„თეატრის განვითარების ფონდის“ და „სოხუმის დრამატული თეატრის“ ერთობლივი სპექტაკლი, ეჟენ იონესკოს „მარტორქები“-  პრემიერა, „სოხუმის თეატრში“

„თეატრის განვითარების ფონდის“ და „სოხუმის დრამატურგიული თეატრის“ თანამშრომლობით სპექტაკლ „მარტორქების“ პრემიერა 24 ივნისს შედგება.
სპექტაკლი „მარტორქები“
სპექტაკლი „მარტორქები“

წარმოშობით რუმინელი, ფრანგი დრამატურგის, ეჟენ იონესკოს პიესაში „მარტორქები“ – აბსურდული მდგომარეობის მიღმა, რეალური სიუჟეტური ხაზი იკვეთება, რომელიც პრობლემური პოლიტიკის, მასობრივი ისტერიკის, ტოტალიტარიზმის და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდის. 

 სპექტაკლი „მარტორქები“
სპექტაკლი „მარტორქები“

„თეატრის განვითარების ფონდის“ დამაარსებელმა, რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ სწორედ ეს პიესა აირჩია, რათა მაყურებელი უფრო ღრმად დააფიქროს და ანალიზის საშუალება მისცეს, თუ რად შეიძლება იქცეს ადამიანი შიშის და მასობრივი გაუთვითცნობიერებელი ქცევის ფონზე. 

სპექტაკლი „მარტორქები“

აბსურდის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული პიესა 1959 წელს შეიქმნა, და გამოცემის დღიდანვე კრიტიკოსებმა სხვადასხვა ინტერპრეტაცია თუ ალეგორია შეუსაბამეს. რეალურად ნაწარმოები კულტურის, მენტალობის, ფსიქოლოგიის და ზნეობის თემას ეფუძნება, რომელიც ყველა ეპოქაში აქტუალურია.

„ეს არის ეჟენ იონესკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა „მარტორქები“, რომელიც მან ცოტა მოგვიანებით დაწერა, სადღაც 1959-60 წელს. ეს პიესა მის მიერ დაწერილი სხვა პიესებისგან განსხვავებულია. მოგეხსენებათ, პიესა „მელოტი მომღერალი ქალი“, აბსურდის თეატრის მანიფესტად აღიარებულია და ის კრიტიკოსების მიერ უფრო ანტი-პიესად არის შერაცხილი. სტრუქტურა რაც აბსურდულ პიესებში არის, აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც მან „მარტორქებში“ გააკეთა. „მარტორქები“ პრინციპში, იონესკოს ყველაზე კლასიკური გაგებით დრამატურგიულად განვითარებადი პიესაა. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც პიესა პირველად გამოიცა და დაიდგა საფრანგეთში, მაშინ დაიწყო საუბრები ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან, რომ ეს არის ძალიან კარგი ანტი ფაშისტური პიესა, იმიტომ რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი იყო, მოგეხსენებათ და ძალიან აქტუალური იყო მაშინ ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლა. მეორე ნაწილმა კრიტიკოსებისამ თქვა, რომ ეს არის ძალიან კარგი ანტი-კომუნისტური პიესა, მაგრამ თვითონ იონესკომ თქვა, რომ ეს არ არის კონკრეტულად არც ნაციზმის წინააღმდეგ, არც ფაშიზმის წინააღმდეგ, ეს პიესა არის ყველა იმ აზრის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს, საზოგადოების ჯგუფს ვირუსივით ედება და ადამიანობას აკარგვინებს, ეს, რაღაც კოლექტიური აზრი, რომელიც პერიოდულად საზოგადოებაშია. მსგავსი რამ ყველა ქვეყანაში ხდება, ეს იქნება მარქსიზმი, ნაციზმი, სნობიზმი თუ კარიერიზმი, ნებისმიერი „იზმი“, რომელიც ადამიანს აკარგვინებს სახეს, ადამიანობას, კულტურას, მორალს და იქცევა ცხოველივით. ასეთი რამ ხშირად ხდება ყველა ერში და სახელმწიფოში და მათ შორის საქართველო რა თქმა უნდა, ამით ძალიან ხშირად გამოირჩევა. ჩვენ თუ გადავავლებთ ჩვენს ისტორიას თვალს, ძალიან ხშირად გვაქვს ამის მაგალითები და სწორედ აი ამან დამაინტერესა. ამ პრობლემამ, ამ თემამ და სწორედ ამიტომ ავიღე ეს პიესა. 

