ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „სწრაფი, ღამისიერი“ პრეზენტაცია

„მე პირადად ქართულ ლიტერატურაში იმის გაკეთება მინდა, რაც გალაკტიონმა ქართულ პოეზიაში გააკეთა“
ზურა ჯიშკარიანი - მწერალი
ზურა ჯიშკარიანი – მწერალი

16 მარტს „ჰარაკში“ ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის „სწრაფი, ღამისიერი“ პრეზენტაცია გაიმართა. ექსპერიმენტული პროზაში მოვლენები მომავლის თბილისსა და ფაზისში ვითარდება. 

წიგნი „სწრაფი ღამისიერი“, ენობრივი ექსპერიმენტია, ფილოსოფიური აზრების და კიბერ-პანკური ესთეტიკის ნაზავი, რომლის ენის მიღმა მყოფი ტექსტები ისე გვეძახის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ნანოსფერო.

სწრაფი ღამისიერი“, როგორც ზურას წინა სადებიუტო რომანი, არის კიბერ-პანკის ჟანრში შესრულებული ტექსტი და სამეცნიერო ფანტასტიკის ეს მიმდინარეობა იმ მომავლით ინტერესდება, რომელიც ტექნოლოგიით არის სახეცვლილი. ზურას ამ ორ ტექსტს შორის საერთო კავშირი არ არის მხოლოდ ის, რომ ორივე კიბერ-პანკის ჟანრში არის დაწერილი, დრამატურგიულადაც და შინაარსობრივადაც არის რაღაც. ეს ორი წიგნი ერთმანეთთან დიალოგურ რეჟიმშია და ისთერ ეგების პოვნაც  შესაძლებელია, რაც სამეცნიერო ფანტასტიკას ახასიათებს.“ – ქეთი ჩართოლანი

ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „სწრაფი, ღამისიერი“

ზურა ჯიშკარიანი

როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო?

„დავიწყე ფილოსოფიის სწავლა, გადავეყარე დეკარტს და დეკარტმა გამაგიჟა, არის მისი წიგნი „მედიტაციები“, ექვსი მედიტაციიდან,  ერთ-ერთში დეკარტს რეალობაში ეჭვი შეაქვს. ადამიანი არის რაციონალიზმის, თანამედროვე ფილოსოფიის დამფუძნებელი და ყველაზე დიდი ფსიქოდელიური თრიფი აქვს. ამბობს, რომ მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს რეალობა მართლა არსებობს, ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ხელები გამაჩნია, სრულ დეკონსტრუქციას აკეთებს. ეს რომ წავიკითხე, ჩემმა ფსიქოდელიურმა წარსულმა გაიღვიძა და თქვა, რომ რაღაც უნდა გავაკეთო. მომივიდა იდეა დამეწერა ბოევიკი, რომელშიც ყოველი თავი დაფუძნებული იქნებოდა დეკარტის თითო მედიტაციაზე. „სწრაფი ღამისიერი“ ორ დღეში დავწერე, მერე ერთ კვირაში გადავაკეთე და გამოვიდა ეს წიგნი.“

აზროვნების ტრანსფორმაცია და ტექსტი

„მაინტერესებს ენაში საზღვრებამდე მისვლა, სადაც ენა თავად უარყოფს თავის თავს. ამ უარყოფაში მწერალი დაუნდობელი უნდა იყოს, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, მკითხველის მიმართ. არ უნდა შეეშინდეს არანაირი ექსპერიმენტის, იმიტომ რომ ექსპერიმენტია თვითონ პროცესი. ჩემთვის პროცესი არის მთავარი.  ამ წიგნში ძალიან ბევრია ინტუიციაზე დაფუძნებული ტექსტი. იმას კი არ ვწერდი რაც ვიცი, ჩემი მიზანი იყო, ის დამეწერა რაც არ ვიცი. სასიამოვნო და ძალიან მაგარი ორგაზმია, როცა წერ, წერ და უცებ რაღაც ისეთს აღმოაჩენ, რაც აქამდე არ იცოდი. 

მე პირადად საერთოდ არ მგონია, რომ კიბერ პანკს ვწერ, ჩემს რომანს უფრო ფილოსოფიურ-სამედიტაციო ბოევიკს დავარქმევდი, იმიტომ რომ სამედიტაციო წიგნია. ბორხესის და ოთარ ჭილაძის რიტმშია დაწერილი, ამ რიტმში უნდა იკითხო, რომ უფრო მეტი სიამოვნება მიიღო.“

ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „სწრაფი, ღამისიერი“ პრეზენტაცია „ჰარაკში“

კავშირი 

„წერისას მომინდა მეორე წიგნით რაღაცებზე, პირველ წიგნში დასმულ კითხვაზე პასუხი გამეცა და პირიქით, მეორე წიგნიდან პირველი წიგნისთვის დამესვა კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, პასუხი არ მომივა. მაგრამ მინდა კითხვა იყოს დასმული. მჯერა, რომ ადამიანის მთავარი გზავნილი არის არა დასრულებული წინადადება, არამედ ჩამოყალიბებული კითხვა.

ეს წიგნი სწორედ ისეთი დავწერე, რომელსაც მე პირადად დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.“

კიბერ-პანკური სამყარო და პოლიტიკურ-სოციალური პრობლემები

„სარტრი ლაპარაკობს მწერლის ანგაჟირებულობაზე, ისეთ ქვეყანაში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არტისტი, მხატვარი, მწერალი, თუნდაც ექიმი ვერ იქნება წმინდა კულტურის, ეკონომიკის გარეთ. ზეციდან ვერ დაიწყებს მწერალი ლაპარაკს. საბოლოო ჯამში ის არის, რომ რეაქცია მწერალს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს, სიღარიბეზე რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მთავრობაზე და იმპერიის – რუსეთის პრობლემაზე. მილიონი შრე არის შიგნით, რომელზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მარტო აქ ვერ გავჩერდები. მე უნდა ვიმუშაო მომავლის შექმნაზე, იმისთვის არის ეს წიგნები, რომ ვიღაცამ უნდა დაზვეროს  მომავალი.  ერთია რომ აწმყოში რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ამის გარდა არსებობს ტერიტორიები რომლებიც უნდა დაზვერო. მე შეიძლება ცოტა ხმამაღლა გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ მე პირადად ქართულ ლიტერატურაში იმის გაკეთება მინდა, რაც გალაკტიონმა ქართულ პოეზიაში გააკეთა. ვიპოვო ახალი რითმები, ახალი ტერიტორიები, ახალი საზრისები და ეს ყველაფერი გამოჩნდეს, და მერე, ჩემს შვილს დახვდეს.“

ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „სწრაფი, ღამისიერი“ პრეზენტაცია

ეს არის წიგნი, სადაც გამოკვეთილი იდენტობის მქონე არქეტიპული ტექსტი, შინაგან განგაშს და აპოკალიფსურ შეგრძნებას გიტოვებს. 

ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანი „სწრაფი, ღამისიერი“  „სულაკაურის გამომცემლობის“ ეგიდით გამოიცა და მისი შეძენა წიგნის მაღაზიაში უკვე შესაძლებელია.

მწერლის პირველმა რომანმა „საღეჭი განთიადები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია „წლის საუკეთესო რომანისათვის“ 2017 წელს მიიღო, 2018 წელს კი, ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“ გადაეცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გაგა ფრანის პირველი ვინილის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

ტრადიციული იაპონური საკრავის შემსრულებელი არტისტის –  ნობუტაკა იოშიზავას მუსიკალური საღამო Silk Factory Studio-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი

„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

პროექტი ძველი ქართული მულტფილმების განახლებასა და გაფერადებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ქართული ანიმაციის პოპულარიზებას.
მეტი