29 აპრილს „SITFY საქართველოს” ფარგლებში თბილისში აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მასზე წარმოდგენილი იქნება ორკაციანი სპექტაკლები, დუოდრამები, რომელთაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ფესტივალი წელს შვიდი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. ესენი არიან: საქართველო, რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი. გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება 3 მაისს რუსთაველის თეატრში შედგება.
დავით საყვარელიძე – თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქრთველოს ცენტრის პრეზიდენტი:
„ამ ფესტივალთან დაკავშირებული სიხარული სცდება ოფიციალურ ჩარჩოებს. განსაკუთრებით ამაღელვებელია იმის ნახვა, თუ როგორ იქცევა ჩვენი საყვარელი თბილისი ადგილად, სადაც ასეთი თამამი და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესები ვითარდება. ჩემთვის დუოდრამა არის ჭეშმარიტი თეატრალური ძიება – ორი ადამიანი, პატარა სივრცე და იმ უხილავი ნაპერწკლის მოლოდინი, რომელიც სცენაზე უნდა გაჩნდეს. ჩვენ ვხედავთ არტისტებს, რომლებიც არ ერიდებიან ექსპერიმენტს, სცდიან ახალ ფორმებს და გვიყვებიან ისტორიებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებას ეხმიანება. ეს ფესტივალი ჩვენთვის არის მცდელობა, დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: საით მიდის და როგორ ვითარდება დღეს თეატრი?”
ფესტივალი 29 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს წარმოდგენით გაიხსნება. მაყურებელი იხილავს ირაკლი ბიბილურის სპექტაკლს „სიკვდილი აკაკუნებს”.
30 აპრილს თბილისს აზერბაიჯანის დასი ეწვევა სემუელ ბეკეტის პიესის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლით „სიჩუმე”. ამავე დღეს შედგება ორი ქართული წარმოდგენის ჩვენება: „ადამი და ევას დღიურები” და „რეპეტიციის შემდეგ”.
1-ელ მაისს მაყურებელი იხილავს რუმინულ დადგმას „ბარბაროსული ღამეები”. ასევე ქართულ სპექტაკლებს: „აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული” და „იატაკქვეშეთის ადამიანი”.
2 მაისს კი სცენაზე ორი უცხოური დასი წარდგება: ომანი, სპექტაკლით „შაბათის დღე” და საბერძნეთი, სპექტაკლით „ლელა და ლელა”.
წელს თბილისი „SITFY საქართველოს” რიგით მეორე გამოშვებას მასპინძლობს. ფესტივალი რეჟისორ მაზენ ელ ღარაბავიმ 2016 წელს შარმ-ელ-შეიხში დააფუძნა იმ ახალგარზდების მხარდასაჭერად, რომლებიც თეატრით არიან დაინტერესებული, მაგრამ საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად საერთაშორისო პლატფორმა არ გააჩნდათ. დროთა განმავლობაში ფესტივალმა საერთაშორისო სახე მიიღო. 2024 წელს, პოლონეთში SITFY-ის დებიუტის შემდეგ, საქართველო ფესტივალის მეორე ევროპული დანიშნულების ადგილი გახდა და 2025 წელს ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ღონისძიებას „SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აბრეშუმის გზა“.
„SITFY საქართველოს” თეატრალური ფესტივალი ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს ახალგაზრდული თეატრების შემოქმედებისა და გამოცდილების გაცვლისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).
ფესტივალი თბილისის მერიის, შემოქმედებითი საქართველოს, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით, აგრეთვე, ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.