც განსხვავებული ჟღერადობის იქნება, რაღაცებს ვექსპერიმენტობთ, ალტერნატიული როკიც არის, ცოტა პანკიც, ცოტა გრანჟიც, ცოტა პოს-პანკიც. დაახლოებით ვადარებთ ხოლმე, ჩვენთვის საკულტო ბენდს Fontaines D.C-ს, ამ ჟღერადობას ვადარებთ და დრაივსაც დააჭერს ალბათ. გაზაფხულისთვის ვამზადებთ ამ EP-ს და შეფუთვაც განსაკუთრებული იქნება. შევა ოთხი სიმღერა და გაერთიანებული ვიდეო დაიდება. ოთხივე ვიდეოს გამოსახულება სიმღერების მიხედვით შეიცვლება. ეს იქნება ფილმის სახით, რომლის სცენარიც ტრეკების მიხედვით განვითარდება.“
მოუსმინეთ – SKAZZ – MDEVARI