ზურაბ გეწაძე - რეჟისორი
ზურაბ გეწაძე – რეჟისორი

მე შევქმენი დამოუკიდებელი კომპანია „თეატრის განვითარების ფონდი“, და სწორედ „თეატრის განვითარების ფონდის“ პირველი პროექტია ეს, რომელიც სოხუმის დრამატულ თეატრთან ერთად ხორციელდება. უმრავლესობა სოხუმის თეატრის მსახიობია და ექვსი მსახიობი არის ჩემს მიერ მოწვეული ამ სპექტაკლში, ხუთი მათგანი არის თუმანიშვილის თეატრში, სხვადასხვა თეატრებშიც არიან, ვანო თარხნიშვილი დამოუკიდებელი მსახიობია, შოთა გლურჯიძე არის მხატვარი, ერეკლე გეწაძე – კომპოზიტორი,  მთავარ როლებში კი არიან ვანო თარხნიშვილი, ქეთი ასათიანი, ნინო შავგულიძე, ზურა ყიფშიძე, ნიკა წერედიანი.“ – ზურაბ გეწაძე, რეჟისორი.

სპექტაკლი „მარტორქები“
სპექტაკლი „მარტორქები“

„ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც თავის დროზე იონესკომ გააკეთა და ახლა ძალიან აქტუალურია, იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიარეთ ცოტა ხნის წინ კოვიდ პანდემია და ძალიან ჰგავს ეს სიტუაცია იმას, რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში გადავიტანეთ. რაღაცებზე დაგვაფიქრებს, რაღაც რეფლექსია არის ამასთან დაკავშირებით. ეს თეატრი ჩემთვის არის ძალიან ნიშანდობლივი თეატრი, რამდენიმე სპექტაკლი მაქვს ამ თეატრში გაკეთებული და ვთვლი, რომ „სოხუმის თეატრი“ ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრი უნდა იყოს ალბათ საქართველოსთვის, მეტი ყურადღება უნდა იყოს მის მიმართ. აქ არის არაჩვეულებრივი კოლექტივი, რომელმაც შეინახა ეს თეატრი და ჩამოგვიტანა თბილისში, რომელსაც იმედია ჩვენ მალე ისევ სოხუმში ვიხილავთ. საუკეთესო რეპერტუარები უნდა იყოს. ეს იქნება ერთ-ერთი კარგი და პატარა ფერი იმ რეპერტუარში, რომელიც „სოხუმის თეატრს“ ექნება და იმედს ვიტოვებ, რომ თეატრის რეპერტუარში ეს სპექტაკლი დიდხანს გაგრძელდება.“ – შოთა გლურჯიძე, თეატრის მხატვარი.

სპექტაკლი „მარტორქები“

პიესაში განვითარებული კოლექტიური ისტერიკა სპექტაკლის გმირებს მუდმივად თან სდევს. ალოგიკური ქცევები და შიშები ადამიანებს ზნეობრიობას აკარგვინებს და მეტყველება დაკარგულ მარტორქებად გარდაქმნის. ეჟენ იონესკოს „მარტორქები“ ადამიანის ღირსების ჰიმნია, რომელიც „არას“ თქმის უნარს ეხება. 

ზურაბ გეწაძის სპექტაკლში პერსონაჟი ბერნანჟე დასასრულის საწყისად გვევლინება. იგი სპექტაკლში ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც მიუხედავად მასობრივი გახელებისა, საკუთარ სახეს ინარჩუნებს და ბოლომდე ადამიანად რჩება.

