გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას აწარმოებენ მას შემდეგ, რაც ინდუსტრიულ მეტალ ბენდ Rammstein-ის სოლისტი არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში.
„წინასწარი ოქმები შედგა ტილ ლინდემანის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და ნარკოტიკების გასაღების საქმეებზე,” – განაცხადა ბერლინის პროკურატურამ.
გამოძიება მუსიკოსის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების ონლაინ ტალღას მოჰყვა. ერთ-ერთი ქალი კი ამტკიცებს, რომ ლინდემანმა მას კულისებში ნარკოტიკებიც მისცა.
თავად ლინდემანი ბრალდებებს უარყოფს. 60 წლის მუსიკოსის ადვოკატები აღნიშნულ ბრალდებებს „გამონაკლისის გარეშე ტყუილს” უწოდებენ.
როცა თვის დასაწყისში მუსიკოსის დადანაშაულების ტალღა დაიწყო, ბენდის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც გმობდნენ ყველანაირი ტიპის ძალადობას და ამბობდნენ, რომ ბენდის ფანები თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, როგორც სცენის წინ ასევე მის მიღმა. ამასთანავე, ბენდი ფანებს სთხოვდა, რომ წინასწარ ნუ განსჯიდნენ მათ.
ქალაქის პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე საჩივრის შემდეგ დაიწყეს, რომლებიც შესულია მესამე პირებისგან და არ მოიცავს უშუალოდ საქმეში ჩართულ ადამიანებს.
შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ბენდის ბერლინში დაგეგმილი კონცერტების შემდგომი ყველა წვეულება გაუქმდა. Rammstein-ის ევროპული ტურნე კი ამჟამად შვეიცარიაში გრძელდება.