ტვიტერის მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებისთვის პოსტების ნახვის დღიური რაოდენობა შეიზღუდა. როგორც მასკმა ახსნა, ეს ცვლილება პოტენციურად ღირებული მონაცემებით და სისტემით მანიპულაციის პრევენციას ემსახურება.
ტვიტერის პლატფორმა ამიერიდან ე.წ. ტვიტებისა და პროფილების სანახავად მომხმარებლებისაგან სისტემაში შესვლას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ენახა პლატფორმაზე გავრცელებული პოსტები და პროფილები მაშინაც კი, თუ უბრალოდ ტვიტერის ვებ-გვერდს სტუმრობდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მომხმარებლები შესაძლოა ტვიტერიდან ერთი დღით დაიბლოკონ, თუ ისინი დაწესებული რაოდენობის პოსტზე მეტს იხილავენ. ამ დროისათვის სოციალური ქსელის მომხმარევლები უკვე გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ქსელში შესვლას ვერ ახერხებენ.
მასკის განცხადებით, არავერიფიცირებული მომხმარებლები დღეში 600 პოსტს, ვერიფიცირებული მომხმარებლები კი 6000 პოსტს იხილავენ.