Georgian Dance Empire – მუსიკა, რომელიც 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული ხელოვნების ხმად იქცა

Georgian Dance Empire-ის სიმღერები სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში 30 წლის წინ, 1993 წელს ჩაიწერა.

ახლახან Georgian Dance Empire-ის ჩანაწერები ფირფიტის მცირე ტირაჟით გამოიცა. ვინილი ლეიბლის, სახელწოდებით „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ინიციატივის ფარგლებში გამოვიდა და ის ბენდის დაახლოებით 30 წლის წინანდელ ჩანაწერებს აერთიანებს.

Georgian Dance Empire ერთ-ერთი ის მუსიკალური პროექტია, რომელიც ქართული დამოუკიდებელი ალტერნატიული მუსიკის საწყისებთან არის დაკავშირებული. ეს არის ბენდი, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ტექსტებით და შემადგენლობით გამოირჩევა. Georgian Dance Empire დადა დადიანმა 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა. ამ დროს არტისტი უკვე წამოსული იყო როგორც „ტაქსიდან“, ასევე „საბავშვო მედიცინიდან“ და ახალ ექსპერიმენტულ პროექტზე ფიქრობდა. დადიანმა ჯგუფში სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი მიიწვია და ასე დაიწყო Georgian Dance Empire-ის ისტორია. 

Georgian Dance Empire-ის შემოქმედების უმეტესი ნაწილი – 6 სიმღერა – სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში 30 წლის წინ, 1993 წელს ჩაიწერა. როგორც „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებლები, ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი ამბობენ, Georgian Dance Empire-ის განსაკუთრებული მნიშვნელობა არამხოლოდ იმ დრომ განსაზღვრა, როდესაც ეს პროექტი შეიქმნა, არამედ ჟანრობრივი ელემენტების უნიკალურმა სინთეზმაც. ბენდის ნამუშევრების ჟღერადობა როკის, ქართული ფოლკის, ელექტრონიკის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებსაც კი შეიცავს, რომელიც მსმენელს დამახასიათებელი ჟღერადობის რეჩიტატივის სახით ესმის. 

Georgian Dance Empire-ის ფირფიტის პრეზენტაციას „Billboard საქართველოც“ ესწრებოდა. როგორც ჯგუფის წევრი, სერგი გვარჯალაძე აღნიშნავს, 30 წლის შემდეგ ამ ჩანაწერის გამოცემა იმის მანიშნებელია, რომ ეს მუსიკა დღემდე აქტუალური და მსმენელისათვის ღირებულია. 

სერგი გვარჯალაძე

სერგი გვარჯალაძე:

„მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ეს მუსიკა დღესაც ასეთი ინტერესით სარგებლობს  და ვფიქრობ, მას თანამედროვე ხმოვანება აქვს. პირადად ჩემთვის, როგორც მუსიკოსისათვის, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემი მონაწილეობით შექმნილი მუსიკალური ნამუშევრები ვინილზე პირველად გამოიცა, ამ დრომდე ეს გამოცდილება არ მქონია.“

როდესაც Georgian Dance Empire-ის შემადგენლობის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბენდი ე.წ. სუპერჯგუფის სტატუსს ატარებდა, რადგან მასში იმ დროინდელი ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენის უკვე გამოცდილი და მსმენელისათვის ცნობილი არტისტები გაერთიანდნენ. 

სერგი გვარჯალაძე:

„90-იანი წლები იყო, ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში არეულობა იყო. პატარა სტუდიაში ვიკრიბებოდით პერიოდულად – ძირითადად ერთმანეთის სანახავად და მოსასმენად. სწორედ ამ დროს დადასგან ძალიან სპონტანურად გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა და ჩვენც ავყევით. რაც შეეხება ქართულ მუსიკაზე Georgian Dance Empire-ის გავლენას, აღმოჩნდა, რომ უამრავი მუსიკოსი ჩვენს ძველ ჩანაწერებს უსმენდა და ბენდის შემოქმედებას იცნობდა. მახსოვს, Kung Fu Junkie-ის წევრები მეუბნებოდნენ, რომ პერიოდულად უსმენდნენ Georgian Dance Empire-ს.“

90-იან წლებში, მაშინ როცა მუსიკალური სფერო, როგორც ინდუსტრია, არ არსებობდა, კომპოზიციები არტისტების სახლებში გაკეთებულ სტუდიებში იწერებოდა. ამ პერიოდის ნამუშევრების შეფასებისას, მუსიკალური ჟურნალისტებისაგან გვესმის მოსაზრება, რომ სწორედ ინდუსტრიის არარსებობის პირობებში შექმნილი მუსიკალური ხელოვნება ძალიან გულწრფელი იყო. ის გადმოსცემდა არამხოლოდ არტისტების ინდივიდუალურ სათქმელს, არამედ თაობის ხმაც იყო. Georgian Dance Empire-ის წევრი ბიბი კვაჭაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იმდროინდელი მუსიკალური პროექტები და მათ შორის Georgian Dance Empire არტისტებისათვის გარემოსაგან თავდაცვის და გადარჩენის მცდელობა იყო. 

ბიბი კვაჭაძე: 

„ეს გამოცემა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ახდენილი ოცნების ნაწილია. საკმაოდ სიურრეალისტური სურათია – წარმოიდგინეთ, 1993 წელია, საქართველოში სიბნელეა, ხალხი ავტომატებით დარბის. ამ დროს ოთხი გიჟი სტუდიაშია ჩაკეტილი და მუსიკას წერს. ამავდროულად ეს გართობა და საკუთარი თავის ძიებაც იყო. ტექსტს თუ მოუსმენთ, ნახავთ, რომ გულისტკივილიც ბევრია. ერთ-ერთი სიმღერაა Georgian Wrestling და იქ ასეთი სიტყვებია: „Hospitality is all I have“ – „მხოლოდ სტუმართმოყვარეობა დამრჩა“ იმიტომ, რომ ქვეყანა დანგრეული იყო. ეს მუსიკა ისტორიის ნაწილიც არის, ჩვენი ნაწილიც არის და ამიტომ ვფიქრობ – ღირებულია.“ 

Georgian Dance Empire-ის ვინილი  „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ მეოთხე გამოცემაა. სხვადასხვა მუსიკალური პროექტის ჩანაწერებს ლეიბლი ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს. პირველი გამოცემა, რომელიც „ქართული მუსიკალური მემკვიდრობის“ ლეიბლმა წარადგინა, Mother On Monday-ის Friends იყო. ამის შემდეგ გამოვიდა „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტა, ხოლო მესამე გამოცემის ფარგლებში ლეიბლმა Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Lemonjuice გამოუშვა.

როგორც ჯაბა შავიშვილი ლეიბლის კონცეფციის და  კონკრეტულად ამ გამოცემის შესახებ საუბრისას ამბობს, პGeorgian Dance Empire უკვე ისტორიის საკუთრებაა, რომელიც გასაცნობად ახალ მსმენელს ელოდება და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ თავისი იდეით სწორედ ჩანაწერების  აწმყოში გაცოცხლებას ცდილობს.

მოუსმინეთ Georgian Dance Empire-ის ჩანაწერს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ბატისტი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

Mono Hall-მა თბილისის სეზონი Chet Faker-ის Dj სეტით დახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი