16 სექტემბერს, ბრიტანულმა მედია საშუალებებმა კომიკოს და ინფლუენსერ რასელ ბრანდის შესახებ სექსუალურ ბრალდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ოთხი ქალის ბრალდების საფუძველზე მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.
რასელ ბრანდმა ბრალდებები უარყო და დასძინა, რომ ყველა კონტაქტს წინ ურთიერთშეთანხმება უძღოდა.
გამოცემების თანახმად ბრალდებულთაგან ერთი ქალი ამტკიცებდა, რომ იგი გააუპატიურეს, სამი ქალი კი რასელ ბრანდს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მათგან ერთ-ერთმა თქვა, რომ რასელმა მასზე როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურადაც იძალადა.
ამის საპასუხოდ რასელ ბრანდმა Youtube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი ბრალდებებს უარყოფს. ტელევიზიის და ბეჭდური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „შემაშფოთებელს“ უწოდებს და „მეინსტრიმულ მედიად“ მოიხსენიებს.
„გასაოცარია ეს თავდასხმა და ბრალდებები რაც მე მივიღე. ეს ბრალდებები იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა მე პოპულარობის ზენიტში ვიყავი, ხშირად წერდნენ ჩემზე გაზეთებში და მიღებდნენ ფილმებში. არ უარვყოფ, რომ საკმაოდ უხამსი ვიყავი, თუმცა ყველა ურთიერთობა რაც კი მქონია შეთანხმების საფუძველს ემყარებოდა. ამ თემებთან დაკავშირებით მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ და ახლაც ღიად ვისაუბრებ.“ – განაცხადა რასელ ბრანდმა.
რასელ ბრანდის ვარაუდით, მისი შეხედულებების გამო, იგი კოორდინირებული თავდასხმის მსხვერპლია და გარკვეული ჯგუფი მის დისკრედიტაციას ცდილობს. რასელი COVID-19-ის ვაქცინის მიმართ სკეპტიკური შეხედულების გამოც გააკრიტიკეს.
რასელ ბრანდმა, როგორც სტენდაფერმა პოპულარობა 2000-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა. მოგვიანებით იგი Channel 4-ზე და BBC რადიოში მიიწვიეს, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
2008 წელს, რასელ ბრანდმა ჰოლივუდის ფილმ Forgetting Sarah Marshall-ში ითამაშა, 2011 წელს კი ფილმ Arthur-ის რიმეიქში. 2010-2012 წელს, იგი ამერიკელ პოპ-ვარსკვლავზე კეტი პერიზე იყო დაქორწინებული.
ბოლო წლების განმავლობაში რასელ ბრანდი პოლიტიკურ მოვლენებზე ამახვილებდა ყურადღებას და YouTube არხზე აქტიურად აქვეყნებდა ვიდეოებს პირად თავისუფლებაზე, COVID-19-ზე და სხვა აქტუალურ თემებზე.