ნევადას შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა, რომელიც თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმესთან არის კავშირში. ცნობილი ამერიკელი რეპერის გარდაცვალებიდან დაახლოებით 30 წელი გავიდა – საკულტო ჰიპ-ჰოპ არტისტი 1996 წლის 7 სექტემბერს ლას ვეგასში მოკლეს. მას მიმავალი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. ამ დროს თუფაქ შაკური 25 წლის იყო.
ლას ვეგასის პოლიციის განცხადებით, ჩხრეკა ორშაბათს, ქალაქ ჰენდერსონის მიმდებარედ ჩატარდა. პოლიციის შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლის, ეიდენ ოკემპოგომესის თქმით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.
თუფაქ შაკური მსოფლიო ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. ის ექვსჯერ იყო „გრემიზე“ ნომინირებული და მისი ხუთი ალბომი მუსიკალურ რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებდა. თუფაქ შაკური არაერთი ჰიპ-ჰოპ ჰიტის ავტორია, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში არ დაკარგა აქტუალობა.
2017 წელს რეპერს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ ცერემონიაზე პატივიო მიაგეს მიაგეს პატივი და საპატიო სიაში შეიყვანეს. ამავე წელს მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
Თუფაქ შაკურის მუსიკალური კარიერა მხოლოდ ხუთი წელი გრძელდებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტებში მისი 21 ჰიტი მოხვდა.
Luminate-ის ინფორმაციით თუფაქმა ალბომის 33 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. რეპერის აუდიო და ვიდეო სტრიმების რაოდენობამ კი საერთო ჯამში 10.1 მილიარდი შეადგინა.
თუფაქ შაკურის გარდაცვალების შემდეგ რეპერს სოლო გამოფენით არაერთხელ მიაგეს პატივი. მათ შორის არის ცნობილი გამოფენა, სახელწოდებით Tupac Shakur. Wake Me When I’m Free, რომელიც 2021 წელს გაიხსნა.