ბიონსეს სადებიუტო სოლო ალბომს, სახელწოდებით Dangerously in Love 2023 წლის ივნისში 20 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ალბომის ყდაზე გამოყენებული ფოტოს ავტორმა, მარკუს კლინკომ გადაღებებთან დაკავშირებით აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა.
ჟურნალ Insider-თან საუბრისას კლინკომ გაიხსენა დრო, როცა ბიონსეს პირველად შეხვდა. ფოტოგრაფის თქმით, ეს იყო 2000 წელს, როცა ბიონსე Destiny’s Child-ის წევრი იყო და ჟურნალ Vibe-ის სტატიისათვის ჯგუფის გადასაღებად მივიდა. „წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ იქამდე, სანამ Vibe-მა არ დამიქირავა.“ -აღნიშნა მარკუს კლინკომ. „მისი (ბიონსეს) დედა გადაღების სტილისტი იყო. მახსოვს ბიონსეზე ვთქვი – „ის დიდი ვარსკვლავი იქნება, დიდი ქარიზმა აქვს“. დედამისი კი დამეთანხმა და მიპასუხა – „ვიცით“.
ალბომისათვის Dangerously in Love ბიონსემ კვლავ მარკუს კლინკო დაიქირავა. ვარსკვლავზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლეტიცია კასტას ფოტომ, რომელიც ფოტოგრაფმა რეკლამისათვის გადაიღო. „მან თქვა, რომ ძალიან მოეწონა ეს ფოტო და სურდა ალბომის ყდისათვის რაიმე მსგავსი გადაგვეღო. თავდაპირველად არ ვიცოდი ამ ფოტოს ინტერპრეტაციას რა გზით შევძლებდი“ – აღნიშნა Insider-თან ინტერვიუში კლინკომ.
ბიონსეს დედამ, ტინა ნოულსმა გადაღებაზე ბრილიანტის თვლების იმიტაციით შექმნილი ზედატანი მოიტანა. „Ბიონსეს თავიდან ეს იდეა არ მოეწონა. დედამისს სურდა, მომღერალს ტოპი გრძელ ქვედაბოლოსთან ერთად ჩაეცვა. ბიონსემ კი თქვა, რომ ეს გამოსაშვები საღამოს ლუქს დაემსგავსებოდა და არ სურდა“
ამის შემდეგ კლინკომ ჯინსის ჩაცმა შესთავაზა, რაზეც ბიონსემ უპასუხა, რომ გადაღებაზე არ ჰქონდათ წამოღებული. „შეგიძლია ის ჯინსი მოირგო, რომელიც ახლა მაცვია“ – უთხრა ფოტოგრაფმა, რაზეც ვარსკვლავი დასთანხმდა.
ასე დაიბადა ალბომის Dangerously in Love ყდა. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ბიონსემ ამ გადაღებებისათვის ბევრი იშრომა. კლინკომ ასევე გაამხილა, რომ პოზირებისას მკლავების მაღლა აწევა თავად არტისტის იდეა იყო და საბოლოო კადრად, სწორედ ეს მომენტი შეირჩა.