ლიზა ყენიას ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. მომღერალი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის ახალ ეტაპზეა, რომლის ფარგლებში მსმენელის წინაშე ახალი სასცენო სახელით – Elizabeth Frisky წარდგა. არტისტი მუსიკალურ ალბომზე მუშაობს და მის გამოცემამდე, პერიოდულად ცალკეულ სინგლებს უშვებს. ამჯერად Elizabeth Frisky-მ კიდევ ერთი ახალი ტრეკი სახელწოდებით Keep Burning წარადგინა.
„ამჟამად ჩემს პირველ მუსიკალურ ალბომზე ვმუშაობ. თითოეულ ნაწარმოებს ალბომიდან ცალ-ცალკე ვუშვებ და GMI Rights Management-ის დახმარებით ისინი ქვეყნდება ისეთ მუსიკალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Spotify, Itunes, Youtube და ასე შემდეგ. მუსიკალური პროდიუსერი ანზორ ფილიაა – ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს. ჩემი მეგობარია და ვერასოდეს ავხსნი, რამხელა შრომას დებს ამ პროცესში, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. მასტერინგი ძირითადად ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და გემოვნებიანი მუსიკოსია.“
როგორც მომღერალი ამბობს, ალბომი ჟანრობრივად მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებს, როგორიც არის ჰიპ ჰოპი, R&B , Funk და ასე შემდეგ. დაანონსებული ალბომის პირველი სინგლი, რომელიც Elizabeth Frisky-მ გაავრცელა, არის Lavender.
მომღერლის თქმით, ცდილობს, ალბომის თითოეული სიმღერით ისეთ საკითხებს შეეხოს, რაც ძირითადად მის გარშემო მომხდარს, ბავშვობას, პერსონალურ ისტორიებს და ტკივილს უკავშირდება, თუმცა ამასთანავე სურს, რომ ყველა სიმღერის ბოლოს მსმენელში იმედმა გაიღვიძოს.
„Lavender სიყვარულზეა და ვფიქრობ, კეთილი და დადებითი ენერგიები აქვს. მასზე მუსიკალური ვიდეო არ გადამიღია. Keep Burning მეორე დარელიზებული სიმღერაა, რომელიც ასევე კლიპის გარეშეა. მუსიკალური ვიდეო ძალიან მნიშვნელოვანია სიმღერის მსმენელისთვის უკეთესად გასაცნობად და აღსაქმელად, თუმცა მიხარია, რომ ამის მიუხედავად, ტრეკი მსმენელის ყურადღების მიღმა არ დარჩა. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო ფაქტიც მოხდა და ევროვიზიის ოფიციალურმა საიტმა სიმღერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მინდა Keep Burning ადამიანებში სიმშვიდეს და იმედს აღვივებდეს, სიმღერას სიუჟეტური ტექსტი და იდეა არ აქვს, თუმცა ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა და როგორც აღმოჩნდა – მსმენელისთვისაც“- ამბობს Billboard საქართველოსთან საუბრისას მუსიკოსი.
„მე თვითონ ძალიან ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველა სირთულის ბოლოს სინათლეა. ვცდილობ, ეს ყველა სიმღერაში სწორად გადმოვცე.“
როგორც ლიზა ყენია ამბობს, ამერიკამ და ამერიკულმა კულტურამ, ცხოვრების წესმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა – „ამერიკა გამოწვევების, შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც სწავლობ შრომას, თვითგადარჩენას, აწყდები კონკურენციას და იღებ გადაწყვეტილებას, იყო საუკეთესო და მუდამ იბრძოლო, ან მშვიდ დინებას გაჰყვე.
„საქართველოში საოცნებო ცხოვრება დავტოვე – კარიერა, ოჯახი, მეგობრები. დავტოვე ყველაფერი ის, რაზეც მიოცნებია. თუმცა ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მეტი ვისწავლო, მეტი შევქმნა და ერთ ნაჭუჭში, კომფორტის ზონაში არ ვიყო. ხანდახან რაც გაქვს, ყველაფერს ხელი უნდა გაუშვა, რომ ახალი და უკეთესი მიიღო. ვფიქრობ, ადამიანი სულ უნდა იზრდებოდეს და ერთ ადგილას არასოდეს ჩერდებოდეს.“
როგორც ლიზა ამბობს, სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა აპირებს, რომ თავისი კარიერა განავითაროს.
„მინდა არასოდეს გავჩერდე – ვწერო და ვიმღერო დაუსრულებლად , რადგან ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს ისევე, როგორც ჩემი მსმენელი.“