წინანდლის ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ცოტნე ზედგინიძე და ნობუიუკი ცუჯი წარდგებიან

2022 წელს, ცოტნე ზედგინიძემ „ვერბიეს ფესტივალზე“ სოლო კონცერტი გამართა, რომელიც Medici TV-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ცოტნე ზედგენიძე, ნობუიუკი ცუჯი.
ცოტნე ზედგენიძე, ნობუიუკი ცუჯი.

31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ მეხუთე საიუბილეო სეზონს წარადგენს. თერთმეტი საფესტივალო დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკა განსაკუთრებულ ატმოსფეროს კიდევ ერთხელ შექმნის და მსმენელი სცენაზე არაერთ ქართველ, თუ საერთაშორისო ხელოვანს იხილავს. 

ფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, რომლის გამორჩეული მუსიკალური ნიჭი, მიღწევები და შემოქმედებითი მოღვაწეობა თანაბრად აღაფრთოვანებს როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო აუდიტორიას. პიანისტი წინანდლის ფესტივალზე პირველ სექტემბერს წარდგება.

ცოტნე ზედგინიძე დიდი მუსიკალური ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა. მისი დიდი ბაბუა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი იყო. ცოტნე კლასიკურ მუსიკას შემოქმედებითად ადრეული ასაკიდანვე დაუკავშირდა. ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო, როცა ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა დაიწყო,  ექვსი წლის ასაკში კი მას იმპროვიზება და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა შეეძლო. ცოტნე ზედგინიძე თვითნასწავლ კომპოზიტორად ჩამოყალიბდა, რომლის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ექსპერიმენტებს და ამ გზით მუსიკაში საკუთარი ენის და ახალი ტექნიკის აღმოჩენას.

2019 წელს, ცოტნე ზედგინიძე თბილისში პირველი სოლო კონცერტი გამართა, რასაც ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებზე მონაწილეობა მოჰყვა, როგორებიცაა „თელავის საერთაშორისო ფესტივალი“, „წინანდლის ფესტივალი“, საერთაშორისო ფესტივალების ArtDialog-ის და Audi-ის ზაფხულის კონცერტები. ცოტნე ზედგინიძე მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 2022 წელს მოხდა, „ვერბიეს ფესტივალზე“ გამართული სოლო კონცერტი, რამაც ახალგაზრდა პიანისტისაკენ კლასიკური მუსიკალური სამყაროს ყურადღება მიაპყრო. კონცერტი  Medici TV-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 „ვერბიეს ფესტივალის“ ფარგლებში Medici TV-მ ასევე გადაიღო ცოტნეს საუბრები ცნობილ მევიოლინე მარკ ბუშკოვთან და მსმენელს ხუთ ვიდეო ეპიზოდად წარუდგინა. 2022-23 წლების საკონცერტო სეზონის ფარგლებში ცოტნემ პარიზში, ტელეარხ Mezzo-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე დაუკრა.

2021 წლიდან, ცოტნე ზედგინიძე ლიზა ბათიაშვილის ფონდის ბენეფიციარია. ფონდის დახმარებით ცოტნე მონაწილეობას იღებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ კონცერტებში. იგი ასევე მასტერკლასებს ატარებს.

ცოტნე ზედგინიძე როგორც ხელოვანი, კლასიკური მუსიკის სფეროს  არაერთმა სახელგანთქმულმა პროფესიონალმა აღიარა. კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ცოტნეს მოსმენის შემდეგ თქვა: „ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან“. ელისო ვირსალაძემ კი ცოტნე შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: „მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შემხვედრია ისეთი მოვლენა, როგორიც ეს ბავშვია“. ცოტნეს ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ცნობილმა პიანისტმა გრიგორი სოკოლოვმა აღნიშნა, რომ „ცოტნეს მუსიკის მონუმენტურობა ახლოს დგას ბახის და ბრამსის მუსიკასთან“.

წინანდლის ფესტივალის პროგრამის გამორჩეული მონაწილეა პიანისტი ნობუიუკი ცუჯი, რომელიც მსმენელის წინაშე ასევე პირველ სექტემბერს წარდგება. 

მედიაგამოცემა The Observer  ნობუიუკი ცუჯის „ვირტუოზობის სიმბოლოდ“ მოიხსენიებს. იაპონელი პიანისტი თანამედროვე კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ხელოვანია. მას არაერთი ვრცელი სტატია, რეპორტაჟი და დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა. ნობუიუკი ცუჯი (ნობუ) დაბადებიდან უსინათლოა. 2009 წელს ვან კლაიბერნის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე ოქროს მედალი მოიგო. მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა საკუთარმა ისტორიამ, იშვიათმა ნიჭმა და შესრულების მანერამ – იმ დიდმა ვნებამ და ემოციებმა, რომელსაც იგი მუსიკის შესრულებაში დებს. ნობუ კონცერტებით მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან გამოდის, მათ შორისაა მარიას თეატრის, ფილარმონიის, BBC ფილარმონიული, NHK სიმფონიური, იომიური ნიპონის სიმფონიური, ტოკიოს სიმფონიური, იაპონიის ფილარმონიული, სიეტლის, ბალტიმორისა და ბაზელის სიმფონიური ორკესტრები.  ნობუ სოლო კონცერტებით ეწვია ისეთ პრესტიჟულ დარბაზებს, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლის სტერნ-აუდიტორიუმი, პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლონდონის ვიგმორ-ჰოლი და სამეფო ალბერტ-ჰოლი, ბერლინის ფილარმონია და ვენის მუზიკფერაინი. 2022-23 წლების სეზონში ნობუ კონცერტებით ეწვია კარნეგი-ჰოლს, ლონდონის დედოფალ ელისაბედის ჰოლს, ბირმინგემის საკონცერტო დარბაზსა და ლივერპულის ფილარმონიას. მან სოლისტის ამპლუაში დაუკრა ლივერპულის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან დომინგო ჰინდოიანის დირიჟორობით, სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით, სიეტლის სიმფონიურ ორკესტრთან იზი როზენის ხელმძღვანელობით, ასევე სარასოტას და ბილბაოს სიმფონიურ ორკესტრებთან, რასაც დაემატა არაერთი კონცერტი მშობლიურ იაპონიაში.  

ნობუიუკი ცუჯი ის პიანისტია, რომელიც კრიტიკოსებისა და კლასიკური მუსიკის მიმომხილველების ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს. 

პირველ სექტემბერს, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს, ცოტნე ზედგინიძე და ნობუიუკი ცუჯი – ვუნდერკინდად აღიარებული ორი ახალგაზრდა პიანისტი აუდიტორიის წინაშე დამოუკიდებელი კონცერტებით წარდგებიან. ცოტნე ზედგინიძე შეასრულებს როგორც თავის საავტორო მუსიკალურ ნამუშევრებს, ასევე შუბერტისა და რაველის ნაწარმოებებს. ნობუიუკი ცუჯი კი, ბეთჰოვენის, გრიგის და ლისტის ნაწარმოებებს დაუკრავს. 

წინანდლის ფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა მესამე ალბომისთვის ახალ ჟღერადობაზე მუშაობს

შემდეგი სტატია

The Killers

The Killers – XXI საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი და წარმატებული როკ-ბენდი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი