Ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 20-შია! მაყურებლის გადაწყვეტილებით ქართველი მომღერალი კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კიდევ ერთხელ წარდგა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. ამჯერად ნუცამ ტონი ბრექსტონის სიმღერა Unbreak My Heart შეასრულა, რომლის შემდეგაც ჟიური მას კვლავ ფეხზე წამოუდგა.
„შენ ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანი ხარ, ვინც კი ამ სცენაზე მინახავს”, – ასე შეაფასა ლაიონელ რიჩიმ ნუცა.
„როცა წინა ტურზე გითხარი „არა ბრჭყვიალებს”, ვგულისხმობდი ზუსტად ამას, რაც დღეს შენ წარმოგვიდგინე. შენ შეგიძლია შოუს გაკეთება, მაგრამ შენ ასევე შეგიძლია დარბაზის დაჭერა იმით, რომ უბრალოდ იყო ძლიერი ნუცა,” – აღნიშნა კეტი პერიმ.
ლუკ ბრაიანმა კი ქართველ კონკურსანტს ასე მიმართა: „მსოფლიოს მეორე ნაწილიდან ჩამოხვედი და ამდენს მიაღწიე. თავი მაღლა უნდა გეჭიროს.”
ნუცას გამოსვლამდე მაყურებელმა მის შესახებ მომზადებული ემოციური ვიდეოც იხილა, სადაც ქართველი მომღერალი მის მიერ განვლილ შემოქმედებით გზაზე საუბრობს.
American Idol-ის მომდევნო ეტაპი დღეს შედგება, რომლის შემდეგაც ტოპ 20 მონაწილიდან გამარჯვებისთვის ბრძოლას უკვე 12 მათგანი განაგრძობს. მათი ვინაობა ისევ და ისევ მაყურებლის ხმებზეა დამოკიდებული.
იმისთვის, რომ ნუცა ბუზალაძე ტოპ 12-ში მოხვდეს, ამერიკის ტერიტორიიდან შეგიძლიათ ხმა მისცეთ 3 გზით: 1. ბმულზე https://idolvote.abc.com, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და ხმა მისცეთ მას. 2. American Idol-ის აპლიკაციაში, რომელიც უნდა ჩამოტვირთოთ ტელეფონებში. 3. ნუცას SMS ნომრით (26), რომელიც უნდა გაგზავნოთ ნომერზე 21523.
ერთ კვირაში ერთ ადამიანს თითოეული გზით 10-ჯერ შეუძლია ხმის მიცემა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ 10-ჯერ მისცეთ ხმა ABC-ის ვებგვერდის ბმულზე, ასევე 10-ჯერ მისცეთ ხმა აპლიკაციაში და 10 SMS გაგზავნოთ თქვენი რჩეულის ნომერზე. ჯამში ერთ ადამიანს კვირაში 30 ხმის მიცემა შეუძლია.
ხმის მიცემა შესაძლებელია შეზღუდული დროის განმავლობაში. ლოს-ანჯელესის დროით 24 აპრილის დილის 3:00 საათამდე, ნიუ-იორკის დროით 24 აპრილის დილის 6:00 საათამდე, ხოლო თბილისის დროით 24 აპრილის 14:00 საათამდე.
ნახეთ ნუცა ბუზალაძის შესრულება