კაცი, რომელმაც წარუმატებლად უჩივლა ქარდი ბის მისი ალბომის ყდის გამო, თანახმაა, რომ ვარსკვლავს სანაცვლოდ 350 ათასი დოლარი გადაუხადოს. ანუ თანხა, რაც მისი სარჩელის გამო რეპერმა ადვოკატებზე დახარჯა.
თვეების შემდეგ, რაც ჟიურიმ კევინ ბროფის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მისმა ადვოკატმა ფედერალურ მოსამართლეს განუცხადა, რომ ის არა მხოლოდ ქარდის იურიდიული ხარჯებს აანაზღაურებს, არამედ თავისივე სურვილით დაასრულებს ამ საკითხზე დავას და უარს იტყვის საქმის გასაჩივრებაზე.
სავარაუდოდ, მოსარჩელის ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ქარდი ბის ადვოკატები ემზადებოდნენ, მისთვის ზიანის ანაზღაურება ფორმალურად მოეთხოვათ. ამ პროცესში კი, შესაძლოა, ბროფის 350 ათას დოლარზე მეტის გადახდაც დაჰკისრებოდა.
ბროფიმ ქარდი ბის 2017 წელს უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. იგი ამტკიცებდა, რომ განადგურებული და დამცირებული იყო ქარდი ბის ალბომის Gangsta Bitch-ის ყდის გამო, რადგან მასზე გამოსახული კაცის ზურგი მისი ზურგის ანალოგი იყო.
რეალურად, ალბომის ყდაზე გამოსახული კაცი მოდელია, რომელსაც ზურგზე ტატუ ფოტოშოპით დაახატეს. ეს ტატუ კი Ბროფის ზურგზე დახატული ტატუს იდენტური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ქარდი ბის გრაფიკულმა დიზაინერმა გუგლის ფოტო საძიებო სისტემაში ჩაწერა „ზურგის ტატუები” და ალბომის ყდისთვის მათგან ერთ-ერთი აარჩია. მის მიერ არჩეული ნახატი კი ის ტატუ აღმოჩნდა, რომელიც ბროფის ზურგზე ჰქონდა გაკეთებული.
ბროფი ამტკიცებდა, რომ ქარდი ბიმ და მისმა გუნდმა მისი ვიზუალი თანხმობის გარეშე გამოიყენეს, დაარღვიეს მისი პრივატულობის უფლება და შეურაცხმყოფლად წარმოაჩინეს ის. ქარდის ადვოკატები კი ბრალდებას ფანტაზიას უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ვერავინ შეძლებდა უცნობი ადამიანის ამოცნობას მხოლოდ მისი ზურგით.
დაძაბული სასამართლოს ბოლოს მოსამართლე ქარდი ბის ადტვოკატებს დაეთანხმა და ვარსკვლავი ბროფის ბრალდებისგან გაათავისუფლა. მომჩივანი ვერდიქტის შეცვლას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ბროფი ახლიდან ჩივილსაც გეგმავდა. თუმცა ახლანდელი შეთანხმების თანახმად, ის საბოლოოდ უარს იტყვის სასამართლო დავაზე. საპასუხოდ კი ქარდის ადვოკატებიც უარს იტყვიან ზიანის ანაზღაურების ფორმალურ მოთხოვნაზე.