„საინტერესოა ყოველ პროექტზე ჩემთვის მუშაობა, სადაც სპექტაკლის სათქმელი და კონცეფცია რაზეც დგას მნიშვნელოვანია. სათქმელი თვითონ სპექტაკლის, რაც ზურას ჰქონდა ჩანაფიქრი და ის, თუ ვინ არის ეს მარტორქა და საერთოდ, ადამიანის ბუნება როგორია, ძალიან საინტერესოა. აქედან გამომდინარე, თვითონ აი ეს ამბავი, დღევანდელ დღესაც ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ უფრო მასშტაბურია, ძალიან ბევრ ეპოქას გაუძლებს.“ – ქეთი ასათიანი, მსახიობი.

სპექტაკლი „მარტორქები“
სპექტაკლი „მარტორქები“

„პარალელები რა თქმა უნდა ყველა ეპოქაში მოიძებნება, აბსურდი კი არის, მაგრამ ყოველ აბსურდის თეატრს თავისი ლოგიკა აქვს, იდეაში ცხოვრებისეული ლოგიკაა. უბრალოდ, სცენაზე სახეცვლილად არის წარდგენილი. პარალელები უამრავია. თან ჩვენ ძველი ეპოქა შევქმენით. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა რამე სიმბოლო მივანიჭოთ, რადგან სულ ესე ხდება ყველა ეპოქაში. ადრე როცა დაიწერა ფიქრობდნენ, რომ ეს ფაშიზმი იყო დაწერილი, შემდეგ ფიქრობდნენ რომ კომუნიზმზე იყო დაწერილი… ავტორი კი იძახის, რომ ეპიდემიაზეა დაწერილი. ეპიდემიაც ეს არის, სადაც დღევანდელობაც შეგვიძლია ჩავდოთ, შარშანდელი პერიოდიც და მომავალიც. ადამიანის ბუნება როგორიც არის, ისეთი არის ყოველ ეპოქაში.“ –  ვანიკო თარხნიშვილი, მსახიობი.

სპექტაკლი „მარტორქები“

„ყველაფერი დევს პიესაში, თავის დროზე, ეს პარალელები იგრძნობოდა კი არა, ალბათ პირდაპირ იყო. რამდენ რამესთან არის დაკავშირებული, შემდეგ მაყურებელი მიხვდება ყველაფერს. ვფიქრობ, ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა.“  – ზურა ყიფშიძე, მსახიობი.

სპექტაკლი „მარტორქები“

სპექტაკლის არარეალურ თუ რეალურ, აბსურდულ ეპიზოდებში სამყაროს ტოტალური ნგრევის იდეას პიროვნული ნგრევაც ემატება, რომელსაც შიშის ასპექტებიც ახლავს. პიესაში მოთხრობილია სამყაროზე, სადაც ადამიანები მარტორქებად იქცევიან და აბსურდი ზეიმობს. დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა ეს აბსურდი ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლოს დგას რეალობასთან. 

სპექტაკლი „მარტორქები“

სოხუმის დრამატულ თეატრში პიესა „მარტორქები“ ზურაბ გეწაძის რეჟისორობით შეიქმნა, სპექტაკლში ნათლად იკვეთება ყოველდღიური პრობლემები და ბრბოსა და ინდივიდუალურობას შორის მუდმივი ჭიდილი, რომელიც მსახიობებს შესანიშნავად აქვთ გადმოცემული. გათავისებული როლები და პიესის სიღრმე კი მაყურებელს კიდევ ერთხელ დააფიქრებს დღევანდელობაში არსებულ პრობლემებზე, ცხოველად ქცეული ადამიანის სახეზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში უხვად გვხვდება.

„თეატრის განვითარების ფონდისა“ და „სოხუმის დრამატული თეატრის“ ერთობლივი სპექტაკლის, „მარტორქები“ პრემიერა, სოხუმის თეატრში 24 ივნისს გაიმართება და მაყურებელს მისი ნახვა 25, 29, 30 ივნისს და 1- 2 ივლისსაც შეეძლებათ. სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბის მომჩივანი თანახმაა, გადაიხადოს 350 ათასი დოლარი, რომელიც მომღერალმა მისი სარჩელის გამო ადვოკატებზე დახარჯა

შემდეგი სტატია

Imagine Dragons, Thunder

Imagine Dragons-ის სიმღერამ Thunder – YouTube-ზე ორ მილიარდ ნახვას მიაღწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი
ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა.”
მეტი
სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი