მუსიკალური ინდუსტრიის ლეგენდის სეიმურ სტეინის გარდაცვალებამ მილიონობით ადამიანს გული დაწყვიტა. მათ შორის არიან The Ramones, The Smith, Talking Heads, Depeche Mode-ს ფანები და თავად პოპის დედოფალი მადონა.
„სეიმურ სტეინმა დაგვტოვა! ის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი იყო. მან ჩემი სამყარო შეცვალა” – დაწერა მადონამ ინსტაგრამზე და 1992 წლის ვიდეოდან Deeper and Deeper ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავად სტეინი ჩანს.
„Როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში“ შესული სეიმურ სტეინი, რომელიც ასევე იყო Warner Brothers Records-ის ვიცე პრეზიდენტი და რომელმაც თავისი კარიერა „ბილბორდში“ სტაჟირებით დაიწყო, 80 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
1982 წელს სტეინმა აღმოაჩინა და კონტრაქტი გააფორმა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ მადონასთან, რომელიც შემდგომ მსოფლიოს საკულტო პოპ მომღერალი გახდა.
Პოსტში მადონა სტეინთან პირველი შეხვედრის ისტორიასაც ჰყვება. მომღერალი წერს, რომ 1980-იან წლებში მადონა DJ მარკ კამინს ერთი წლის განმავლობაში სთხოვდა, რომ კლუბში Everybody დაეკრა, რაზეც საბოლოოდ დაითანხმა. იმ საღამოს კლუბში Sire Records-ის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„მან მუსიკა მოისმინა და მკითხა, თუ შეიძლებოდა, რომ მის უფროსთან, სეიმურ სტეინთან წავყოლოდი. იმ დროს სეიმური საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო იწვა. მას ცხვირში სასუნთქი მილი ჰქონდა, მკლავზე კი წვეთოვანი ედგა. ისე იცინოდა, როგორც ჩეშირის კატა. მე ხელში გიგანტური მაგნიტოფონი მეჭირა, რომ მისთვის ჩემი ჩანაწერი ჩამერთო. მან გაიცინა, როცა დამინახა და მკითხა, ღვთისმშობელთან თუ მაკავშირებდა რამე. უკვე ვიცოდი, რომ ერთმანეთს გავუგებდით. რამდენჯერმე მოვასმენინე ჩემი სიმღერა. მან კი ჩემთან იმ დღესვე გააფორმა კონტრაქტი. Მან არა მხოლოდ მომისმინა, არამედ დამინახა მე და დაინახა ჩემი პოტენციალი! ამისთვის სამუდამოდ მისი მადლობელი ვიქნები. ცრემლებად ვიღვრები ამის წერისას. სიტყვები ვერ აღწერს იმას, რასაც ახლა ვგრძნობ. ყველა, ვინც კი სეიმურს იცნობდა, იცოდა მისი მუსიკის მიმართ ვნებისა და უზადო გემოვნების შესახებ. მას ისეთი ყური ჰქონდა, როგორიც არავის სხვას! ძვირფასო სეიმურ, არასდროს დამავიწყდები!! მადლობა! Მადლობა, მადლობა! იბრწყინე!!!” – წერს მადონა.
Ნახეთ მადონას პოსტი და მისი კლიპი Deeper and Deeper სეიმურ სტეინის კამეოთი (1:45 წუთზე)