4D MONSTER LOBSTERS-ის ისტორია 2019 წლიდან იწყება, როცა ბენდი Tbilisi Open Air-ის კონკურსის Newcomers-ის გამარჯვებული გახდა. ამ დროის განმავლობაში 4D MONSTER LOBSTERS-მა ერთგული მსმენელი შეიძინა და იმ ბენდად ჩამოყალიბდა, რომელიც თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენას განსაზღვრავს. 4D MONSTER LOBSTERS-ის მუსიკაში ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიება და იუმორი იგრძნობა, ლაივები კი, აუდიტორიასა და ბენდს შორის სიახლოვით გამოირჩევა.
4D MONSTER LOBSTERS-ს ამ დროისათვის ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული: Solitary Days of Alien Abduction (2020) და ERTOBA & GARTOBA(2021). ბენდი ამჟამად სამი წევრისაგან შედგება – ბექა თევდორაშვილი (ფრონტმენი), სანდრო ფაილოძე (ბას გიტარა, ბექვოკალი), გიგი სარჯველაძე (გიტარა).
4D MONSTER LOBSTERS თავდაპირველად ორი წევრისაგან შედგებოდა და სახელიც LOBSTER 22 ერქვა. სახელწოდება იორგოს ლანთიმოსის ფილმის, The Lobster-ით იყო ინსპირირებული. როგორც ბექა თევდორაშვილი ამბობს, ახალ სახელზე ფიქრისას, ერთხელაც გადაწყვიტა ცუდი სახელწოდება აერჩია და ბენდს – 4D MONSTER LOBSTERS დაარქვა. ასე იქცა მუსიკალური კოლექტივი „ლობსტერებად“ – როგორც დღეს მსმენელი მოიხსენიებს.
თუკი ბენდის პროფილს სხვადასხვა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზე მოინახულებთ, 4D MONSTER LOBSTERS ჟანრობრივად ფსიქოდელიურ ელექტრო პოპად არის განსაზღვრული. თუმცა, რეალობაში ბენდის ჟღერადობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია, რომელიმე მიმდინარეობას მიაკუთვნო. განსხვავებული ჟანრობრივი ელემენტების სინთეზით შესაძლოა ვთქვათ, რომ 4D MONSTER LOBSTERS-ის ტრეკები საკმაოდ ეგზოტიკურ ხასიათსაც ატარებს.
ბექა თევდორაშვილი:
„თანამედროვე მუსიკაში მრავალფეროვნება ბუნებრივია. დღეს, როდესაც მუსიკა გაციფრულდა, მსმენელს და თავად მუსიკოსს უფრო მეტ ჟანრზე მიუწვდება ხელი. შეგიძლია ყველაფერს მოუსმინო და შესაბამისად, მუსიკალური გავლენებიც მრავალფეროვანი ხდება. ჩვენთვის, როგორც არტისტებისათვის, ყველა ჟანრი საინტერესოა – კლასიკაც, ელექტრონული მუსიკაც და ასე შემდეგ. საბოლოოდ ეს ყველაფერი კვალს ტოვებს, მუსიკის შექმნის დროს თავის ფორმას იძენს და საბოლოო შედეგიც მრავალფეროვანი გამოდის.“
თუკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მუსიკალური სცენის აქტუალური ბენდები საკუთარ სახასიათო ნიშას იკავებენ, 4D MONSTER LOBSTERS-ის შემთხვევაში ეს განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელი მუსიკალური ლაივებია. იშვიათად ნახავთ იმდენად აქტიურ აუდიტორიას, როგორიც 4D MONSTER LOBSTERS-ის კონცერტზე შეგხვდებათ. ეს არის მსმენელი, რომელიც ზუსტად იცნობს ბენდის ხასიათს და თითოეული ტრეკი მისთვის ახლობელია.
