22 მაისს, ვარდობისთვის ფარგლებში, წინანდლის მამულის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი „სუხიშვილების” გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ანსამბლისთვის შექმნილი უნიკალური სასცენო კოსტიუმები და დასის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ისტორიული ფოტოები ოჯახის არქივიდან. ექსპოზიცია მუზეუმში ორი თვით, 22 ივლისამდე დარჩება.
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააარსეს. წლების განმავლობაში ანსამბლი საქართველოს კულტურის სიმბოლოდ იქცა, საერთაშორისო გასტროლებმა კი მათ დიდი აღიარება მოუტანა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასცენო კოლექტივის სახელი დაუმკვიდრა.
სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე საბალეტო სცენის გამორჩეული ფიგურაა, სასცენო და საოპერო კოსტიუმების მხატვარი, რომელმაც ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „სუხიშვილების” შექმნაში. მისი კოსტიუმები ერთდროულად ინარჩუნებს ავთენტურობასა და ელეგანტურობას და ანსამბლის წარმოდგენების განუყოფელი ელემენტია.