გიგი სარჯველაძე:
„4D MONSTER LOBSTERS-ში ყველაზე განსაკუთრებული დეტალი ის არის, რომ ლაივ ბენდი ვართ და არა სტუდიური. მთელი ენერგია ზუსტად ლაივიდან მოდის, მუსიკის შექმნის პროცესშიც ეს არის მოტივაცია. სწორედ აუდიტორიის წინაშე ცოცხლად დაკვრაა ის მომენტი, რაც გაგრძნობინებს, რომ რასაც ქმნი, ღირებულია. ვფიქრობ, საუკეთესო მსმენელი გვყავს, რომელიც დიდ ერთგულებას იჩენს. ზუსტად ამის გამოა, რომ კონცერტები ყოველთვის ასეთი ენერგიულია, ჩვენ და მსმენელი ერთად ბოლომდე ვერთობით. იმ ემოციას, რასაც აუდიტორია გვაძლევს, ბევრ ლაივზე ვერ შეხვდებით.“
სანდრო ფაილოძე:
„პერიოდი ყოფილა, როცა მოკლე დროში მიყოლებით სამი ლაივი გვქონია და შემიმჩნევია რამდენიმე ადამიანი, რომელიც ყველა საღამოს ესწრება. ეს არის მსმენელის მხრიდან დიდი ერთგულება და მუსიკოსისათვის ამაზე სასიამოვნო არაფერია.“
ბექა:
“მაგარი გრძნობაა, როცა სახლში მოწყობილ სტუდიაში მუსიკას წერ, შემდეგ ამას აუდიტორიასთან აზიარებ და ხედავ ხალხი როგორ აგყვება, როგორ მღერის, როგორ ერთობა. გაზიარების მომენტი ყველაზე განსაკუთრებულია – როცა ხედავ, რომ მსმენელმა ის ნიუანსი დაიჭირა, რაზეც ტრეკის დაწერისას იფიქრე და რაშიც დიდი შრომა ჩადე.“
4D MONSTER LOBSTERS თანამედროვე აუდიტორიისათვის რელევანტურ მუსიკას ქმნის. ეს არ არის მუსიკა, რომლის თვითმიზანი რაიმე პოლიტიკური, თუ სოციალური განაცხადის გაკეთება, ან პროტესტის გამოხატვაა, თუმცა ტრეკები რეალობას და იმ გარემოს ბუნებრივად ეხება რაშიც მსმენელი ცხოვრობს.
სანდრო:
„ზოგიერთი ბენდისთვის მუსიკა იარაღია, პროტესტის გამოხატვის ფორმა, გარკვეული განაცხადის გაკეთება, ვიღაცისთვის კი მუსიკა შემოქმედებაა – ხელოვნება, რომლითაც საზრდოობს.“
ბექა:
„ხელოვნების ნებისმიერი ფორმის სოციალურ-პოლიტიკური ნიშნით დატვირთვა და ასე პოზიციონირება ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ ეს თვითმიზანი არ არის. მიუხედავად ამისა, როდესაც მუსიკას ქმნი, ტექსტის წერისას ფიქრობ და ნაფიქრს გადმოსცემ, რა გარემოშიც ცხოვრობ, ეს აუცილებლად აისახება.“
გიგი:
„მუსიკოსისათვის და ზოგადად ხელოვანისათვის სოციალური განათლება მნიშვნელოვანია. ჩვენ და ჩვენი მსმენელი ერთი სივრცის ნაწილი ვართ და ერთნაირი ცხოვრების სტილი გვაქვს. სწორედ ეს არის, რაც არტისტის ეხმარება თავისი შემოქმედებით რელევანტური იყოს და შესაბამისად მსმენელისათვის ღირებული და შინაარსიანი მუსიკა შექმნას.“
ამჟამად 4D MONSTER LOBSTERS ახალ ალბომზე მუშაობს. მისი გამოსვლის დრო და სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბენდის წევრებმა „Billboard საქართველოსთან“ ინტერვიუში მის კონცეფციასა და იდეაზე ისაუბრეს.
ბექა:
„კონცეფცია უკვე ჩამოყალიბებულია. ზოგადად ტრეკის კეთება ძალიან კომფორტულია, როცა არსად გეჩქარება და სამუშაო დროში შეზღუდული არ ხარ. ეს შედეგსაც ეტყობა. ალბომის გამოშვების ზუსტი დრო ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ტრეკების ძირითადი ნაწილი და საერთო კონცეფცია არსებობს.“ 4D MONSTER LOBSTERS-ის ახალი ალბომი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთგვარი სამოგზაურო გზამკვლევი იქნება – ეგზოტიკური ადგილების გიდი. ალბომის პირველი სინგლი „კრეტა“ უკვე გამოვეცით. ყველა კომპოზიციას იმ ადგილის სახელი ერქმევა, რომლის სივრცეში მოგზაურობასაც ტრეკის შინაარსი ეხება. ეს იდეა არამხოლოდ ტექსტში, არამედ ჟანრობრივ ჟღერადობაშიც აისახება. ვფიქრობთ, საუკეთესო ალბომი იქნება, რაც ამ დრომდე გამოგვიცია.“
მოუსმინეთ 4D MONSTER LOBSTERS -ის სიმღერას სახელწოდებით KRETA: